გიორგი გოგშელიძე: თუ მწვრთნელები საჭიროდ მიიჩნევენ, ყველგან ვიჭიდავებ

AutoSharing Option
ტიტულოვან ქართველ ფალავანს გიორგი გოგშელიძეს ტრავმის გამო შარშან თითქმის მთელი სპორტული სეზონი გაუცდა. ხელზე ოპერაციის შემდეგ, მისი პირველი შეჯიბრება სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. იქ გიორგი, როგორც მსოფლიო დონის კიდევ რამდენიმე მოჭიდავე ულიცენზიოდ დარჩა და შესაბამისად საკითხმა წლევანდლისთვის გადმოიწია.

შემოდგომიდან მოყოლებული გოგშელიძის გამოჯანმრთელების და ფორმის აღდგენის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ფსიქოლოგიური განწყობაც კარგია. გიორგი მთელი შემართებით ემზადება ჯერ ოლიმპიური საგზურისთვის საბრძოლველად, მერე კი უშუალოდ ლონდონში წარმატებული ასპარეზობისთვის. დღესდღეობით ის საქართველოს ნაკრებთან ერთად წახკაძორში იმყოფება შეკრებაზე. ეს ინტერვიუ კი შეკრებაზე წასვლამდე ერთი დღით
ადრე, გორის დარბაზში ჩავწერეთ.

- საუბარი ვანაძორის ტურნირით, ანუ იმ ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებით დავიწყოთ, რომელზეც შენ იასპარეზე.
- ვანაძორში სტეფან სარგისიანის ტურნირზე ადგილობრივებთან ერთად ქართველი, რუსი და უკრაინელი საკმაოდ კარგი ფალავანები შეიკრიბნენ. მე პირველ წრეში ვისვენებდი, შემდეგ ჩვენებური ოდიკაძე დავამარცხე, მომდევნო ეტაპებზე რუსეთის ნაკრების წევრებთან მომიწია შეხვედრა, მათგან პირველი შირვან მურადოვი არ გამოცხადდა, ფინალში კი აბდულასამ გადისოვს მოვუგე, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო.

- გადისოვს იქამდე გიორგი კეტოევის (რუსეთი) ძლევა არ გასჭირვებია.
- დიახ, კეტოევსაც კარგად მოუგო და ვლადისლავ ბაიცაევსაც (რუსეთი). საერთოდ იგი ფინალამდე ქულის დაუკარგავად მოვიდა, მაგრამ ჩემთან 0:2, 0:3 დამარცხდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შესახებ შენი კომენტარი არ მოგვისმენია. ალბად ცივ გონებაზე უფრო კარგად გააანალიზე თიგიევთან შეხვედრა.
- ჩვენი გუნდიდან სხვა არავინ იყო სტამბულში ჩემზე უკეთ რომ ეასაპარეზა, თორემ იქნებ იქ სხვა მოჭიდავის წაყვანაც ჯობდა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მთელი სეზონი გამიცდა და შესაბამისად იმ ეტაპზე პირველ ყოვლისა, საშეჯიბრო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდიდი. მართალია, გამოჯანმრთელებულიც სრულად არ ვიყავი, მაგრამ ფიზიკური შესაძლებლობებით იმ ჩემპიონატზე თავს მაინც კარგად ვგრძნობდი. თიგიევთანაც ნამდვილად არ გამჭირვებია.

მეტიც, მასთან პაექრობის გაანალიზებისას ჩემი ძალების რწმენა კიდევ უფრო მომემატა, თანაც ბოლოს და ბოლოს მასთან ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ჩემს მხარესაა. არადა, აღსანიშნავია, რომ სტამბოლში ის ძალიან კარგ ფორმაში იყო. როგორც რუსებმა გვითხრეს, მსოფლიოს ჩემპიოანტის წინ ყაზახეთისა და რუსეთის გუნდები ერთობლივ შეკრებაზე ყოფილან და თიგიევს რუსეთის ნაკრების 96 კგ-ის ყველა ფავორიტისთვის უჯობნია.

- ამჯერად შენი და თიგიევის შეხვედრამ სკანდალის გარეშე ჩაიარა. არადა, თქვენი დაპირისპირებების ათ წელზე მეტი ხნის ისტორიას ინტერნეტით -ვიდეოჩანაწერებით თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ყოველი მომდევნო პაექრობა სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა ნერვების თამაშს. ხოლო პიკი, ჩემი აზრით, პეკინის ოლიმპიადის სკანდალური შეხვედრა იყო.
- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ორივე რუსეთში ვჭიდაობდით, თიგიევი ცნობილი იყო ხალიჩაზე თავისი შეფარული დარტყმებით და პროვოკაციებით.

ასეთი გამომწვევი საქციელი კი ძალიან მაბრაზებს და მან ოლიმპიადაზე ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანაც ამიტომ შეძლო. აი, პეკინში მართლაც გამაღიზიანებელი იყო ყველაფერი.

- თავის დროზე თიგიევმა რატომღა დატოვა რუსეთის ნაკრები და ყაზახეთში გადავიდა?
- მაშინ ათენის ოლიმპიადის საგზურისთვის მიდიოდა ბრძოლა, მის მოსაპოვებლად ჯერ გაცალოვი გაგზავნეს სალიცენზიო ტურნირზე, მაგრამ ამაოდ. მერე თიგიევსაც მოეცარა ხელი, ბოლოს კი მე გამიშვეს და მოტეხილი თითით მაინც მოვუტანე გუნდს ლიცენზია. ამის მიუხედავად, ათენის ოლიმპიადაზე მე მაინც არ გამიშვეს. ამისათვის რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჯერ თიგიევი გამოიყენეს წარმატებით ჩემს "ჩასაძირად", ფინალში კი თვითონ მას წააგებინეს გაცალოვთან. მან ჩათვალა, რომ შესაძლელობების გამოვლენის საშუალებას უსპობდნენ და წავიდა ყაზახეთში.

- დიდ შეჯიბრებებზე შენი ძველი კონკურენტები გაზიუმოვი (აზერბაიჯანი) და გაცალოვი (რუსეთი) ამჟამად როგორ ფორმაში არიან?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე გაზიუმოვი საერთოდ "ვერ ვიცანი", თავისი თავის აჩრდილი იყო. გაცალოვს კი მგონია, რომ მწვერვალი უკვე გავლილი აქვს და ახლა მისი დაღმასვლა იწყება. თუმცა მათი შეფასებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ფალავნები არიან და შესაძლებლობათა სრულყოფილად გამოვლენის გარეშეც კი შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას.

- კონკურენციის თვალსაზრისით შენი მდგომარეობა რუსეთსა და საქართველოში დიდად განსხვავდება?
- რასაკვირველია, სხვაობა უზარმაზარია. რუსეთში ჯოჯოხეთური კონკურენცია იყო. იქ შეიძლება მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, წარმატებით გამოხვიდე მსოფლიოს ჩემპიონატზეც და უკან დაბრუნებულს უშუალო კონკურენტი მაინც უკვე "ქუსლებზე გადგამდეს ფეხს". ამისი გაძლება ყველას არ შეუძლია, ამიტომაა, რომ რუსეთში ხშირია ახალგამოჩენილი ფავორიტის უცებ გაქრობა. მეორეს მხრივ კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დიდი წნეხის გაძლების მერე დიდ შეჯიბრებაზე გამოწრთობილი მიდის ფალავანი. ამ დროს უკვე ფიქრობ, რომ ერთი დიდი ომი გადატანილი გაქვს. მაგრამ ამასთან, აბა წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია მიაქვს ასეთ ბრძოლას.

- საქართველოში კონკურენტებს იოლად ჯობნი, რაც შესაძლოა გამოსაწრთობად ცუდ სამსხურს გიწევდეს, მაგრამ მგონი დადებითიც აქვს ასეთ ვითარებას.
- ერთის მხრივ, რასაკვირველია, კარგია, რომ ზურგსუკან კონკურენტის "სუნთქვა" მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და სულ ფხიზლად ხარ. მეორეს მხრივ კი არც ისაა ურიგო, რომ საქართველოს ჩემპიონატის მოგების მერე მხოლოდ სალიცენზიო ტურნირებზე და ოლიმპიადაზე ვარ გადართული. სამშობლოში აღარც იმაზე მიწევს ფიქრი, რომ ნაკრებში ან ფედერაციაში ვიღაცეები აკრძალული ხერხებით შემებრძოლებიან, როგორც ეს რუსეთში იყო.

- წახკაძორის შეკრებიდან ევროპის ჩემპიონატამდე თუ აპირებ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას?
- დაზუსტებით ჯერჯერობით ის ვიცი, რომ წახკაძორიდან დაბრუნების მერე, დაახლოებით ერთ თვეში, 6-11 მარტს ბელგარდში გასამართ ევროპის ჩემპიონატში გამოვალ. იქამდე, ფილა-ს კალენდრით საერთაშორისო ტურნირების თაობაზე საქართველოს ნაკრებისა (ზაზა თურმანიძე) და ჩემს პირად მწვრთნელებთან (ნუგზარ სხირელი) ერთად ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ისე კი, იქ ასპარეზობა მხოლოდ საშეჯიბრო პრაქტიკის გამო თუ იქნება საჭირო. თუმცა თუ მანამდე ირანში ჩემი კლუბის სახელით გამოსვლისას საკმაო პრაქტიკაც მექნება, შეიძლება რომელიმე ოფიციალური ტურნირი გამოვტოვო კიდეც. ვნახოთ, თუ მწვრთნელები საჭიროდ მიიჩნევენ, ყველგან ვიჭიდავებ.

- ოლიმპიადამდე ალბად უმთავრეს ამოცანად მიიჩნევ, რომ საუკეთესო სპორტულ ფორმაში შეხვდე აპრილსა და მაისში (სოფია, ჩინეთი, ჰელსინკი) გასამართ სალიცენზიო შეჯიბრებებს.
- ცხადია, ამ ტურნირებზე კარგ ფორმაში უნდა ვიყო, მაგრამ წლევანდელ სეზონში ყველაზე საუკეთესოდ ოლიმპიადას უნდა შევხვდე.

- საგზურისთვის კი საკმაოდ დიდი ბრძოლა მოგიწევს, რადგან შენსავით ლიცენზია მოსაპოვებელი აქვთ მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ფავორიტს.
- მაგრამ ესენი ხომ ის ფალავნები არიან, რომლებსაც ოლიმპიადაზეც უმთავრეს კონკურენტებად მივიჩნევ. ამიტომ უშუალოდ ოლიმპიადაზე გავარკვევთ საუკეთესოს ვინაობას, თუ სალიცენზიო შეჯიბრებაზე, რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის, როგორც ჯანმრთელობის, ისე საშეჯიბრო პრაქტიკისა და ინტენსიური მზადების თვალსაზრისით. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში შევდივარ. ლონდონის საგზურის მოპოვების დიდი იმედიც მაქვს და ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევისაც.

- შენი კარიერა მნიშვნელოვანი გამარჯვებებითაა დახუნძლული, მაგრამ ოლიმპიური მიღწევები გაკლია. მეტიც, ჯერ მხოლოდ ერთხელ მოგეცა ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე ასპარეზობის შანსი.
- ათენში გამოსვლის ოცნება რატომღაც ჩამეშალა, ყველამ იცის. იქიდან მოყოლებული სულ პეკინის ოლიმპიადაზე ვფიქრობდი. ხოლო პეკინის თამაშების დარულებიდან მეორე დღესვე ჩემი ერთადერთი და უმთავრესი საფიქრალი ლონდონის ოლიმპიური თამაშებია. წარმოიდგინეთ ახლა როგორ ველი იმ დღეს, როდესაც ლონდონის ხალიჩაზე საჭიდაოდ გავალ!

- გამარჯვების შემთხვევაში 32 წლის გიორგი გოგშელიძე აქტიური სპორტისთვის თავის დაანებებას ხომ არ აპირებს?
- ჯერ ვნახოთ, რა მოხდება ოლიმპიადაზე. დღესდღეობით თავს კარგად ვგრძნობ და მადლობა ღმერთს, არც ტრავმას ვუჩივი. წასვლაზე ფიქრი ალბათ, ნაადრევია. ახლობლებთან ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მგონია სიბერემდე ვიჭიდავებ-მეთქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი კაი კაცი ხარ, ვაჯკაცი ხარ და ხალხს უყვარხარ. მიდი დაუმტკიცე მთელ მსოფლიოს რო მაგ შენ კონკურენტებზე ძლიერი ხარ. ღმერთმა აგისრულოს ოცნება და მოგაგებინოს ოლიმპიური ოქრო
varlami
03:57 01-02-2012
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და შენს მკერდზე ლონდონის ოლიმპიური ოქრო დამენახოს.
zaza sigu
15:09 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული