- ბესიკ, შარშან თითქმის მთელი სეზონი გაგიცდა, წელს კი საქმე აშკარად უკეთ მიდის - საქართველოს ჩემპიონი გახდი, ახლა ევროპული ვერცხლის მედალი დაიმსახურე...
- შარშან მართლაც რთული სეზონი მქონდა. ტრავმამ ფორმიდან ამომაგდო, ნაკრებში ჩემს წონაში ლიდერობაც დავკარგე. ქვეყნის ჩემპიონატზე მეტოქეებს
- თუმცა ბევრმა ისიც იცოდა, რომ ბოლო შანსს გამოიყენებდი...
- სწორედ მაგ განცდით წავედი სერბეთში. არაფერს ვამბობ შეჯიბრების მსვლელობისას მიღებულ ტრავმაზე. ეს ჩემი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გამარჯვება იყო. მონდომებით ნავსი გავტეხე.
- ფინალში პირველი პერიოდის მერე რატომ აღარ იჭიდავე?
- მესამე შეხვედრაში უკრაინელ იგორ ხავალჯისთან ვიტკინე მარცხენა მხარი. რთული გდება კეთდებოდა, ცუდად შეიძლებოდა დავცემულიყავი და ხელზე დავეყრდენი. საშინლად მეტკინა, თუმცა მაინც შევძელი მეტოქის დამარცხება სამ პერიოდში 4:3, 0:3, 5:1. მომდევნო, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში რუმინელ ალექსანდრუ ჩირტოაკთან გამაყუჩებელმა ნემსმა გამაძლებინა და მასაც ვძლიე. ფინალში კი ჯამალ ოთარსულთანოვთან საერთოდ ვეღარ ვამოძრავებდი ნატკენ ხელს.
ეს მოჭიდავე ახლა მესამედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. მასთან სრულ მზადყოფნაშიც ჭირს გამარჯვება და ცალი ხელით რა უნდა მექნა? ამიტომ პირველი პერიოდის წაგების შემდეგ აღარ გავედი ხალიჩაზე, უაზრობა იყო გაგრძელება.
- ტრავმამდე ორი მეტოქიდან პეკერის ძლევაა აღსანიშნავი...
- აჰმედ პეკერი თავის წონაში თურქეთის ნაკრების წამყვანი მოჭიდავეთაგანია. იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონიცაა, ენერგიული სპორტსმენია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა მოგება. იქამდე კი შეჯიბრებაზე ჩემი პირველი მოწინააღმდეგე ლიტველი იურკუსი სულაც იოლად ჩამოვიცილე გზიდან 7:0.
- ოთარსულთანოვს უწინაც შეხვედრიხარ...
- მან ადრეც ევროპის ჩემპიონატზე სამ პერიოდში მომიგო. ტიტულები მის შესაძლებლობებზე კარგად მეტყველებს. ჩეჩენია, საიტიევების გვერდით ვარჯიშობდა და მათი სტილის ზეგავლენა ეტყობა. რუსეთში მის წონაში უძლიერესი ფალავნებია თავმოყრილი, თორემ უდავოდ ლიდერი და ოლიმპიადის უპირველესი კანდიდატი იქნებოდა. ახლა მას ლონდონის საგზურისთვის დიდი ბრძოლები წინ აქვს.
- საქართველოში შენს უშუალო კონკურენტსა და თანადარბაზელ ლადო ხინჩეგაშვილთან კონკურენციაზე რას იტყვი?
- ლადო მხოლოდ თანადარბაზელი არ არის, კარგი მეგობრები ვართ. კონკურენციაც ჩვენ შორის ჯანსაღია. ჩვეულებრივ ვიბრძვით ორივე საკუთარ ფრონტზე და რომელიც უკეთ წარმოაჩენს თავს, ალალად ვუსურვებთ წარმატებებს უცხოურ არენაზე. ბოლოს თებერვალში კიევის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით ერთმანეთს და მე წავაგე 1:0, 0:1, 0:2.
- სერბეთში ნაკრების კიდევ ორი გორელი ფალავანი, გიორგი გოგშელიძე და ოთარ თუშიშვილი გამოდიოდნენ. მათგან ყველა ყოველთვის გამარჯვებას მოელის, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა...
- ორივეს აწონვის დღიდან ტემპერატურა ჰქონდათ. ოთარი, მაგალითად, ფინალში გადასასვლელში თავის თავს აღარ ჰგავდა, ნათლად ეტყობოდა, რომ მეტი აღარ შეეძლო. არადა, იქამდე სიცხიანმა სამი ძნელი შეხვედრა მოიგო. ძლეულთა შორის იყო ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს და ოლიმპიადის პრიზიორი, უკრაინელი ანდრეი სტადნიკი. მე, თუშიშვილი და გოგშელიძე ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ცოტა არ იყოს, ვშიშობდი კიდეც, მეც ავად არ გავმხდარიყავი. იქ გადავრჩი, თუმცა უკან გამომგზავრებისას ამიწია ტემპერატურამ.
- ტრავმას მკურნალობ?
- კი, ექიმების მითითებით ვმოქმედებ. ტრავმებით სავსე ჩემს კარიერაში მხარი ადრე არასოდეს მტკივებია, ეს ახალია.
- საკლუბო დონეზე ამჯერად სად ასპარეზობ?
- თურქეთის ერთ-ერთ კლუბში ორი წელიწადი დავყავი. ახლა სტრასბურგის კლუბში ვარ. კმაყოფილი ვარ ფინანსურად და საშეჯიბრო პრაქტიკაც მეტი მაქვს. საკლუბო ჩემპიონატის პრინციპით, მოგეხსენებათ, გუნდს გუნდთან გვიწევს შეხვედრა. ამას წინათ, ჩემი გამოსვლები მოვიგე და ბოლოს კლუბის მესვეურთა თხოვნით ერთი შეხვედრა ბერძნულ-რომაულშიც ჩავატარე. არადა, წესებიც არ ვიცოდი რიგიანად. საერთო გამარჯვებისთვის გუნდს სჭირდებოდა, რომ სუფთად მაინც არ წამეგო. თუმცა მოვიგე და კლუბის მეპატრონეთა განსაკუთრებული ყურადღება დავიმსახურე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"