ნუგზარ სხირელი: გუნდის შესაძლებლობები რიგაში გამოჩნდება

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა დუშეთის საწვრთნელ ბაზაზე დაასრულა მოსამზადებელი შეკრება და ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით რიგაში გაემგზავრა ფრეინდელფელდსის სახელობის მეთხუთმეტე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა(55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარიშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი, ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120).

"გუნდი, ძირითადად, ქვეყნის ჩემპიონატზე გამარჯვებული მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ხუთ წონით კატეგორიაში, ფედერაციის მხარდაჭერით, წავიყვანთ ფინალისტებსაც.

ეს ის წონებია, სადაც
გადამწყვეტი შეხვედრები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საერთოდაც, მინდა შეძლებისდაგვარად მეტ სპორტსმენს მივცე თავის გამოჩენის შანსი. გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან ასაკის გამო ნაკრები ბევრმა დატოვა. დარჩნენ მხოლოდ ტალახაძე და პეტრიაშვილი. შესაბამისად, ნაკრები თითქმის ხელახლაა დასაკომპლექტებელი.

ბუნებრივია, დუშეთში შეკრებაზე ყველა მოჭიდავეს ვაკვირდებოდი და გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მათ შესაძლებლობებზე, მაგრამ საერთაშორისო საშეჯიბრო პრაქტიკა სხვაა.

ამის გამო ჯერ ვერ გეტყვით, რა შესაძლებლობების გუნდია. რიგაში ასპარეზობის შემდეგ უფრო გამოიკვეთება კონტურები, თუმცა მეეჭვება, ეს ნაკრები იმ თაობის წარმომადგენლების (დავით მარსაგიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, დავით ხუციშვილი) მსგავსი გამოდგეს, რომლებმაც ახალგაზრდებიდან საბოლოო გადასვლამდე შეძლეს დიდების გუნდში ადგილის დამკვიდრება და ახლა იქ ლიდერები არიან.

ამ ტურნირის მასპინძლები ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან ქართველ მოჭიდავეებს. არც მალავენ, რომ ტრადიციული მონაწილეობით შეჯიბრების დონეს ვამაღლებთ.

ტურნირი ჩვენთვისაცაა მიმზიდველი, რადგან ჩამოდიან ანგარიშგასაწევი გუნდები, უმეტესწილად, ევროპის ქვეყნებიდან. კონტინენტის ჩემპიონატისთვის კი მათი ერთგვარი დაზვერვაც აუცილებელია" - გვითხრა სხირელმა.

ფრეინდელფელდსის ტურნირი 24-იდან 27 მარტამდე გასტანს. ლატვიის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრები 28 - 29 აპრილს ბაქოს საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, მაისში კი რუმინეთისა და თურქეთის შეჯიბრებებზე გამოსცდის ძალებს. ევროპის ჩემპიონატს კი 19 - 24 ივნისს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული