დავით პოღოსიანი: "თავისუფალთა" ნაკრებში კონკურენციის ზრდა გვახარებს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამას წინათ მახაჭყალის (დაღესტანი) ტურნირზე და სასარიში (იტალია) გამართულ ოქროს გრანპრიზე იმყოფებოდა. ნაკრების მწვრთნელებმა (რეზო მინდორაშვილი, დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი) ორივე შეჯიბრებაზე სხვადასხვა შემადგენლობა წაიყვანეს.

ამით წონითი კატეგორიის ლიდერებს გაუზარდეს საშეჯიბრო პრაქტიკა, მეორე-მესამე ნომრები კიდევ ერთხელ გამოსცადეს და რამდენიმე ისეთ სპორტსმენს, რომელიც ამჯერად ლიდერებში არ მოიაზრება, თუმცა სპეციალისტთა გათვლებით, პერსპექტიულად მიიჩნევა - მისცეს თავის გამოჩენის შანსი.

ორივე შეჯიბრებაზე გუნდს ახლდა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი დათო პოღოსიანი, რომელსაც ფალავანთა გამოსვლასა და ნაკრებში დღეს არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ.

-
ალი ალიევის სახელობის ტურნირის დონემ თუ დაგაკმაყოფილათ?
- ეს შეჯიბრება არასოდეს ყოფილა სუსტი. თავდაპირველად იგი მხოლოდ მონაწილეთა სიძლიერით იპყრობდა ყურადღებას, შემდეგ გამარჯვებულთათვის დაწესებული საპრიზო ფონდითაც. წლეულსაც ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა.

თავად რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, ძირითადად, პირველი გუნდებით იასპარეზეს აზერბაიჯანის და თურქეთის ნაკრებებმა. მათთან ჩვენი სპორტსმენების პაექრობა ნამდვილად საინტერესო იყო.

- თუმცა საქართველოს ნაკრებმა სათადარიგო შემადგენლობით იჭიდავა დაღესტანში...
- სულ 13-კაციანი შემადგენლობით ვიყავით წასულნი. გუნდში ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ორი მოქმედი ჩემპიონი გვყავდა, დანარჩენი მეორე-მესამე ნომრები იყვნენ. რიგ წონებში გამოვცადეთ ისეთი სპორტსმენებიც, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატზე კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ, თუმცა კარგი ჭიდაობით უდავოდ დაიმსახურეს ყურადღება. მათთვის აუცილებელია საშეჯიბრო გამოცდილება, რათა მომდევნო საქართველოს ჩემპიონატამდე მათთვის სპორტული სეზონი, ფაქტობრივად, გაცდენილი არ აღმოჩნდეს.

- იქ ჩვენმა მოჭიდავეებმა სამი ბრინჯაო მოიპოვეს. მათი ასპარეზობიდან რა იყო საინტერესო?
- სასიამოვნოა, რომ კობა მაქარაშვილმა (73 კგ), რომელიც საქართველოს ჩემპიონატებზე ყოველთვის კარგად გამოდიოდა, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე მედალი არ ჰქონდა მოპოვებული - ამჯერად ნავსი გატეხა (ბრინჯაო დაიმსახურა). კობას მეტოქე სწორად რომ შეეფასებინა (მეტად თავდაჯერებული გავიდა ხალიჩაზე), პირველობაც ხელეწიფებოდა. მურთაზ კვესაძის (60 კგ) ბრინჯაოც არ არის ურიგო მიღწევა. ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) კი ძალიან ძლიერ კონკურენციაში შეძლო კვარცხლბეკამდე მიღწევა. წააგო აბდუსალიმ გადისოვთან, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მისი დამარცხება ძალიან ძნელია.

- ამავე წონაში (96), მახაჭყალიდან რამდენიმე დღეში სასარის (იტალია) გრანპრიზე დაჩი ქერაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს ნიშნავს, რომ ამ წონაში მძაფრი კონკურენციაა...
- იტალიაში ქერაშვილის გამოსვლითაც კმაყოფილნი ვართ. ფინალური შეხვედრა მან მცირე შეცდომის გამო დათმო.

დაჩის კარგი ჭიდაობა სულაც არაა ჩვენთვის მოულოდნელი. მან თავისი ძალა ყველას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ გიორგი გოგშელიძესთან გამართულ ძალიან რთულ ორთაბრძოლაში აჩვენა. გუნდში კონკურენციის ზრდა კი, ცხადია, სასიხარულოა.

- 66 კგ-ში მახაჭყალაში ჩვენმა სპორტსმენებმა ისევ გაგვიცრუეს იმედები, რაც ალბათ, ნაწილობრივ, სასარიში ზარქუას ოქროს მედალმა გააბათილა...
- ზარქუას გამარჯვება, ცხადია, სასიხარულოა მწვრთნელებისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იტალიის გრანპრიზე ამ წონაში ძლიერი სპორტსმენები იყვნენ შეკრებილნი. მახაჭყალაში კი ერთბაშად ოთხი მონაწილე გვყავდა და ბოლომდე კმაყოფილნი არც ერთის ასპარეზობით არ დავრჩენილვართ, რაც ძალიან სამწუხაროა.

- ხასიათის გამოკეთება თუ გვინდა, სასარიში, 60 კგ-ის ფინალურ შეხვედრაში ლადო ხინჩეგაშვილის მიერ შესრულებული გარე სარმა უნდა გავიხსენოთ...
- მართლაც ულამაზესი გდება იყო! შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ფალავანი რომ ქულას დაკარგავს, რითაც მარცხდება და შვიდი წამით ადრე გამარჯვების მოპოვებას ბრწყინვალე ილეთით შეძლებს, როგორ შეიძლება მისი ბრძოლის ჟინით არ აღფრთოვანდე?!

ლადო უშუალოდ არენაზეც შესანიშნავად აზროვნებს, მწვრთნელის გარედან კარნახიც კარგად გადააქვს ხალიჩაზე.

მეტიც, ხშირად ზუსტად იმას აკეთებს, რის კარნახსაც აპირებდა დამრიგებელი. ხინჩეგაშვილს ნამდვილი საჩემპიონო ჭიდაობა აქვს და გული მწყდება, რომ ჯერ არ არის ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა შეუძლებელია, რომ საბოლოოდ ეს მან ვერ შეძლოს!

- მძიმე წონაში ჩვენს ნაკრებს, კონკურენციის თვალსაზრისით, ნამდვილად არ უჭირს...
- გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი ერთმანეთზე უკეთესი ფალავნები არიან! ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ევროპის ჩემპიონატის წინ, მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი 18 წლის გენოს კონტინენტის ჩემპიონატზე გაყვანის მიზანშეწონილობის შესახებ.

მაგრამ მწვრთნელებმა დავინახეთ, რომ იგი აღმასვლისკენ დიდი ინერციით მიდიოდა, შევუშვით არენაზე და მართლაც ყველა გაგვახარა! გენომ ახლახან ანკარაში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა.

იტალიის გრანპრიზე საკანდელიძის ჭიდაობითაც ძალიან კმაყოფილნი დავრჩით, რადგან საკმაოდ დამაჯერებლად აჯობა ყველას.

- მოძმანაშვილის დაღესტანში ჭიდაობაზე რას გვეტყვით?
- მოწინააღმდეგეები მასთან აშკარად უსუსურად გამოიყურებოდნენ, თუმცა დათო ხალიჩაზე რომ გადის, არ იხარჯება ბოლომდე! არ ვიცი, რისთვის ან ვისთვის იტოვებს ძალას და შესაძლებლობებს, მაგრამ ის ვიცი, რომ თუ მოინდომა, მსოფლიოში არ მეგულება ფალავანი, რომელიც გააჩერებდა!

სამწუხაროა, რომ რაც შეუძლია, იმას არ აკეთებს. მოახლოებული საქართველოს თასის (22-23 ივნისი) გათამაშება აქაც და ყველა სხვა წონაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) მხოლოდ იტალიაში გყავდათ და ისიც სხვა წონაში აჭიდავეთ...
- დიახ, მას აღარ დავაკლებინეთ წონა და საშეჯიბრო გამოცდილების მიზნით წავიყვანეთ სასარიში, თუმცა გიორგიმ ზედა წონაში ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო.

- მარსაგიშვილის უჭიდავებლობის მიზეზი რა იყო?
- სასარიში იგი აიწონა კიდეც შეჯიბრების წინ, მაგრამ ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა და არ გავრისკეთ მისი არენაზე შეშვებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული