მალე მათ მორიგი მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელით. ამის თაობაზე გვესაუბრება სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ანზორ თენაძე.
- ჩვენ ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა ვართ და შეგირდებს ჭიდაობის ჩოხიან სახეობებში ვავარჯიშებთ. თუმცა მთავარი ორიენტირი მაინც ძიუდოზე გვაქვს გადატანილი.
ცხადია, დიდი ყურადღებით ვეკიდებით ქართული ჭიდაობის შესწავლასაც, ვინაიდან ჩვენი ეროვნული სახეობა შესანიშნავი
- მათთვის წარმატებული გამოდგა ბოლო ორი ასაკობრივი პირველობა ქართულ ჭიდაობაში...
- 1996-1997 წლებში დაბადებულებმა ჯერ ზონალურ შეჯიბრებაზე, შემდეგ კი საქართველოს პირველობაზე შიდა ქართლის გუნდში იასპარეზეს კარგად. ახლახან 1997-1998-წლიანებმა დაასრულეს ზონალური პირველობა ბრწყინვალე შედეგით. გვინდა, რომ ისინიც უმცროსთა მსგავსი წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს პირველობაზე.
- ეს შეჯიბრებები ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მიერაა ორგანიზებული. პრეზიდენტის, გელა ბერუაშვილის ინფორმაციით, სოფლებში ახალი არენების მოწყობაც იგეგმება...
- ლაპარაკია კარგად მოწესრიგებულ საჭიდაო არენებზე, რაც მისასალმებელია. კარგად ორგანიზებული შეჯიბრება ზრდის მაყურებლის ინტერესს.
ვფიქრობ, უშუალოდ რაიონებმაც უნდა იაქტიურონ და ჩაატარონ შეჯიბრებები, სადაც მწვრთნელები ტალანტებს გამოავლენენ და სექციებში მიიწვევენ სამეცადინოდ.
- თქვენი სკოლიდან ქართული ჭიდაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა პაატა ღვინიაშვილმა ამას წინათ სამბოსა და ძიუდოშიც კარგად იასპარეზა...
- "ლელო" უკვე წერდა პაატას ამ წარმატებების შესახებ. პაატა მართლაც ჩინებულად ჭიდაობს ქართულს. ის 80 კგ-ის ფალავანია, მაგრამ ადრე ბევრჯერ მოუგია ნახერხმოყრილ არენაზე აბსოლუტურ წონაშიც. სამბოს გარდა, პაატა წლეულს ძიუდოში საქართველოს პირველობის პრიზიორიც გახდა, თუმცა მძიმე წონის ფალავნებთან ჭიდილმა მას სისწრაფე დააკარგვინა. ამაზე ვისაუბრეთ, გაითვალისწინა შენიშვნები, რაც შედეგზეც აისახა.
სამბოს გარდა, პაატა წლეულს ძიუდოში საქართველოს პირველობის პრიზიორიც გახდა.
- ამას წინათ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გორელებიდან ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ) და ანდრო ბერუაშვილმა (66 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ვაჟასგან ასეთ გამარჯვებებს მიჩვეულნი ვართ, ბერუაშვილისგან კი სასიამოვნო სიურპრიზი იყო...
- ანდრომ მანამდე საქართველოს სარეიტინგო პირველობაზე იმარჯვა, რის შემდეგაც, მისივე თქმით, თავდაჯერება მოემატა და მეტის იმედიც აქვს. ქომაგისთვის შესაძლოა ევროპის თასზე მისი წარმატება მოულოდნელი იყო, მაგრამ მწვრთნელებისთვის - არა.
- ურიგო შედეგად არც ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) სალონიკური ვერცხლი ჩაითვლება, თუმცა მისგან ოქროს უფრო მიჩვეულები ვართ...
- ბექას შარშანდელი ოპერაცია, წონის გამოცვლა და ძიუდოს წესებში ცვლილებები უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. ახალმა წესებმა ჩვენი ფალავნის ილეთების არსენალიდან რამდენიმე ისეთი ფანდი შეიწირა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა დროა საჭირო და ბექა აუცილებლად დაძლევს პრობლემებს. ის არა მხოლოდ ჩვენი, საერთოდ, ქართული ძიუდოს დიდი იმედია.
- ოლიმპიადის მერე თქვენი დარბაზის წამყვანი სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი და ბაჩო ტატალაშვილი არიან. როგორ ფორმაში ხვდებიან ისინი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს?
- იცით, რომ შარშან ოპერაცია შავდათუაშვილმაც გაიკეთა. ბუნებრივია, სრულყოფილ ფორმაში ჩადგომას დრო სჭირდება. სულ სხვაა დარბაზში ვარჯიში და სხვაა შეჯიბრებაზე გასვლა. ტატალაშვილმა უფრო გააუმჯობესა დამოკიდებულება ვარჯიშისადმი. გამოცდილებაც გაუორმაგდა. ამიტომ ვარშავის ტურნირზე მისი გამარჯვება ლოგიკური იყო. იმედია, ორივე მათგანი ევროპის ჩემპიონატზეც საუკეთესო შედეგს მიაღწევს.
- შეგირდების წარმატებები, ალბათ, მწვრთნელებსაც გმატებთ თავდაჯერებას...
- რასაკვირველია. უკვე ყველამ იცის საქართველოში და მის მიღმაც, რომ ამ დარბაზში მაღალი კლასის ფალავნები იზრდებიან. ამიტომ არათუ ვარჯიშის მსურველი ბავშვების რაოდენობა მატულობს, უცხოეთიდანაც სულ უფრო ბევრი გუნდი გვთხოვს ერთობლივ წვრთნებზე ჩამოსვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"