ოთარ თუშიშვილი არ ნებდება

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, გორელი ფალავანი ოთარ თუშიშვილი, მთელი სეზონია არენაზე არ გამოჩენილა.

ხშირი ტრავმების გამო მისი კარიერაში მსგავსი ვითარება ადრეც შექმნილა, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე (იგი ახლა 33 წლისაა), ოთარის ამჟამინდელი უქმობა ბევრმა უკვე კარიერის დასასრულად მიიჩნია. ქართული მედიაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ულიცენზიოდ დარჩენილ 66 კგ-ზე ყურადღების გამახვილებისას თუშიშვილს აღარც ახსენებს, თუმცა თვიავად სპორტსმენი სხვაგვარად ფიქრობს.

"ტრავმების პრობლემა სულ თან მდევს, მაგრამ ასე იოლად რომ დავნებებულიყავი, დღეს ჩემი ტიტულები არ მექნებოდა. ამჟამად ტკივილი თითქმის აღარ
მაწუხებს და ვფიქრობ, გაცდენილი სეზონის მიწურულს, ნოემბერში საქართველოს ჩემპიონატისთვის გამოვკეთდები და ჭიდაობას შევძლებ. ქვეყნის ჩემპიონატზე გამოსვლით კი ლონდონის ოლიმპიადისთვის მინდა გზა გავიხსნა. სწორედ შინ გამარჯვებით მომეცემა სალიცენზიო ტურნირებზე ჭიდაობის და შესაბამისად 2012 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი" - გვითხრა ოთარ თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, ამას წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 კგ-ში მისივე თანადარბაზელი, გორელი ფალავანი შალვა მუზიაშვილი ასპარეზობდა, რომელიც ასევე კარგი მოჭიდავეა, მაგრამ სტამბულში ულიცენზიოდ დარჩა.

"თუშიშვილი შეუპოვარი და გამოცდილი ფალავანია. მიუხედავად ტრავმების და მკურნალობის პროცესისა, ის მაინც ცდილობს ჭიდაობას. აქამდეც მუდამ გვახლდა შეკრებებზე და ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. ცხადია, სასიამოვნოა, რომ ის საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა.

სალიცენზიოდ მისიც მეიმედება და შალვა მუზიაშვილისაც, ისევე როგორც ამ უკანასკნელის ძმის მალხაზისა. აქვე გეტყვით, როგორც ნაკრების მწვრთნელს საკუთარი ვარაუდი გამაჩნია ლიცენზიისათვის რომელზე უფრო დიდ იმედს ვამყარებ, მაგრამ ამ ვარაუდის გახმაურება ახლა არ იქნება მართებული" - თქვა ჩვენთან საუბარში ზაზა თურმანიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული