რევაზ მინდორაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე ბორჯომშია, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

ევროპის პირველობას 19-24 მარტს თბილისი უმასპინძლებს, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის - საკუთარი ქომაგის წინაშე წარმატებით გამოსვლა პრესტიჟის საქმეა.

აქედან გამომდინარე, მინდორაშვილს რთული მისია დაეკისრა - მოსამზადებლად მეტად მცირე დროა, გუნდი კი იმდენად რთულ ცაიტნოტშია, ლიდერები მხოლოდ ერთ ტურნირში ასწრებენ გამოსვლას.

არადა, ნაკრებთან ადაპტაციისთვის თავად მწვრთნელსაც სჭირდება დრო, იდეები, მეთოდიკა, გუნდს რომ მოარგოს.

ნოვაციები, განსაახლებელი,
შემოსატანი და დასამკვიდრებელი კი იცოცხლეთ, ძალზე ბევრია...

მინდორაშვილი გულხელდაკრეფილი არც ამ დღეებში მჯდარა - ნაკრებში მისვლისთანავე ჩვეული გულმოდგინებით დაიწყო მუშაობა.

პროფესიონალიზმი მას ხომ არასოდეს დაეწუნებოდა და ძირითადად, სწორედ ამის ხარჯზე მოიგო ყველაფერი, რაც კი მოსაგები იყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი საქართველოში თუ მის გარეთ.

ამის მიუხედავად, მწვრთნელობა სულ სხვა რამეა და ზემოხსენებული საფრთხეების, ევროპის პირველობის გამო მაინც ნერვიულობს; ნაკრებში კი რას აპირებს, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოდით, ჯერ შეკრების შესახებ გკითხავთ: რამდენი კაცით იქნებით იქ და ძირითადად, რას დაუთმობთ ყურადღებას?
- 35 სპორტსმენით მივდივართ, ანუ სრული შემადგენლობით - პირველი-მეორე-მესამე ნომრები, რომლებსაც დავემატებით მწვრთნელები, ექიმი და მასაჟისტი.

ბორჯომში დავბინავდებით სპორტკომპლექს "ოლიმპში", სადაც სასტუმრო და სავარჯიშო დარბაზი ერთადაა.

იქ 14 დღე ვივარჯიშებთ, ძირითად ყურადღებას კი ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ხალიჩაზეც ვიმუშავებთ - დაახლოებით 3-4-ჯერ, მაგრამ აქცენტს ფიზიკურ დატვირთვებზე გავაკეთებთ.

- ფიზმომზადებისთვის ბაკურიანში ვერ მოახერხეთ წასვლა?
- მოგეხსენებათ, როგორი ფორსმაჟორული სიტუაცია იყო ფედერაციაში. ამიტომ ბაკურიანში წასვლა ვერ მოვახერხეთ და ისევ ბორჯომზე შევჩერდით.

- ალბათ, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა უკვე შემუშავებული გექნებათ...
- თებერვალში გუნდი რამდენიმე ტურნირზე გადანაწილდება - ძირითადი შემადგენლობის ნაწილი თურქეთში იაშარ დოგუს მემორიალზე იჭიდავებს 9-10 თებერვალს, ნაწილი ერთ კვირაში კიევში გამოვა საერთაშორისო ტურნირში, სათადარიგოები კი 21-22 თებერვალს თეირანში იასპარეზებენ მსოფლიოს თასზე.

Sportall.Geშევეცდებით, ყველა ფორმაში იყოს, რათა ევროპის პირველობას მომზადებულები შეხვდნენ - ღმერთმა დაიფაროთ და საევროპოდ ვინმე რომ დაშავდეს, მისი შემცვლელიც მზად უნდა გვყავდეს.

თურქეთისა და კიევის ტურნირების მომთავრების შემდეგ ისევ ბორჯომში გავივლით შეკრებას. ამასობაში კი ევროპის ჩემპიონატიც კარს მოგვადგება.

- ანუ, თუ თურქეთსა და უკრაინაში ძირითად შემადგენლობას გაყოფთ, გამოდის, რომ ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად ბიჭებს მხოლოდ ერთი ტურნირი ექნებათ. ეს ცოტა არ არის?
- სამწუხაროდ, ლიდერები ორ ტურნირს ვერ ასწრებენ. სასურველი კი იყო, უფრო მეტში გამოსულიყვნენ, მაგრამ ზოგი კლუბშიც გამოდიოდა და ვფიქრობ, სატურნირო პრაქტიკა უნდა ეყოთ... ფედერაციის არჩევნების გამო რაღაცები დაგვიანდა, მაგრამ ახლა მეტს ვერ ვასწრებთ.

ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსასვლელად.

- უკვე რამდენიმე დღეა, ნაკრებს ავარჯიშებთ. წინააღმდეგობა, სირთულეები ხომ არ ყოფილა?
- არა, არაფერი ამის მსგავსი. უბრალოდ, წინა პერიოდში საჭიდაო სამყაროში სიტუაცია იყო დაძაბული და უხერხული, თორემ სავარჯიშო პროცესზე ეს არ ასახულა. ვარჯიში ჩემი საქმეა და ჩვეულებრივად მიდიოდა.

ბიჭებთანაც კარგად დაიწყო ურთიერთობა - მიჯერებდნენ, მენდობოდნენ და მომყვებოდნენ.

ლიდერებთანაც დამოკიდებულება ნორმალურია. არავის გამოუთქვამს პრეტენზიები იმაზე, რომ მათი პირადი მწვრთნელები ნაკრებში აღარ იმუშავებენ.

ის პირადი დამრიგებლები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მათთან მუშაობას ცალკეულ დარბაზებში, პერიოდულად შეკრებებზეც იქნებიან გუნდთან ერთად და ისევ მიაქცევენ ამ ფალავნებს ყურადღებას.

- თქვენს წინამორბედებთან თუ ისაუბრეთ? აპირებთ მათი გამოცდილების გაზიარებას?
- ჯერჯერობით არ შევხმიანებივარ, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, მათი გამოცდილება გამოვიყენოთ. თუ ისურვებენ და დაგვეხმარებიან, ნამდვილად კარგი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, სპორტსმენობა უფრო ძნელია თუ მწვრთნელობა?
- სპორტსმენობა შეუდარებელი რამეა, მწვრთნელობა კი დიდი პასუხისმგებლობაა, რისთვისაც მზად უნდა იყო. ცხადია, ეს უფრო რთულია, რადგან ყველაფერი უნდა გათვალო, გაითვალისწინო...

- როგორც ცხოვრების ყველა სფერო, ჭიდაობაც ვითარდება, ახალი მეთოდიკა, ახალი მიდგომები ჩნდება. სავარჯიშო სისტემაში თუ აპირებთ სიახლეების შემოტანას?
- რაღაც-რაღაცებს აუცილებლად დავამატებთ და სიახლეები იქნება. გეთანხმებით, თანამედროვე მიდგომები უნდა გავითვალისწინოთ და სიახლეები გადმოვიღოთ.

არის რაღაც ნიუანსები, რომელთა დახვეწაზე მუშაობაც მწვრთნელთა კოლექტივმა უკვე დავიწყეთ. ყველას თავისი გრაფიკი აქვს, რადგან ბევრი კლუბებშიც გამოდის. სპორტსმენთა ნაწილს დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ.

- ანუ იქნება ინდივიდუალური მიდგომა, სპეციალური ვარჯიშები?
- აუცილებლად იქნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერ სპორტსმენს აქვს რაღაც თავისი. მას უნდა მიეცეს ამის გამოვლენის საშუალება; შანსი იმისა, რომ საკუთარ ილეთებზე იმუშაოს.

- აქამდე ჩატარებულ ვარჯიშებში თუ დაინერგა რაიმე სიახლე?
- მაგალითად, გაიზარდა სავარჯიშო დრო იმ თვალსაზრისით, რომ ფანდების ახსნას, განხილვას, დამუშავებას მეტი დრო დავუთმეთ.

Sportall.Geზოგიერთს, პრაქტიკულთან ერთად, თეორიული ახსნაც სჭირდება, რა რისთვის კეთდება. ზოგმა იქნებ თეორიულად კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად უნდა აუხსნა და აჩვენო, საკუთარი კოზირები როგორ გამოიყენოს.

- თანამედროვე ჭიდაობა ბევრად უფრო ძალისმიერი გახდა, რაც დღეს ჩვენი სუსტი წერტილია. ეს კომპონენტი თქვენთვისაც ერთ-ერთი კოზირი იყო და მისი მნიშვნელობა კარგად იცით. ამ მხრივ თუ გეგმავთ ნოვაციებს და ძიუდოისტებივით თქვენც ხომ არ აპირებთ ამ სფეროში უცხოელის მოწვევას?
- სიმართლე გითხრათ, უცხოელზე არ მიფიქრია, თუმცა არაა ცუდი იდეა. გაუმჯობესება აუცილებლად საჭიროა და აქცენტსაც გავაკეთებთ ამაზე. უბრალოდ, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ფონს საკუთარი ძალებით გავიდეთ ჩვენივე დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგალითად, მე როცა ვჭიდაობდი, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, როდის რა მჭირდებოდა...

- ნაკრებში ხომ არ გეგმავთ დიფერენცირებულ საწვრთნელ მიდგომას, როცა მსუბუქ, საშუალო და მძიმე წონებს საგანგებო კურატორები ეყოლებათ და მათივე სპეციფიკის გათვალისწინებით ივარჯიშებენ?
- ეს ძალიან კარგი იდეაა და ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ პრაქტიკულად ვერ განვახორციელებთ. მჩატე და მძიმე წონებს მართლაც სხვანაირი ვარჯიში უნდათ, რომ არ გადაიღალონ, თორემ შეიძლება, თვეებიც დაიკარგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული