ოთარ თუშიშვილი: მუშაობის ნაყოფი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოჩნდეს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ახლო წარსულის ცნობილმა ფალავნებმა, გიორგი გოგშელიძემ და ოთარ თუშიშვილმა ჩაიბარეს, მოსამზადებელ შეკრებასთან ერთად, გუნდმა ორ საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზა: ჯერ რიგის ფეიდენფელდსის თასზე, ახლახან კი აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე.

რიგაში სამი პირველი და თითო II-III ადგილები მოიპოვეს (ამის შესახებ წერდა "ლელო"). ბაქოში გამარჯვებულები გახდნენ გენო პეტრიაშვილი (120 კგ) და შოთა ფარტენაძე (60).

ვერცხლის მედლები ბექა ბუჯიაშვილს (55) და ნოდარ ანდრიაძეს (96) ერგოთ, მესამეზე გავიდა გიორგი კაკაურიძე (96). ხსენებულ ტურნირებსა და სამომავლო გეგმებზე ნაკრების
ახალ მწვრთნელებს ვესაუბრეთ.

ოთარ თუშიშვილი:
- ბაქოს ტურნირი რიგისაზე უფრო მაღალი დონის იყო. ლატვიაში, ძირითადად, ევროპელები მონაწილეობდნენ, აზერბაიჯანში კი მათ დაემატნენ მასპინძლებისა და თურქების საკმაოდ კარგი გუნდები. თუმცა რუსეთიდან რიგაში უფრო ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ, ვიდრე ბაქოში. ორივე შეჯიბრებაში ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა დამაკმაყოფილებელი გამოდგა.

- ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილია. კიდევ ვის მიიჩნევთ გუნდში ფავორიტად?
- სტაბილური შედეგებით შოთა ფარტენაძე (60 კგ) გამოირჩევა. მისი კარგი ჭიდაობა საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას აღვნიშნე. მომდევნო შეჯიბრებებზე ფარტენაძემ განამტკიცა ჩემი შეხედულება.

- შედეგიანობით ბექა ბუჯიაშვილის გამორჩევაც შეიძლება, თუმცა მან, როგორც რიგაში, ისე ბაქოში გადამწყვეტი დაპირისპირებები დათმო. ფინალის ერთგვარი კომპლექსი ხომ არ ჩამოუყალიბდა?
- არა. რიგის შემდეგ გარკვეული შენიშვნები გვქონდა და ჭიდაობის სტილიც ოდნავ შევაცვლევინეთ, რაც კარგად წაადგა. ამას თავადაც აღნიშნავს. ლატვიაში ფინალი ყაზახმა ვლადიმერ კუდრინმა მოუგო, ბაქოში კი ბექამ პირველივე შეხვედრაში სწორედ ის დაამარცხა დამაჯერებლად. შემდეგი ეტაპებიც შესანიშნავად განვლო, მაგრამ მძიმე ბრძოლების გადამლახავს ფინალამდე ძალა აღარ მიჰყვა.

- ზოგიერთ წონაში ნაკლები კონკურენციაა, ზოგშიც უშედეგობა, რაც ამ წონებში სისუსტეს გვაფიქრებინებს...
- გეთანხმებით, თუმცა ჩვენი მუშაობის ნაყოფი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოჩნდეს. სამუშაო პროცესი მიდის და შეცდომების გამოსასწორებლად ჯერ დრო გვაქვს. მნიშვნელოვანი იქნება ბაკურიანის შეკრება. ხალიჩაზე შეგირდებთან იმ დოზით აქამდე არ გვიმუშავია, რაც ბაკურიანში მოგვიწევს.

- ახალ ამპლუაში, გოგშელიძის დარად, თქვენც ცოტა ხნის წინათ მოგვევლინეთ...
- რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მაქვს ნაკრების მწვრთნელის პასუხისმგებლობა. ვცდილობთ და იმედია, შრომა დაგვიფასდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული