ევროპის ჩემპიონატის ექო: ორგანიზება - კარგი, პრობლემები - ქართული

AutoSharing Option
მთლიანობაში, საქართველომ ღირსეულად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ჭიდაობაში - ეს სტუმართა საერთო შეფასებაა.

ნანახით კმაყოფილი დარჩა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დროებითი პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი, რომელიც ცოტა ადრე წავიდა; ხოლო ევროპული ფედერაციის პრეზიდენტმა ცენო ცენოვმა ტურნირის ბოლოს მასპინძლებს ოფიციალურად გადაუხადა მადლობა.

ორგანიზებით კმაყოფილი იყო ყველა უცხოელი, ვისაც ამ თემაზე გავესაუბრეთ. უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას დარბაზში წესრიგი მართლაც იყო - ასპარეზობა პროტოკოლით გაწერილ დროს იწყებოდა, არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა, რაც, თავის მხრივ, ქაოსს იწვევს და შეჯიბრებაც იწელება; სპორტსმენები დროულად მიჰყავდათ სასტუმროებიდან სპორტის
სასახლეში თუ უკან, დროულად ხდებოდა აწონვა, წილისყრა და ყველა პროცედურა, რაც ტურნირის ნორმალურად ორგანიზებისთვისაა საჭირო.

ერთი ეგაა, რომ ზოგიერთ სასტუმროში სტუმრები მენიუს უჩიოდნენ, მაგრამ ეს უკვე უშუალოდ იმ სასტუმროთა პრობლემაა და არა ორგანიზატორების. აღსანიშნავია, რომ იმავე სასტუმროს უფრო ადრე, ანალოგიური პრობლემით, ძიუდოისტებიც ემდუროდნენ, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ამჯერად არ ვასახელებთ.

ამ შემთხვევაში სპორტის სამინისტროსა თუ ნებისმიერ ფედერაციას მხოლოდ ის შეუძლია, რომ სამომავლოდ დიდი შეჯიბრების მასპინძლობისას აღარ დაიბევოს იქაურობა.

იქნებ ასე მაინც ვაიძულოთ მომსახურების სფეროს ობიექტები (არა მარტო სასტუმროები, რესტორნებიც და სხვაც), სერვისი გააუმჯობესონ, თორემ ახალს არაფერს ვიტყვით, რომ ფასებით ევროპაში უძვირესი საქართველო მომსახურების კულტურით კატასტროფულად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს.

მედია ისევ გერის როლში
საწყენია, რომ ასე კარგად ორგანიზებულ და ამ რანგის ტურნირში ჟურნალისტები დავიჩაგრეთ, რადგან ძალიან შეზღუდულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა.

გასაგებია, რომ დაცვას თავისი საქმე აქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის არ უნდა ადგენდეს ჟურნალისტთა მუშაობის გრაფიკს, მით უფრო - თავისი საქმის გასაიოლებლად.

მაგალითად, ბოლო დღეებში ჟურნალისტთა პირადი ნივთების უსაფრთხოების დასაცავად ჩაკეტეს პრესცენტრიდან დერეფანში გამავალი კარი, სადაც ჩვენი კოლეგები სიგარეტის მოსაწევად გადიოდნენ, ამ აკრძალვით კი მათ დამატებითი პრობლემები შეექმნათ.

არადა, ეს არ მოხდებოდა, იმ კართან ვინმე პერსონალურად რომ დაეყენებინათ.

მანამდე იმ დერეფნით უკანა გასასვლელთანაც გავდიოდით, სადაც არენიდან გასული სპორტსმენები გასახდელებში მიდიოდნენ, თუმცა ორ დღეში ესეც აგვიკრძალეს.

იქაურობა ის ადგილია, მუდამ რომ ირევიან ადგილობრივი თუ ჩამოსული მწვრთნელები, მსაჯები, ჩინოსნები და სპორტსმენებიც კი - ზოგი სიგარეტის მოსაწევად, ზოგიც ნაცნობებთან სამასლაათოდ, ზოგი კი, უბრალოდ, მუხლის გასაშლელად.

ჩვენთვის ასეთი ადგილი ინფორმაციის წყაროა, სადაც შეიძლება, შენთვის სასურველი რესპონდენტიც მოიხელთო.

მაგალითად, სხვაგან სად უნდა მენახა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, დაღესტნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საჯიდ საჯიდოვი, რომელიც გულღია, უშუალო ადამიანი აღმოჩნდა, რომ იტყვიან - ნაღდი კავკასიელი.

იქვე ჩავიწერე ინტერვიუ ვლადიმერ მოდოსიანთან და კიდევ ბევრთან ვაპირებდი, მაგრამ დაცვამ იქით გასასვლელი მესამე დღესვე ჩაკეტა.

ცხადია, მიზეზს ბანალურ-დაზეპირებული ფრაზით ხსნიან - ნაბრძანებია, მაგრამ რატომაა ასე ნაბრძანები, ვერავინ გიხსნის. მე კი შემიძლია დამტკიცება, იქ გასვლა რისთვისაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

მესმის, რომ გასახდელები, დოპინგის ოთახები, სპორტსმენთა გამოსასვლელი დაცული უნდა იყოს და არაა რეკომენდებული იქ ჟურნალისტთა, ზოგადად, უცხო პირთა შესვლა, მაგრამ მხოლოდ გასასვლელის სიახლოვეს, ფოიეში, სადაც არენიდან გასულ სპორტსმენს არც ეხები, რა დანაშაულია?

ბრაზილიაში ძიუდოს მსოფლიოს პირველობაზე პირდაპირ მოთელვის დარბაზში შევდიოდი (ამის დასამტკიცებლად გვარიანი ფოტომასალაც მომეპოვება). არც იტალიაში, ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე იყო ეს დიდი პრობლემა და რაღა ქართველები ვართ რომის პაპზე მეტად კათოლიკეები?!

სპორტის სასახლეში ყოველდღიურად ამკაცრებდნენ ზომებს და ბოლო დღეს დაცვის ერთ წევრს ვეხუმრე კიდეც, ჩემპიონატი 1-2 დღე კიდევ რომ გრძელდებოდეს, პრესცენტრშიც არ შემოგვიშვებთ-მეთქი.

ძალიან ცუდ დღეში იყვნენ ფოტორეპორტიორებიც, რომლებსაც ჯერ კუთხეში, ყოვლად მოუხერხებელ ადგილზე უპირებდნენ გამწესებას, მერე სკამებზე მიუჩინეს ადგილი, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდება; თუმცა არც ეს შეარჩინეს და ის მწკრივებიც უცერემონიოდ, უკითხავად აითვისეს ძალოვნებმა. საქმეს სამთავრობო დაცვა კიდევ უფრო ართულებდა.

გვესმის, რომ პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკოსებს დაცვა სჭირდებათ და ასმაგი ყურადღებაა საჭირო, მაგრამ მუშაობის უფლება ჩვენც ხომ კონსტიტუციით გვეკუთვნის?

თან რა, მსგავსი შეჯიბრებები ჩვენთან ხშირად ტარდება, განებივრებულნი რომ ვიყოთ? ღარიბი ქვეყნის შვილები ვერც უცხოეთში ვახერხებთ წასვლას და ასეთი გამონათებები თუ გამოერევა, შეგვარგეთ და გვაცალეთ სიამოვნება.

იმ ბრძანებების მიმღებთაგან, იმ დაცვის წევრთაგან უმეტესობისთვის ეს ტურნირი იქნებ მოსაწყენი სამსახური იყო (თუმცა ზოგი ყოფილი მოჭიდავეც იყო), ჩვენთვის კი სპორტული ზეიმია.

სპორტის ახალ სასახლეში გაითვალისწინებენ?
პირადად მე სიგარეტს არ ვეწევი და არც ეს პრობლემა მაწუხებდა, მაგრამ ერთხელ, ჯერ კიდევ ასპარეზობის დაწყებამდე მთელი 15 წუთით ადრე, მიქს-ზონაშიც კი არ გამაჩერეს ისევ იმ გაზეპირებული "არ შეიძლება" ფრაზით.

მათი მიზეზით ვერც ბელორუსი ვლადისლავ ანდრეევის პროტესტი ვნახეთ თავისუფალ ჭიდაობაში 55 კილოგრამის დაჯილდოებისას, როცა მედალოსნებთან სურათის გადაღება იუარა, კვარცხლბეკიდან ჩამოხტა და მწვრთნელთან ერთად ყვირილით გამოხატავდა უკმაყოფილებას.

ამ დროს ჟურნალისტები ზემოაღნიშნულ და იმხანად ჯერ კიდევ ღია დერეფანში გაგვამწესეს, კვარცხლბეკის უკან - მედიასთან შესახვედრად იქ უნდა გამოეყვანათ ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი, კვარცხლბეკზე კი უზარმაზარი სარეკლამო ბანერი გვეფარებოდა.

იმავე ეპიზოდში ტელეოპერატორები იმაზეც ჩიოდნენ, რომ დროშის აწევის ფაქტს ვერ იღებდნენ. ეს მხოლოდ "მეცხრე არხის" ოპერატორმა შეძლო, თუმცა საამისოდ გვარიანად ირბინა წინ და უკან... დოღია თუ სპრინტი, რატომ უნდა ვირბინოთ ასე? ეს ხომ ისტორიაა, რომელიც უფრო ფასეული წლების მერე გახდება.

განა ბევრი შანსია, ასეთი დონის ფორუმზე საგანგებოდ აიწიოს შენი ქვეყნის დროშა და საგანგებოდ დაუკრან ჰიმნი? სწორედ ამიტომ სჭირდება მსგავსი კადრები ისტორიას.

თუმცა ეს პრობლემები სპორტის სასახლის არაეფექტურობითაა გამოწვეული და არა - ორგანიზებით. მაგალითად, იგივე ვიპ-ლოჟა, პრესცენტრი და პრესლოჟა ერთადაა განლაგებული და პრესლოჟიდან პრესცენტრში მოსახვედრად ვიპ-ლოჟის გვერდით უნდა გაიარო, სადაც პრემიერიც შეიძლება იჯდეს, პრეზიდენტიც, სპიკერიც და ასე შემდეგ...

ამაზე ყურადღება FILA-ს წარმომადგენლებსაც გაუმახვილებიათ, სასურველია, ასე გვერდიგვერდ არ იყოს განლაგებულიო. მათ პრესცენტრის ოთახიც დაუწუნებიათ, პატარააო, რადგან 100-ზე მეტი ჟურნალისტი იყო დარეგისტრირებული...

თვით პრესლოჟა, კონკრეტულად კი, ქართველებისთვის განკუთვნილი ადგილებიც არ იყო შესაფერისი - კუთხის სექტორში ვიყავით, რომელიც, მაგალითად, 2009 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისთვის სახელოვანმა ესტონელმა ევროპელმა კომისარმა, ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა ინდრეკ პერტელსონმა პრესისთვის დაიწუნა.

იქიდან არენა მართლაც არ ჩანდა კარგად, განსაკუთრებით - მესამე ლეიბი. თან მაღლიდან იქნებ კიდევ არა უშავდა, მაგრამ ჩვენთვის განკუთვნილი ქვედა მწკრივებიდან საკამათო ეპიზოდებში შეუძლებელი იყო ლეიბზე ზონის მანიშნებელი ხაზების დანახვა, ანუ გარეთ გაყვანის მომენტს კარგად ვერ გაარჩევდი.

მით უფრო - შეხვედრები ფიცარნაგზე ტარდებოდა, თორემ იატაკზე რომ ყოფილიყო, ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოიხსნებოდა. ამას ტაბლოებიც ემატებოდა, რაც ასევე ზღუდავდა მხედველობის არეს.

ვფიქრობ, პრესის ადგილები ვიპ-ლოჟის მოპირდაპირე სექტორში რომ იყოს განლაგებული, ბევრად მოსახერხებელი იქნება.

იმედია, სპორტის ახალ სასახლეს რომ ააშენებენ (ამაზე უკვე ღიად საუბრობს სამინისტრო), იქ ამ ხარვეზებს, თანამედროვე სტანდარტებს სრულად გაითვალისწინებენ და მართლაც ნორმალური არენა გვექნება, თორემ ბოლო წლებში აგებულთაგან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს სწორედ ელემენტარული ნორმების დაუცველობის გამო.

რჩევა ფედერაციებს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ზემოთქმულში ნამდვილად არ ვადანაშაულებთ, რადგან ეს სხვისი პრობლემა იყო.

პირიქით - მათ მადლობა კარგი ორგანიზებისთვის (ასევე, მადლობა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ კახა გეწაძეს, რომელმაც მოიპოვა ამ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება). მათი მისამართით კი მხოლოდ ის შენიშვნა გვექნება, რომ აჯობებდა, უცხოელი ჟურნალისტებისთვის ოდნავ მეტი ყურადღება მიექციათ.

მაგალითად, სტუმრებს უთქვამთ კიდეც, პრესცენტრში ყავის აპარატის დადგმა რა პრობლემა იყოო. სამართლიანი შენიშვნაა, რადგან უცხოეთში ბევრგან ლანჩიც შედის სააკრედიტაციო პაკეტში, აქ კი ამაზე არც ყოფილა ლაპარაკი.

ფედერაცია მინერალურ თუ ჩვეულებრივ წყალს კი არიგებდა, ხოლო დანარჩენი, ალბათ, გამოუცდელობის გამო ვერ გათვალა, თორემ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ იძუნწა. მით უფრო, ტურნირის ბოლოს ოფიციალურ ბანკეტზე ჟურნალისტთა მთელი კორპუსი მიიწვია.

სხვა საკითხია, რომ მედიისადმი ასეთი დამოკიდებულებაც ქართული რეალობაა - მახსენდება იმავე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, როცა ფედერაციის ერთმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ახლა ჟურნალისტები გაგვაძღებინეთ (მოგვიტევეთ ამ სიტყვისთვის, ციტირებაა) კიდევო.

იმ ფედერაციების საყურადღებოდ, რომლებიც მომავალშიც მოინდომებენ ნებისმიერი რანგის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობას, გვინდა განვაცხადოთ, რომ აქ ლანჩ-პაკეტზე ან ჭიქა ყავაზე კი არა, არამედ ქვეყნის პრესტიჟზეა ლაპარაკი - მისი იმიჯი ხომ სწორედ ასეთ წვრილმანებში ვლინდება.

სახლში რომ გვეწვევა სტუმარი, თან გადავყვებით, გარეთ კი მარტივი გვავიწყდება. განა რა წარმოდგენა დარჩებათ იმ უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოზე? სიმართლე გითხრათ, ცუდი მენიუ, ცუდი კვება უცხოეთშიც გვინახავს, მაგრამ როგორც ჩვენ გვითქვამს მათზე აუგი, ისე იტყვიან ჩვენზეც.

ძალიან კარგია მსაჯების, ოფიციალური პირების, გუნდებისთვის გამართული ყოველდღიური ბანკეტები. მასაც თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ საქართველოს ამბავი ევროპაში ჟურნალისტებს გააქვთ და არა საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელებსა თუ მსაჯებს.

სწორედ ისინი დაწერენ და გააცნობენ იქაურ საზოგადოებას საქართველოს - ცხადია, იმ კუთხით, როგორითაც დაინახავენ, თორემ მსაჯმა ან ფედერაციის პრეზიდენტმა, დიდი დიდი, ცოლს მოუყვეს ნანახი...

P.S. არ მინდა, ვინმემ ზემოთქმული ჩასაფრებული კაცის პოზიციად ჩამითვალოს. ზემოთქმული არაა ჭიდაობის ფედერაციის კრიტიკა, ეს უფრო გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევაა ფედერაციებისადმი (არა მხოლოდ ჭიდაობის), როგორ ჩაატარონ საერთაშორისო შეჯიბრებები კიდევ უფრო ღირსეულად, თორემ სათანადო სტანდარტების დაცვის გარეშე მათ მასპინძლობას არავინ გვანდობს.

არადა, უცხოური ტურნირების გამართვა ყველა ფედერაციის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია უნდა იყოს, რადგან ეს დიდად უწყობს ხელს სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითარებას, განსაზღვრავს შენს საერთაშორისო ავტორიტეტს.

ბოლო-ბოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ წვენში ხარშვა გამოგვივა, ამას კი სიკეთე არავისთვის მოუტანია.

ამიტომ ვიძლევით ამ რჩევებს იმ სფეროში, რომელიც ვიცით. თანაც, ამ პრობლემებს ვხედავთ მთელი 20 წლის განმავლობაში, გამოსწორებას კი არა და არ დაადგა საშველი.

რაღაც წინსვლა არის, მაგრამ მაინც ტაატით მივიწევთ ევროპისკენ, მეტი ტემპია საჭირო. თუმცა, მთავარი მოტივი, რის გამოც ამ თემას კიდევ ერთხელ შევეხეთ, შემდეგი ფაქტია: 1995 წელს ბათუმში თასების თასზე სათამაშოდ გლაზგოს "სელტიკი" ჩამოვიდა, შოტლანდიაში დაბრუნებულმა ერთმა ჟურნალისტმა კი დაწერა (კიდევ ერთხელ მოგვიტევეთ, მხოლოდ ციტირებას ვაკეთებთ), საქართველო ბეჰემოთის უკანალშიაო.

ნამდვილად არ მინდა, მსგავსი რამე კიდევ დაიწეროს ევროპულ პრესაში და არც ის მსურს, ჩემი ქვეყანა მართლა ამ მდგომარეობაში იყოს.

ამიტომ უნდა შევითვისოთ თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტები. თანაც, მედიის მხარდაჭერის გარეშე ვერც დემოკრატიულ ქვეყანას ავაშენებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატი. IV-V დღე: შინ ოქროს ვერ შევწვდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული