2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ

AutoSharing Option
2 ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ჩემპიონატი იწყება ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, რომელშიც თავდაპირველად ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.

შეჯიბრებას 50, 60, 74 და 96 წონითი კატეგორიების ფალავნები გახსნიან, ანუ ჩვენგან ირაკლი შავაძე, ხვიჩა ჭითავა, ლაშა გობაძე და კუკური კირცხალია იჭიდავებენ.

ამ კვარტეტის ლიდერად გობაძე მიგვაჩნია, რომელიც შარშანდელი სეზონიდან შემორჩენილი ოთხეულის წევრია, ანუ უფრო გამოცდილია, რასაც ზურგს ტიტულებიც უმაგრებს - შარშანწინ ჭაბუკებში მსოფლიოზე ბრინჯაოს, ევროპაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანამდე - 2010 წელს, იმავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპაზე ასევე მესამე იყო.

ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია
ირაკლი შავაძე, ხოლო კირცხალიამ კონტინენტის პირველობაზე ისევ ჭაბუკებში 2011 წელს ვერცხლი მოიპოვა. ოღონდ გობაძისგან განსხვავებით, ისინი ახალგაზრდებში ოფიციალურ ტურნირზე პირველად გამოდიან.

ჩვენი ნაკრების დარჩენილი ოთხეული 3 ივლისს იჭიდავებს და სწორედ მაშინ ვნახავთ საქმეში ჩვენებურთა ლიდერებს - ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ იაკობ ქაჯაიას (120); ასევე ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორსა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონ რობერტ ქობლიაშვილს (84); საქართველოს კიდევ ერთ წლევანდელ გამარჯვებულსა და ჭაბუკებში ევროპის ორგზის პრიზიორ ედნარ შავაძეს (55); ჭაბუკებში ევროპის ასევე ორგზის ბრინჯაოსპრიზიორ ფირუზ წულუკიძეს (66)....

ამის შემდეგ ტურნირზე ქალთა შეჯიბრება იწყება - ისინი 4-5 ივლისს იასპარეზებენ, რის შემდეგაც საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. მათ შორის - ქართული ოქტეტიც, თუმცა ამაზე თავის დროზე ვისაუბროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული