ჭიდაობა. საქართველოს ნაკრებები: წარმატება ხარვეზების ფონზე

AutoSharing Option
თბილისში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდების გამოსვლას სტატისტიკურად თუ შევაფასებთ, შედეგი ბევრად არ ჩამორჩება ტურნირის მაღალორგანიზაციულ დონეს - 7 მედალი 14 მოჭიდავისგან, ანუ გაერთიანებული გუნდის ნახევარმა მოიპოვა ჯილდო (2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო).

ევროპის ჩემპიონები "თავისუფალთა" შორის გიორგი ედიშერაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, ორივე ვერცხლი "ბერძენ-რომაელთა" წილად მოდის - ზურაბ დათუნაშვილი (74) და ვლადიმერ გეგეშიძე (84), ბრინჯაო კი "თავისუფლებში" ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60) და გენო პეტრიაშვილმა (120) მოიპოვეს, "ბერძენ-რომაელებში" - ასევე მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ.

ამასთან, "ბერძენ-რომაელებში" მანუჩარ ცხადაიამ
(66) ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო, ხოლო "თავისუფლებში" დავით ხუციშვილი (74) ტრავმის გამო გამოეთიშა შეჯიბრებას, თორემ ეკვატორსაც გადავლახავდით.

აი, "თავისუფლებისა" და "ბერძენ-რომაელთა" გუნდებს ცალ-ცალკე თუ შევაფასებთ, უპირატესობა "თავისუფალთა" მხარესაა - რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც, რადგან 2-2 ოქრო და ბრინჯაო მათ წილად მოდის.

ახალი ტალღა
ვფიქრობთ, ამ დიფერენციაციას სათავე ცოტა ადრე დაედო, რადგან "თავისუფლებში" თაობათა ცვლის პროცესი ადრე დაიწყო - ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე და უფრო უმტკივნეულოდაც წარიმართა, "ბერძენ-რომაელებში" კი იგი რატომღაც ფერხდება.

ვფიქრობთ, იქაც უფრო თამამად რომ ენდონ ახალგაზრდებს, პროგრესიც ბევრად სწრაფი იქნება.

"თავისუფალთა" ახალმა ტალღამ ოლიმპიადამდე მოასწრო ადაპტაცია უფროსებში და დღეს ლიდერად გვევლინება.

შეიძლება იმიტომაც, რომ მათ უფრო ვარსკვლავური თაობა ჰყავთ, რომელიც ახალგაზრდული ნაკრებიდანვე ძლევამოსილად მოდის.

მედლები თავისთავად გასახარია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჭიდაობის ხარისხი, რომელიც "თავისუფლებმა" აჩვენეს.

სპორტში ყველაფერი ხდება და შეიძლება, ძლიერიც დარჩეს უმედლოდ (თუნდაც ხუციშვილის ტრავმა გავიხსენოთ) ან, პირიქით - სუსტს გაუმართლოს და წარმატება მოიპოვოს, მაგრამ ჩვენმა მედალოსნებმა იმ დონის ჭიდაობა აჩვენეს, აშკარაა - მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში, თვით რიო დე ჟანეიროს თამაშების ჩათვლით, მათგან კიდევ მრავალ გამარჯვებას უნდა ველოდოთ.

მით უფრო, ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან - ამ ტურნირზე გუნდში ყველაზე უფროსი 25 წლის გიორგი ედიშერაშვილი იყო, მედალოსნები კი 18-22 წელს ითვლიან.

მათგან ზოგიერთმა უკვე ოლიმპიადაზეც მოასწრო წარმატების მოპოვება, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, ისინიც ახლა იწყებენ კარიერას.

იმედს ისიც გვიძლიერებს, რომ ნაკრებს მწვრთნელთა ხელიც დაეტყო. მაგალითად, ამ ტურნირზე შესამჩნევი პროგრესი იყო ფიზიკურ-ფუნქციონალურ მომზადებაში, გამძლეობა-სუნთქვაში (თუმცა, ვფიქრობთ, "ფიზიკაში" მთავარი სამუშაო მაინც წინაა - რუსებთან ძირითადად ამით დავიჩაგრეთ).

მისასალმებელია, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, მწვრთნელთა კორპუსმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, ახალ ხალხს გზა სამწვრთნელო ასპარეზზეც გაეხსნას, ოღონდ ვფიქრობთ, ამის გაკეთება თანმიმდევრულად, ეტაპობრივად აჯობებს და არა ახლანდელივით მკვეთრი მოძრაობებით.

მწვრთნელთა ამოცანა
ვფიქრობთ, მწვრთნელთა წინაშე ახალი ამოცანა დგას - როგორმე ამოსწიონ ის რამდენიმე წონითი კატეგორია, სადაც არცთუ სახარბიელო ვითარებაა და დანარჩენებს დაუახლოონ, ანუ გუნდი დააბალანსონ; პარალელურად კი დაწინაურებულ წონებში იზრუნონ რეზერვზე, ლიდერებს მუდამ რომ ესმოდეთ "მდევართა სუნთქვა".

წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლანდელივით "თავკომბალა", ანუ ერთ კაცზე დაფუძნებული წონებით მხოლოდ ლოკალურ შედეგს მივიღებთ და არა გლობალურ-მასშტაბურს, როგორიც, მაგალითად, იმავე რუსებს აქვთ - მეორე შემადგენლობით ჩამოვიდნენ, მაგრამ მაინც მოიგეს გუნდური პირველობა.

მათ რეზერვის აღზრდის ისეთი სისტემა შექმნეს, მესამე-მეოთხე ნომრებითაც საჩემპიონოდ იბრძვიან.

მათგან განსხვავებით, ჩვენთან კონკურენცია, მასობრიობა დაბალია, მაგრამ იმდენი ნამდვილად არის, წონაში ორ-ორი სერიოზული მოჭიდავე გვყავდეს.

მთავარია, სწორი სისტემა შევქმნათ და სწორად მივუდგეთ საქმეს. მაგალითად, ხომ გვყავს მძიმე წონაში ერთბაშად 3 კაცი? იმათგან, რომელნიც უნდა დავაყენოთ ევროპის პირველობაზე, ვფიქრობ, მედალს სამივე მოიპოვებს (აი, სინჯზე კი შეიძლება ვიკამათოთ).

მაშ, სხვა წონებში რატომ არ უნდა გვყავდეს ორი მაინც? იქნებ ყველა ვერ იყოს ისეთი ტალანტი, როგორიც ხინჩეგაშვილი, მარსაგიშვილი ან პეტრიაშვილია, მაგრამ მაღალი დონის მოჭიდავეთა გამოზრდა სავსებით შესაძლებელია.

თავისუფალი მედალოსნები
თამამად შეიძლება ითქვას, დავით მარსაგიშვილმა მოსათელად გამოიყენა ეს ტურნირი. აბა, სხვა რა უნდა უწოდო, როცა კაცს პერიოდებს 43 და 50 წამში მოუგებს!

თან, ერთი ამოსუნთქვით, ერთ კომბინაციაში ახერხებდა წმინდა მოგებისთვის საჭირო ილეთების ჩატარებას.

თავიდან ორ შეხვედრაში არც კი დაღლილა, იმდენად იოლად გაისეირნა. ამას მხოლოდ გამორჩეული ფალავნები ახერხებენ, თუმცა მასაც აქვს სუსტი წერტილები, რაც აუცილებლად უნდა გამოასწოროს - ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა რუს ანზორ ურიშევთან შეხვედრაში.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ახლა არ ჭიდაობდა აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი, მსოფლიოს პირველობაზე კი არაევროპელებიც დაემატებიან.

მისთვისაც, როგორც პეტრიაშვილისა და ხინჩეგაშვილისთვის, დღესდღეობით მთავარ პრობლემად მაინც ფიზიკური მომზადება რჩება - სამივე, ძირითადად, ამით დაიჩაგრა წაგებულ შეხვედრაში, თუმცა ტაქტიკის მხრივაც ბევრია სასწავლი.

25 წლის ედიშერაშვილს ახალი თაობა ვეღარ ეთქმის, მით უფრო - სისტემატურად ჭიდაობდა ნაკრებში, მაგრამ ახალ ტალღას კი მოჰყვა.

ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებისა არ იყოს, ისიც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

შეიძლება, მისი დაწინაურება იმანაც განაპირობა, რომ ხინჩეგაშვილის ზედა წონაში გადასვლის შემდეგ მას ნაკრების კარი გაეხსნა (დაახლოებით იმავეს ვიტყვით ელიზბარ ოდიკაძეზე (96), რომელმაც მოსამზადებელ ციკლში რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა აზერბაიჯანელთა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონის, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვის თავკაცობით).

ყოველ შემთხვევაში, ტურნირზე აშკარად მოტივირებული იყო და დებიუტანტისა არაფერი ეტყობოდა. იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებს.

ხინჩეგაშვილს, ეტყობა, ჯერ კიდევ სჭირდება ცოტა დრო ახალ წონასთან შესაგუებლად, თორემ ის რა დონის მოჭიდავეცაა, ცხადად დაამტკიცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, იმის მიუხედავად, რომ ძირითად ბადეში მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.

პეტრიაშვილის შეფასებაში სრულად დავეთანხმებით ნაკრების თავკაც რევაზ მინდორაშვილს, გამოცდილების მეტი მას არაფერი აკლიაო.

ჩვენებური, ძირითადად, ამ დეფიციტის გამო დამარცხდა უკრაინელ ალან ზასეევთან, თუმცა მეტოქემ ფიზიკურადაც აჯობა.

პეტრიაშვილს ჯერ კიდევ სჭირდება მომძლავრება, რაშიც შტანგებთან ერთად დიდი როლი სპეციფიკურმა კვებამ და მედიცინამაც უნდა შეასრულოს.

მას შესანიშნავი მონაცემები აქვს - მძიმეწონოსნობის მიუხედავად, ძალიან სწრაფია, ტექნიკური და კარგად შედის ფეხში როგორც შორი, ასე ახლო დისტანციიდან.

თან ამხელა წონის კაცმა მედლის მოპოვების შემდეგ როგორი მალაყები შეასრულა?! ესეც მის მოქნილობაზე მიუთითებს.

ზასეევი უკვე ჩამოყალიბებული მოჭიდავეა და გენოს ამ დონის მეტოქე ტურნირზე არ შეხვედრია, თორემ 2-3 წელიწადში, ვფიქრობთ, მისი მომგები არც უკრაინელი იქნება და არც თურქი ტაჰა აკგული.

ბედის ირონიით, ახლა ყველაზე სერიოზული ჩავარდნა სწორედ ბოლო წლებში წამყვანად ქცეულ წონებში გვაქვს - 66-სა და 96-ში, სადაც ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის სპორტიდან წასვლის შემდეგ ძლიერი ფალავანი არ დაგვრჩა.

ეს იმიტომ, რომ თავის დროზე რეზერვზე სათანადოდ არ ვიზრუნეთ. ალბათ, ბევრი შემომედავება ელიზბარ ოდიკაძეზე და მის წაგებას მსაჯს დააბრალებს, რადგან ქულა-გაფრთხილებით დამარცხდა, მაგრამ იმ წესზე ყურადღება ზედ ჩემპიონატის წინ გამართულ ევროპული ფედერაციის კონგრესზე საგანგებოდ გაამახვილეს და პასიურობა უკვე ისჯება.

ამდენად, არბიტრი კანონიერად მოიქცა, ოდიკაძემ კი ჭიდაობის სტილი თუ არ შეცვალა, ყოველთვის ასე დასჯიან.

ეს წესები ჯერ კიდევ თებერვალში რომ ყოფილიყო, ის ვერც იაშარ დოგუს "დიდი პრიზის" ფინალში მოუგებდა გოზიუმოვს.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუგზარ სხირელი და მისი გამოცდილება აკლია თავისუფალ ჭიდაობას კურტანიძემ დიდი შეცდომა დაუშვა მისი გაშვებით ასეთი ხალხი საქართველოს სჭირდება ასევე ფიქრობენ მისი წარმატებული მოსწავლეები და ლოგიკურად მოაზროვნე ხალხი
peke,
00:43 30-03-2013
0
კარგი ერთი,გოგშელიძე რო ოლიმპიადაზე გავიდა სალინცეზიო ტურნირები ვინ მოიგო?ვინ და ყველა ოდიკაძემ.
iako
08:25 08-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული