ევროპა კარგად დავიწყეთ: თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
გუშინ ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობის პირველ დღეს ლეიბზე თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი წონითი კატეგორიის მონაწილეები გავიდნენ. პირველი დღე ჩვენთვის ბრწყინვალედ დაიწყო - ოთხიდან სამ წონით კატეგორიაში მედლები მოვიპოვეთ, 19 წლის დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონია.

50 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ჯერ მასპინძელი ივაილო არნაუდოვი დაამარცხა სამ პერიოდში: 6:0, 0:4, 0:4. მეორე შეხვედრაში ლაშამ სომეხი მატევოს საროიანი დაამარცხა - 1:0, 0:4, 1:0. ქართველმა მესამე ორთაბრძოლა წააგო, მას მოლდოველმა ანატოლი ბურუიანმა აჯობა - 3:1, 1:0. ჩვენი ფალავანი რეპეშაჟში
გადაერთო, სადაც ფინალში ფრანგი ზოჰეირ ელ უარაკე დაამარცხა - 2:1, 3:1 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
60 კგ. წონით კატეგორიას საქართველოს სახელს თენგიზ ჩოჩიშვილი იცავდა. მან ზედიზედ მოუგო თურქ აბდი ზურნაჩის - 0:0, 1:0, 2:0 და სომეხ ჰრაჩია შაჰნაზარიანს - 1:0, 4:0. ქართველმა მოუგო აზერბაიჯანელ უმუდ მამედოვსაც - 2:0, 5:1 და ნახევარფინალში გავიდა. თენგიზს არც ბელარუსი მაკსიმ შაკუნოვის დამარცხება გასჭირვებია, მან მეტოქეს ორ პერიოდში მოუგო - 2:1, 6:0. სამწუხაროდ, ჩვენებურმა ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლა რუს ანვარ გაზიმაგომედოვთან წააგო - 3:3, 0:1.
ბრწყინვალედ იჭიდავა 74 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე დავით ხუციშვილმაც. დავითმა ფინალამდე სამი ორთაბრძოლა მოიგო: უნგრელ პეტერ დიორდისთან - 1:0, 3:0; ბერძენ კონსტანტინ ალიოსეცკინთან - 4:0, 0:0 და რუს ზაურ მაკიევთან - 3:0, 1:0. ჩვენებურმა ფინალამდე ერთი პერიოდიც არ დათმო, არადა ამ წონაში მაკიევი უცილობელ ფავორიტად მიიჩნეოდა. ხუციშვილმა ფინალიც ორ პერიოდში მოუგო თურქ სონერ დემირტასს - 1:0, 2:0.
96 კგ. წონით კატეგორიაში თორნიკე ხიდეშელმა კი დაამარცხა პირველი მეტოქე, სომეხი ანდრანიკ გალსტიანი - 4:0, 6:0, მაგრამ შემდეგ ეგრევე ფავორიტს, რუს ვლადისლავ ბაიცაევს გადაეყარა და წააგო - 0:5, 1:3. რუსი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ქართველს რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიეცა, სადაც სლოვაკი იოზეფ იალოვიარი დაამარცხა - 1:0, 1:0. მე-3 ადგილისათვის მატჩში თორნიკე თურქ ფათიჰ იასარლის შეხვდა. სამწუხაროდ, ოთხივე წონაში მედლები ვერ ავიღეთ, ხიდეშელმა დათმო თურქთან - 0:2, 0:1.

ნიკოლოზ ნეფარიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული