რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!

AutoSharing Option
მეორე დღეა, მთელ მსოფლიოში ბომბივით იფეთქა ცნობამ იმის შესახებ, რომ ჭიდაობა, შესაძლოა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღონ.

ამ ცნობამ წალეკა ინტერნეტფორუმები და სჯა-ბაასი არ წყდება... სპორტის ამ უძველესი სახეობის დასაცავად ხმა აიმაღლეს ლამის მთელი მსოფლიოს გამოჩენილმა ფალავნებმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, რომელთა გამონათქვამებითაც აჭრელდა მსოფლიოს პრესა...

თუ სოკ-ის აღმასკომის ეს რეკომენდაცია სექტემბერში ბუენოს აირესში გასამართმა სესიამაც გაიზიარა და ჭიდაობა მართლაც ამოიღეს თამაშების პროგრამიდან, ეს ქართული სპორტისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ჩვენი ოლიმპიური მედლების ლომის წილი ჭიდაობაზე მოდის - ყველაზე
მეტი ჯილდო ამ სახეობაში მოგვიპოვებია.

შარშანაც ლონდონში მედლებს მხოლოდ ჭიდაობებსა და ძიუდოში დავეუფლეთ, თუმცა რაოდენობრივად ჭიდაობის უპირატესობა დიდი იყო - 7-იდან 6 მათზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი სპორტისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, ჭიდაობამ თავისი უთავბოლობით, კორუმპირებული და გაუმართავი სისტემით დაიმსახურა ასეთი სასჯელი.

"ლელო" ადრეც წერდა, რომ დღევანდელი FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა, როგორც ოლიმპიზმის იდეების დამსამარებელი და ძირშივე გადამჭრელი.

სახეობა, რომელსაც სათავეში რაფაელ მარტინეტის მსგავსი გასვრილი პიროვნება ჰყავს; სახეობა, რომელიც ერთ კაცს, თუნდაც ფედერაციის პრეზიდენტს, გადააყოლებს თავის მომავალს, უკეთესს არ იმსახურებს - ეს გინდ ჭიდაობა იყოს და გინდ - ბალეტი ან ოპერა.

ვერ ვიტყვით, რომ სოკ-იდან მოსული ცნობა დიდი მოულოდნელობა იყო - ოლიმპიური მოძრაობის სათავო ორგანიზაციიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) არაერთხელ გააფრთხილეს მოსალოდნელ სანქციებზე, თუ ვითარებას არ გამოასწორებდა და სახეობას სათანადოდ არ მიხედავდა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის თამაშებიდან ამოღებაზე ადრეც იყო აქტიური განხილვა, მაგრამ მაშინ გადარჩნენ.

ისიც იმიტომ შეიბრალეს, რომ უძველესი სახეობაა ანტიკური ხანიდან მომდინარე, თუმცა კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს და ახლა მას თავისუფალი და ქალთა ჭიდაობაც ზედ მიაყოლეს.

ახლანდელი ფაქტის პრეამბულად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ლონდონში სოკ-მა FILA-ს წონაში მხოლოდ 18-19-კაციანი კვოტა მისცა, როცა ძიუდოს 30 და უფრო მეტი მონაწილე ჰყავდა.

საქმეს ვერც ამან უშველა და ეტყობა, სოკ-საც მოსწყინდა მათი უთავბოლობა.

FILA-სადმი საერთაშორისო სპორტული საზოგადოების პრეტენზიები ყოველთვის იყო კორუფციის არნახულად მაღალი დონე და გაუმართავი წესები, რამაც სპორტის ამ სანახაობას სილამაზე დაუკარგა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ FILA-ს მსაჯებს საკუთარი წესები ჰქონდათ, რომლებსაც მათ გარდა, სხვა ვერავინ იგებდა.

ჰოდა, ისინიც ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც მოესურვებოდათ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს უახლესი წარსულიდან (თუნდაც ლონდონის ოლიმპიადიდან) და მათ ჩამოთვლაზე დროს არ წაგართმევთ, თუმცა არაობიექტურობა და ფეარ პლეის პრინციპების დარღვევას თავი რომ დავანებოთ, ალოგიკური გადაწყვეტილებების მიზეზს ვერც მაყურებელი იგებდა.

არადა, მარტივი ამბავია - ქომაგი რასაც ვერ იგებს, იმ თემისადმი ინტერესსაც კარგავს. ასე თანდათან დაკარგა ჭიდაობამაც მაყურებელი.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში არასაჭიდაო ქვეყნებიც წამოვიდნენ წინა პლანზე, თვით ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორც მსოფლიოს პირველობაა, მონაწილე ქვეყნების რიცხვი კატასტროფულად მცირდებოდა - ბოლო წლებში 50-60-მდე დაეცა.

შედარებისთვის - წინა კვირას პარიზში გამართულ ძიუდოისტთა საერთაშორისო რანგის ტურნირზე და არა მსოფლიოს ჩემპიონატზე 61 ქვეყანა გამოდიოდა!

ჭიდაობამ მხოლოდ კორუფციას აუწყო ნაბიჯები, სამაგიეროდ, მაქსიმალურად ჩამორჩა თანამედროვე მარკეტინგს. უპირველესად კი, მიუღებელი, არამომგებიანი აღმოჩნდა ტელევიზიებისთვის.

სპორტი და ტელევიზია ფინანსურად რამდენად ნაყოფიერად თანამშრომლობენ, მოგეხსენებათ. იმავე ძიუდოში ბოლო წლების რეფორმები სანახაობის გაზრდას ემსახურება, რაც ისევ სატელევიზიო რეპორტაჟების ინტერესში შედის. FILA-მ კი ისეთი წესები შემოიღო, ილეთის გაკეთება არაპირდაპირი მეთოდით, პრაქტიკულად, აიკრძალა.

ჭიდაობის ბედს დღეს არა ფანდი, ანუ სანახაობა განსაზღვრავს, არამედ - ბურთულა, ანუ ლატარია, სადაც ალოგიკური შედეგები გარანტირებულია.

საჭიდაო სამყარო დღეს კი აფორიაქდა, მაგრამ საინტერესოა, სად იყვნენ აქამდე, რატომ არ იღებდნენ ხმას იმ ყოვლად უმსგავსო ქცევებზე, რაც ყოველ ტურნირზე ხდებოდა?

მარტინეტის ოფიციალურად არ ედგა დახლი FILA-ში, თორემ ისე ყველამ იცოდა, ვინ რამხელა კეისით ჩადიოდა შეჯიბრებაზე, ვინ ვისი მსაჯი იყო და ვის რამდენი მედალი ჰქონდა დაჯავშნილი.

იმის მიუხედავად, რომ ასეთი დეტალები ყველამ იცოდა, კორუმპირებული გარიგების გამოძიების ერთი ფაქტიც არ ყოფილა, არათუ - დასჯის.

კარგით, ფაქტზე ვერ იჭერდნენ, მაგრამ ან ტელეფონი, ან - მეილი თუ სხვა საკონტაქტო საშუალებები გადაამოწმა ვინმემ?

დანაშაულს თუ ვერ გამოავლენდნენ, შიშს მაინც ჩაუნერგავდნენ მზაკვართ, მაგრამ არა - კორუფციის სათავე FILA-ს უმაღლეს ეშელონებამდე მიდიოდა და იმიტომაც არ იძიებდა არავინ. ამ "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" მიდგომამ კი შესაძლო იგნორირებამდე მიიყვანა ეს სახეობა.

გარიგებები მარტინეტის და სხვა დიდმოხელეთა დონეზე ხომ წყდებოდა, როგორც მწვრთნელ-სპორტსმენებისგან გამიგონია, თურმე უშუალოდ გუნდებს შორისაც გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა იმათი გვერდის ავლით.

მით უფრო - ბოლო წლებში, როცა ჩრდილოკავკასიელები მთელ მსოფლიოს მოედვნენ - ისინი კვლავაც თავიანთ სამშობლოში ვარჯიშობენ, ბევრი მეგობრობს ერთმანეთთან, ბევრს სულაც ნათესაობა აკავშირებს და გარიგებებზე იოლად მიდიოდნენ.

ცხადია, ამის გაკონტროლება ძნელია, მაგრამ იმავე ძიუდოშიც ხომ ერთ სასტუმროში ცხოვრობენ გუნდები, იქ რატომ არაა ამ დონის კორუფცია?

იქნებ მიზეზი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ნებაშია, დაამყაროს წესრიგი იმის მიუხედავად, რომ იდეალური ვითარება არც იქაა?

საჭიდაო ტურნირებში თურმე ძალზე ხშირად ხდებოდა, როცა მსაჯებს პირადად მარტინეტი აძლევდა დირექტივებს და ხშირად უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს აცვლევინებდა. ასეთი ხმები კი ძიუდოს მესაჭე მარიუს ვიზერზე არ ვრცელდება.

იქნებ მოსაწონი არც ძიუდოს ბოლოდროინდელი წესების რეფორმაა, მაგრამ იმათ თავის მართლება მაინც შეუძლიათ, რომ ერთწლიან ექსპერიმენტს ატარებენ. FILA კი ამითაც ვერ იმართლებს თავს, რადგან იქ რეფორმები საერთოდ არ ხდება.

არაა გამორიცხული, სოკ-მა აღმასკომის ამ გადაწყვეტილებით მკვეთრი მესიჯი გაუგზავნა მარტინეტის.

არც ისაა გამორიცხული, სექტემბერში მთლიანად არ ამოიღონ და მხოლოდ რომელიმე სახეობა (თუნდაც იგივე ბერძნულ-რომაული) გაწიროს; ან ახლა მაინც თუ ამოიღებს, 2024 წლისთვის დააბრუნოს, ოღონდ ამ გზით სასიკეთო ზემოქმედება მოახდინოს FILA-ზე.

იმედია, თვითონ საჭიდაო სამყარო აიმაღლებს ხმას და "რუხ კარდინალ" მარტინეტის როგორმე მოთოკავს, რაც ამ დაჭაობებულ ფედერაციაში ცვლილებების საწინდარი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სპორტის სამინისტროში 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობის ამოღების თაობაზე ისაუბრეს
საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფაქტია, ბოლო ხანებში თავისუფალი და განსაკუთრებით კლასიკური ჭიდაობის ყურება მტანჯველ და გაუგებარ სანახაობად იქცა. ამს დაემატა ჩაწყობები და "ლოტოტრონი". ერთი ეგაა, რომ გაუქმებამ ჩვენ გაგვიფუჭა საქმე. ვნახოთ, რა იქნება. თუ გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს, თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და სხვა სახეობებს მივაქციოთ მეტი ყურადღება. მერე, ძიუდო ხომ რჩება!
gela
19:10 14-02-2013
0
vaxvax, რა მიამიტურ კითხვას სვავ ჯიგარ? იმიტომ არ იღებენ, რომ მათი იდიდესი ნაწილი თვითონაა ამ კორუფციული ჯაჭვის უშუალო მონაწილე და შემსრულებელი. ნუ დაგავიწყდება, რომ FILA-ს მსაჯთა უდიდესი ნაწილი მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მონაწილენი და შემპიონები არიან და ფაქტიურად ყველა მათგანი კორუფციაშია შაფლული. განსაკუთრებით კარგი გადამხდელები რუსები და აზერბაიჯანელები არიან. ან განსაკუთრებული ანუ ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს FILA-ში ან საერთოდ უნდა ამოიღონ ოლიმპიური სახეობებიდან და არა მარტო იქიდან გაიხსენე როგორ აახიეს მედალი ლონდონში ლადო გეგეშიძეს.
zviadi
10:25 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული