საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
საჭიდაო სამყაროს "რუხ კარდინალს", საერთაშორისო ფედერაციის (FILA) პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის თანამდებობა დაათმობინეს.

ეს ამბავი შაბათს, ტაილანდურ პატაიაში გამართულ FILA-ს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მოხდა.

იტალიური წარმოშობის შვეიცარიელი FILA-ს ოფიციალურად 2002 წლიდან მართავდა, თუმცა მანამდეც ის განაგებდა ფედერაციას, ვიდრე მობერებული სერბი მილან ერცეგანის მოადგილედ მუშაობდა.

ვის ენდობიან მოჭიდავეები
FILA-ს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში მოსკოვში ჩატარდება, მანამდე კი მარტინეტის მაგივრობას ბიუროს წევრი, სერბი ნენად ლალოვიჩი გასწევს.

ის უხელმძღვანელებს ყრილობის მოსამზადებელ კომისიასაც. სერბის კანდიდატურას ბიუროს 21 წევრიდან მხარი 11-მა დაუჭირა.

"ახლა ჩვენი მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს ისეთ ქმედებებზე, რომლებიც გადაჭრიან უმთავრეს ამოცანას - დავტოვოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში. მდგომარეობიდან გამოსასვლელად სოკ-ს კომპრომისულ ვარიანტებს შევთავაზებთ.

მიმაჩნია, რომ ჭიდაობა უნდა დარჩეს ოლიმპიურ ოჯახში" - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიხეილ მამიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ჭიდაობა იმ სახეობათა ნუსხაში შეიტანა, რომლებიც შეიძლება ამოიღონ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან.

გაკვირვებას იწვევს თავად მოჭიდავეთა მიდგომა პრობლემისადმი, რომელმაც სახეობა ასეთ კრახამდე მიიყვანა - რეალურ მიზეზებზე საუბრის ნაცვლად, ისინი ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას აგრძელებენ.

სოკ-ში საშიში ხალხი ზის, სოკ-ში სულელები არიან, სოკ-ი ამით ისტორიულ შეცდომას დაუშვებს - აი, ამ სტილის განცხადებებს აკეთებენ ახლო თუ შორეული წარსულის ცნობილი ფალავნები; რეალურ მიზეზებზე კი, რამაც ჭიდაობა ოლიმპიური ოჯახიდან გარიყვამდე მიიყვანა, პირდაპირ არ საუბრობენ.

თითქმის არსად თქმულა საჭიდაო სამყაროში არსებულ კორუფციაზე, არაეფექტურ წესებზე, რამაც სანახაობა დაუკარგა ამ მართლაც ლამაზ სპორტს.

ამ დღეებში ძირითადად რუსულენოვან საიტებს გავეცანი, თუმცა იქ დასავლური პრესიდანაც ლამის ყველა მნიშვნელოვანი სიახლეა გადმობეჭდილი. ამ ზღვა მასალაში კი მხოლოდ ერთმა დაღესტნელმა მწვრთნელმა - ესედ შახმარდანოვმა განაცხადა, რომ მარტინეტი უნდა წავიდეს, მერე კი იგივე FILA-ს ბიუროს წევრმა ნატალია იარიგინამაც გაიმეორა.

შახმარდანოვმა საინტერესო პარალელებიც გაავლო ლობისტების თემაზე და განაცხადა, რომ მათაც უნდა იპოვონ ვინმე ისეთი გავლენიანი პიროვნება, როგორიც თანამედროვე ხუთჭიდს ჰყავს - მონაკოს პრინცი ალბერი, აგრეთვე სოკ-ის წევრები - ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინი.

ამ თემაზე საუბრისას შახმარდანოვმა ტაეკვანდოს ლობისტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტიც გაიხსენა, რომელიც სოკ-ის პრეზიდენტ ჟაკ როგესაც შეხვედრია. თან ახსენა აშშ-ც, როგორც თავისუფალი ჭიდაობის სამშობლო და - რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც, რადგან ზაფხულის ოლიმპიადებზე რუსეთის მედლების 10-15% ჭიდაობებზე მოდისო.

მარტინეტის წინააღმდეგ მხოლოდ ბოლო დღეებში გაიმკაცრა ტონი მამიაშვილმა, როცა პატაიაში ბიუროს სხდომის გამართვა გადაწყდა. არადა, ის ყოველთვის ოცნებობდა მისი ადგილის დაკავებაზე.

ვის აირჩევს მოსკოვი?
საჭიდაო სამყარომ ერთი ჭირი კი მოიშორა, მაგრამ საკითხავია, ეყოფა კი გონიერება სწორი არჩევანის გასაკეთებლად და ვის მოიყვანს ახლა?

ნურავინ გვიწყენს, როცა გონიერებაზე ვაკეთებთ აქცენტს - ჭიდაობა რომ დღითიდღე უკან-უკან მიდიოდა და ნადგურდებოდა, ამას ყველა ხედავდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. პირიქით - ბევრი ამ საერთო გაჭირვებაზე ხელის მოთბობასაც ცდილობდა. ხალხი ერთმანეთს ტურნირებზე ფულით გატენილი დიდი ჩემოდნებით ჩასვლაში ეჯიბრებოდა.

საჭიდაო სამყაროს ახლანდელი ამოცანა თითქოს მარტივია - გაწმინდონ ჭიდაობა კორუფციისგან, დაუბრუნონ მას სილამაზე და სანახაობა, მაგრამ ეს ძნელად შესასრულებელი იქნება. უბედურება ისაა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე მანკიერი მოვლენები ამ ოჯახს ისე გაუჯდა სისხლში, რომ ეს ცხოვრების წესად დამკვიდრდა, თითქოს აღებ-მიცემობის გარეშე ჭიდაობა ვერ იარსებებს.

ამ კორუფციისა თუ წესების უაზრო ცვლილებების შედეგად ჭიდაობა კრახამდე მივიდა. ხალხი სპორტის ახალ სახეობებს იგონებს და მის პოპულარიზაციაზე ზრუნავს. ამათ კი იმდენი მოახერხეს, რომ ჭიდაობას სილამაზე დაუკარგეს და ილეთების გარეშე დატოვეს.

ძალიან ხშირად შეხვედრის ბედს არა ქულები, არამედ ბურთულა წყვეტს. საქმე ისეთ აბსურდამდეც მიდის, რომ ერთმა ფალავანმა შეიძლება 6 ქულა დააგროვოს, მეორემ - 2, მაგრამ პერიოდების მიხედვით მოგებული მაინც ეს ორქულიანი დარჩეს! ცხადია, ასეთ სახეობას მომავალი ვერ ექნება.

დღეს მარტინეტის ყველაზე რეალურ შემცვლელად ისევ მამიაშვილი მოჩანს, რასაც ვერ მივესალმებით, ვინაიდან ის და ზოგადად რუსული საჭიდაო ფედერაცია FILA-ში წლების განმავლობაში არსებული კორუფციული სქემის საყრდენი იყო.

იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანელებზე, თურქებსა და ბულგარელებზეც, რომლებიც თანდათან მონსტრებად იქცნენ.

თუმცა ბოლო წლებში დიდი ფულის დამსახურებით წინა პლანზე უფრო რუსები და აზერბაიჯანელები წამოვიდნენ, რომლებმაც უკვე ერთმანეთში გააჩაღეს ცხარე ბრძოლა ლეიბსა თუ კულისებში.

ამიტომ ასეთი მომაფიოზო პიროვნებების მოსვლა არა გვგონია, წაადგეს ჭიდაობას - იქნებ მამიაშვილმა წესები გააუმჯობესოს, მაგრამ არა გვგონია, ჩვეულებაზე ხელი აიღოს, ანუ კორუფციას და ჩაწყობა-გაყიდვებისკენ მიდრეკილებას უღალატოს.

ვფიქრობთ, ამ გზაზე სიარულით რაც უნდა გააუმჯობესონ წესები, სოკ-ს თავს მაინც ვერ მოაწონებენ.

ისიც ცხადია, რომ სოკ-ი FILA-ს გამადიდებელი შუშით დააკვირდება. ესენი კი ნემსის ყუნწში უნდა გაძვრნენ მათთვის თავის მოსაწონებლად.

მამიაშვილი სატელევიზიო კონტრაქტებზე, ახალ მარკეტინგულ მიდგომებზე კი ალაპარაკდა, მაგრამ აჯობებს, საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე გააკეთოს.

მამიაშვილი ჯერ პრეზიდენტად არ მოსულა და ალექსანდრ კარელინი უკვე FILA-ს ბიუროს წევრად წარადგინა! კულუარებში თავად კარელინის კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ უფრო მეტს მამიაშვილზე საუბრობენ.

არც ისაა გამორიცხული, ამ ნაბიჯით მამიაშვილმა კარელინი გააჩუმა, რადგან ის წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ბიუროში შეღწევას.

სავარაუდოდ, სოკ-მა ეს ნაბიჯი მარტინეტის მოსაშორებლად გადადგა და რაკი ის მართლაც წავიდა, დიდი შანსია, სექტემბერში ჭიდაობა უპრობლემოდ დატოვონ ოლიმპიადის პროგრამაში.

გააჩნია, მანამ რამდენად დაარწმუნებენ FILA-ს წევრები თავიანთ სურვილში, რეალური რეფორმები განახორციელონ და არა - ფასადური. თუ მაინც არ დაუჭერენ მხარს და, სავარაუდოდ, 2014 წელს ისევ დააბრუნებენ, თუმცა როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები სექტემბერში, ფაქტია - ახლა ყველაფერი თავად მოჭიდავეებზეა დამოკიდებული, რომ კორუფციიდან და უსამართლობიდან იარონ წინ, ოლიმპიური იდეალებისა და ოლიმპიური კვარცხლბეკისკენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული