ნუგზარ სხირელი: ტალანტები ყველგან არიან, არ არის პირობები

AutoSharing Option
ბოლო წლებია გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავეები ავანსცენიდან არ ჩამოდიან. ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატზე შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში(!) ოქროს მედალი სწორედ გორელმა ფალავნებმა ირგუნეს.

რამდენიმე მათგანი გარკვეული ხნის განშორების შემდეგ სპორტში კვლავ დაბრუნდა, რაც წარმატებული გამოდგა მათთვის. გორელ მოჭიდავეთა ასეთი გამარჯვებები არამარტო გორელებისთვის, ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებისთვისაც დიდი სტიმულია. ვესაუბრებით გორის თვისუფალი ჭიდაობის დარბაზის ხელმძღვანელს ნუგზარ სხირელს.

- ბატონო ნუგზარ, ბესიკ გოჩაშვილის (55 კგ) დაბრუნებით დავიწყოთ, რომელიც ბევრს უკვე ჩამოწერილი ეგონა.
- ბესიკი ახლა უკვე მერვედ (!) გახდა საქართველოს ჩემპიონი. ფინალში
მან აბსოლიტურად დამაჯერებლად სძლია ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს გიორგი ედიშერაშვილს. საგულისხმოა, რომ წლეულს გოჩაშვილს ხელფასი შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან შარშან საქართველოს ჩემპიონი აღარ იყო. მართალია, ახლა მას ჯამაგირი ისევ დაენიშნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქვეყნის ჩემპიონს ერთი წაფორხილება უნდა პატიებოდა. თუ აქტიური სპორტისთვის თავი არ დაუნებებია, სპორტსმენი ხელფასით უზრუნველყოფილი მაინც უნდა გვყავდეს.

- ამ წონის უპირველესი ფავორიტი ლადო ხინჩაგაშვილიც თქვენი შეგირდია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე დასვენების უფლება მისცეს.
- 55 კგ-ში ოლიმპიური ლიცენზია ჯერჯერობით მოპოვებული არა გვაქვს. ჭიდაობის ფედერაციას და ოლიმპიურ კომიტეტს ხინჩაგაშვილი ეიმედებათ და ლადოც ამიტომ გაათავისუფლეს შეჯიბრებიდან. ნიშანდობლივია, რომ ლონდონის ლიცენზიის მფლობელთა გარდა იგი ერთადერთი იყო, ვისთვისაც გამონაკლისი დაუშვეს და დაასვენეს.

- სასიამოვნო მოულოდნელობა იყო 29 წლის ამირან ელბაქიძის კვარცხლბეკზე ხელახლა ხილვა.
- ელბაქიძე 55 კილოში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. შეგახსენებთ, რომ იგი 50 კგ-ში მსოფლიოს მესამე პრიზიორია. რამდენიმე წლის წინათ ეს წონითი კატეგორია ფილას გადაწყვეტილებით საერთოდ გაუქმდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ იგი დიდებშიც მინიმუმ ორგზის იქნებოდა მსოფლიოს ჩემპიონი. ელბაქიძესთვის ამ წონის გაუქმება დიდი დარტყმა აღმოჩნდა და ერთხანს დაიკარგა კიდეც, რადგან ფაქტობრივად ზედა წონაში უწევდა ასპარეზობა. სასიხარულოა, რომ ამირანმა თავისზე მძიმეებსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- თუშიშვილი ტრავმით, მაგრამ ისევ ჩემპიონად დაბრუნდა.
- ოთარი არის შესაშური მებრძოლი სულის სპორტსმენი. კუნთი ხომ დიდი ხანია აწუხებს. ამ შეჯიბრებაზე მტკივანი ხელის თითებიც სულ გადახვეული ჰქონდა. თითქოს ესეც არ კმაროდა, მეორე შეხვედრაში ნეკნი დაიზიანა. მიუხედავად ყველაფრისა მეტოქეებს აჯობა და გვჯერა, რომ ლიცენზიისათვის ბრძოლაშიც გაამართლებს ჩვენს იმედებს. ოღონდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აჯობებს ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს და მხოლოდ სალიცენზიო ტურნირებზე გავიდეს საჭიდაოდ.

- 60 კგ-ის ფინალში სულაც გორელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც შარშანდელმა მეორე პრიზიორმა დავით ბერძენიშვილმა ამჯერად ჩემპიონობაც გაახერხა.
- ბალიაშვილი და ბერძნიშვილი თანაბრი შესაძლებლობების ფალავნები არიან მათ შორის ასაკში სხვაობა კი ექვსი წელია, ბალიაშვილი უფროსია. ახალგაზრდებში ეს უკანასკნელი ევროპის, ბერძენიშვილი კი მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია. ვინაიდან ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს, ბერძნიშვილს ალბათ ევროპის ჩემპიონატზე მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

- გოგშელიძემ საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად იოლად მოიგო.
- ხელზე გაკეთებული ოპერაციის მერე სტაციონალურმა და ამბულატორიულმა მკურნალობამ გიორგის ცოტა დრო როდი წაართვა. დღეს იგი უკვე იბრუნებს ჩვეულ ფორმას და სალიცენზიო ტურნირებზეც აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. მინდა აღვნიშნო, რომ გოგშელიძის ორგანიზმი ისეთი ჯანსაღია, ლონდონის ოლიმპიადაზე კი არა, მერეც დიდხანს შეძლებს ასპარეზზე თავის გამოჩენას.

- ზოგიერთ საჭიდაო სახეობაში ქვეყნის ჩემპიონატზე შიდა ქართლს სპორტსმენთა განსაზღვრული კვოტა აქვს. თქვენ რამდენი ფალავნის გაყვანის უფლება გეძლევათ საქართველოს ჩემპიონატზე?
- უკვე არანაირი შეზღუდვა აღარ გვაქვს. პირიქით, რაც მეტს გავიყვანთ უკეთესად მიიჩნევენ. არადა ადრე, როცა ახალი დაწყებული გვქონდა გორში მუშაობა, ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ჩემპიონატებზეც უგულოდ, ფორმალობის გულისთვის თუ გვეძახდნენ ხოლმე.

- სასიამოვნო იქნებოდა გორის მსგავსად, სხვა რეგიონებშიც იყოს ასეთი მდგომარეობა.
- რასაკვირველია, ცუდია, როცა რეგიონებში პერსპექტიული მოჭიდავის კლასის ზრდა სიჭაბუკის ასაკის მერე ფერხდება. ამიტომ თბილისში მიდიან და რაიონისთვის დაკარგულია. ერთგვარი დეცენტრალიზაცია ჭიდაობაშიც აუცილებელია. საბედნიეროდ, გორში უკვე ისე ჩამოვყალიბდით, რომ მოჭიდავეს აქვე შეუძლია კარიერის დაწყება, განვითარება და უწყვეტი საწვრთნელი პროცესით მსოფლიო დონის შედეგებამდე მისვლა. ვიცი, რომ რამდენიმე რაიონში ნამდვილად მიდის ნაყოფიერი მუშაობა რათა ჩამოყალიბდეს სერიოზული საჭიდაო კერა.

- მაგრამ სასპორტო სკოლის ფორმატში ხომ ასაკი განსაზღვრულია, რა ჰქნან უფროსი ასაკის მოჭიდავეეებმა.
- ჩვენ, დიდხანს კარგი სამსახური გაგვიწია გორის პედაგოგიური ინსტიტუტის თანადგომამ, სადაც სწავლობდნენ ჩვენი სპორტსმენები და ვარჯიშს და სტუდენტობას ერთ ქალაქში მშვენივრად უთავსებდნენ. ახლა გაცილებით გაძნელდა მწვრთნელების საქმიანობა, რადგან ყველა მოჭიდავე ვეღარ ხვდება სასწავლებელში.

ცუდი იყო თუ კარგი, სხვა საკითხია, მაგრამ ადრე ტიტულებს და გამარჯვებებს ანგარიშს უწევდნენ. სასწავლებელს მიღმა დარჩენილებს მალევე სამხედრო სამსახური უწევთ. ადრე არმიის სპორტული კლუბები არსებობდა და სპორტსმენები იქაც ვარჯიშობდნენ თავის სახეობაში. კარგი იქნება თუ რამე გამოსავალს გამონახავს სახელმწიფო, რომ ახალგაზრდამ ჯარშიც იმსახუროს და სპორტშიც არ ჩამორჩეს.

- სასპორტო სკოლაში უფროსი ასაკის მოჭიდავეთა შენარჩუნებაზეც ზრუნავთ.
- დიდწილად სწორედ ამიტომ გვაქვს წარმატებები ნიჭიერთა აღმოჩენასა და საერთაშორისო ასპარეზზე მათ გაყვანაში. წარმოიდგინეთ გოგშელიძის, თუშიშვილის, გოჩაშვილის გვერდით რამდენს სწავლობს პატარა მოჭიდავე. სხვათა შორის, გოჩაშვილთან ჭიდაობით გაიზარდა ლადო ხინჩაგაშვილი, რომელსაც დღეს უფრო დიდი ტიტულები აქვს და კიდევ მეტს ელიან მისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული