საქართველოს "თავისუფლები" მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაზალეთზე ემზადება მსოფლიოს პირველობისთვის.

ესაა ამ ციკლის რიგით მეორე შეკრება, რომელსაც გუნდი ივლისის ბოლოს დაასრულებს, 2 აგვისტოს კი სომხეთში გაემგზავრება, სადაც 3-4 აგვისტოს ქალაქ ვანაძორში მსოფლიოს ჩემპიონ სტეფან სარგსიანის მემორიალში იასპარეზებს.

ნაკრების ხელმძღვანელობის განცხადებით, იქ ძირითადად საქართველოს თასის მფლობელები გაემგზავრებიან, თუმცა ორიოდე წონაში გამონაკლისს დაუშვებენ, რამდენიმეგან კი დამატებით სათადარიგო ფალავნებიც მიჰყავთ.

ვანაძორში ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55), ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ლევან ქელეხსაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი (ორივე - 66), იაკობ მაქარაშვილი, გიორგი სანოძე
(74), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი (84), დავით ქერაშვილი, ომარ გუსოშვილი (96), ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებში ევროპის პირველობის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი გიორგი საკანდელიძე იჭიდავებენ.

ამათგან მარსაგიშვილისა და მოძმანაშვილის გარდა, პირველად დასახელებულთაგან ყველა საქართველოს თასის გამარჯვებულია. მარსაგიშვილს იმ ტურნირში არ უასპარეზია, მოძმანაშვილმა კი საკანდელიძესთან წააგო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა იმთავითვე განაცხადა, რომ მარსაგიშვილს ასვენებდა (მთელ გუნდში ერთადერთს), თუმცა მას მსოფლიოზე ნაკრებში მოხვედრის შანსი მაინც რჩებოდა.

საბოლოოდ ამ წონაში ამინაშვილმა გაიმარჯვა, მარსაგიშვილს კი ჰაერივით სჭირდება ვანაძორული შეჯიბრება, რადგან სატურნირო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის - საზარდულის ტრავმამ მას იტალიურ სასარიში, "დიდ პრიზზე" გამოსვლის საშუალება არ მისცა.

ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა მძიმე წონაში, სადაც გენო პეტრიაშვილმა გაიმარჯვა - საკანდელიძეს ნახევარფინალში აჯობა.

პეტრიაშვილმა უკვე გაინაღდა 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში, უფროსთა შორის მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა, მაგრამ მას იგივე პირველობა, ოღონდ - ახალგაზრდებში, მანამდეც ელოდება, 13-18 აგვისტოს სოფიაში.

ის სადღეისოდ სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ემზადება და ამიტომ არ მიჰყვება ეროვნულ გუნდს ვანაძორში.

ჩვენი ინფორმაციით, მას მსოფლიოზე ორივე ასაკში უპირებენ ჭიდაობას, რაც ცოტა სარისკო ნაბიჯი გვგონია - გენომ მარტში უფროსებში იასპარეზა ევროპის პირველობაზე და მესამეზეც გავიდა, ივლისში უკვე ახალგაზრდებში მოიგო ევროპის ჩემპიონატი, აგვისტოში მესამე დიდი ტურნირი ელოდება, სექტემბერში - მეოთხე და ყველაზე მთავარი... იქნებ მარტიდან ივლისამდე საკმაო დრო ჰქონდა სულის მოსათქმელად; იქნებ ახალგაზრდების ევროპირველობა ძალის დაუძაბავად მოიგო, მაგრამ ბოლო სამი ტურნირი დროის მეტად შემჭიდროებულ ვადებში უწევს და ვშიშობთ, ზედმეტად არ გადაიღალოს...

მართალია, ახალგაზრდებში დიდი ჯაფა არ ადგება (თუმცა მსოფლიოს პირველობა ევროპისაზე ბევრად ძლიერი იქნება და ვეჭვობთ, იქ ევროპასავით იოლად ვერ გაისეირნებს), მაგრამ გადაფრენ-გადმოფრენა, მუდმივად ფორმის პიკში ყოფნა, შეუსვენებელი ვარჯიში უფროსთა მსოფლიოსთვის თავის დაღს მაინც დაასვამს...

არ ვკამათობთ, რომ პეტრიაშვილი ყველას უგებს დიდებშიც და ახალგაზრდებშიც, მაგრამ ამ ორ გუნდს შორის იქნებ მაინც გაგვეკეთებინა არჩევანი? მით უფრო, საბედნიეროდ, არჩევანიც გვაქვს.

განსაკუთრებით - უფროსებში, სადაც მოძმანაშვილი-საკანდელიძეც მედლების მომპოვებელი ხალხია... ასეთი მიდგომა რეზერვის გაზრდასაც შეუწყობს ხელს, რომელსაც შანსი მიეცემა.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნიჭს განვითარების საშუალება უნდა მისცე და ექსპლუატაცია არ უნდა გაუწიო (რაც ხშირად ერევათ ერთმანეთში), თორემ ამას რა უარყოფითი შედეგიც მოსდევს, არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება.

პეტრიაშვილი ახალგაზრდებს ათი თავით კი აღემატება, მაგრამ უფროსებთან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საბრძოლველად ჯერ ბოლომდე მზად რომ არაა, ეს მარტში თბილისში, ევროპის პირველობაზე უკრაინელ ალან ზასეევთან წაგებამაც დაადასტურა.

თუმცა ეს მაინც მწვრთნელთა გადასაწყვეტია, ჩვენ კი ისევ ნაკრების მსოფლიოსთვის მზადებას დავუბრუნდებით და გეტყვით, რომ გუნდი ვანაძორიდან სამშობლოში დაბრუნდება და ბუდაპეშტში წასვლამდე კიდევ ორ შეკრებას გაივლის.

პირველს - ბორჯომში, მეორის ჩატარების ადგილი კი მოგვიანებით გამოცხადდება, ოღონდ ისიც საქართველოში იქნება და არა უცხოეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენო ისეთი ვაჟკაცია, ყველა სიძნელეს დაძლევს. თავის წონაში უძლიერესია და ბუდაპეშტში გენო უნდა წავიდეს!
ზურაბ
12:24 29-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული