ქართველთა დაღესტნურ-იტალიური გეგმები - ორად გაყოფილი გუნდი

AutoSharing Option
24-27 მაისს მახაჩყალაში თავისუფალ ჭიდაობაში მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი ტარდება - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ალი ალიევის მემორიალი, რომელიც ფრიად წარმომადგენლობითი შეჯიბრება უნდა იყოს.

წინასწარი მონაცემებით, იქ გამოვლენ რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ბელორუსის, უკრაინის, სომხეთის გუნდები, თუმცა სულაც არ ვამბობთ, რომ სხვები არ ჩავლენ.

უბრალოდ, ამჯერად დანარჩენებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თურქების გარდა. ჩვენი სამხრეთელი მეზობლები ინგუში მთავარი მწვრთნელის - ადამ ბერეკეტის (ბარახოევი) თამადობით, უძლიერესი შემადგენლობით უკვე მასპინძლებთან ერთობლივ შეკრებას გადიან. ბერეკეტმა მხოლოდ მძიმე წონაში არ წაიყვანა არავინ, თორემ სხვაგან პირველი ნომრები
იახლა.

ტურნირში ცალკე გუნდად გამოვა დაღესტნის ნაკრები - 33 მონაწილით, რომლებიც უკვე მეორე კვირაა, საგანგებო შეკრებას გადიან.

მართალია, მასპინძლები პირველხარისხოვან შეჯიბრებებში დამოუკიდებლად ვერ გამოდიან, თუმცა ეს სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

ტურნირში საქართველოს ნაკრებიც გამოვა. რაკი ჩვენებს რუსეთის ტერიტორიაზე ასპარეზობას მთავრობა აღარ უშლის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა გადაწყვიტა, ასეთი ძლიერი შეჯიბრება გუნდის მოსამზადებლად გამოიყენოს, თუმცა მახაჩყალაში მეორე შემადგენლობას აგზავნის, ძირითადებს კი თვის ბოლოს იტალიურ სასარიში გასამართი "ოქროს დიდი პრიზისთვის" ინახავს.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მახაჩყალაში ლაშა ლომთაძე (55), ბექა ლომთაძე (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (ორივე - 66), ომარ სანოძე, იაკობ მაქარაშვილი, გოგა ხუჭუა (სამივე - 74), ნოდარ ეგაძე (84), ელიზბარ ოდიკაძე, არჩილ ქიტიაშვილი (ორივე - 96) და დავით მოძმანაშვილი (120) იჭიდავებენ; სასარიში კი გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), დავით მარსაგიშვილი (84), დავით ქერაშვილი (96) და გიორგი საკანდელიძე (120) გამოვლენ.

როგორც ვხედავთ, იტალიაში 74 კილოგრამში მონაწილე არ გვეყოლება, ედიშერაშვილი და მარსაგიშვილი კი, შესაძლოა, ზედა წონაში ვიხილოთ.

თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია და მწვრთნელები საბოლოო სიტყვას ზედ ტურნირის წინ იტყვიან.

საქმე ისაა, რომ სპორტსმენებს ერთ თვეში მორიგი შეჯიბრება ელოდებათ - 21-23 ივნისს გასამართი საქართველოს თასი. ეს ახალი ტურნირია, რომელიც მსოფლიოსთვის შესარჩევი იქნება.

მაშინ მათ თავიანთ წონებში უნდა იჭიდაონ და ახლა ამიტომ არ აკლებინებენ, ვინაიდან დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორჯერ დაკლება არაა რეკომენდებული.

ისინი სასარის ტურნირამდე ბუნებრივად თუ მოასწრებენ დაკლებას, გადანაცვლების პრობლემაც არ გახდება საჭირო, თუმცა მაინც გავბედავთ და ვიტყვით, რომ, ალბათ, აჯობებს, ყველამ მუდმივად აკონტროლოს თავისი წონა და მუდამ ფორმაში იყოს.

როგორც ვხედავთ, არც ერთ შემადგენლობაში არაა საქართველოს ჩემპიონი და ევროპის მესამე პრიზიორი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი.

ბუნებრივია, ის წონის ლიდერად რჩება და მინდორაშვილსაც ძალიან უნდოდა, იტალიაში გამოეცადა, მაგრამ პეტრიაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება. ეროვნულ ნაკრებში ამჯერად ამიტომ ვერ მოხვდა.

ჩვენები მახაჩყალაში 23 მაისს გაემგზავრებიან, იტალიაში კი იმ შეჯიბრების დასრულების შემდეგ გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული