მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ისევ ბუდაპეშტში

AutoSharing Option
ორშაბათს, 16 სექტემბერს ბუდაპეშტში, "ლასლო პაპის სახელობის სპორტარენაში", სწორედ იმ არაჩვეულებრივ დარბაზში (ამბობენ, რომ ბუდაპეშტელები განსაკუთრებით ამაყობენ ამ ლამაზი ნაგებობით), სადაც აპრილში ძიუდოისტთა ევროპის პირველობა ჩატარდა - ჩვენთვის სასიამოვნოდ მოსაგონარი და ისტორიული შედეგის მომტანი ტურნირი (7 წონიდან 6-ის ფინალში გავედით), მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

ჩემპიონატში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და სამ დღეს იასპარეზებენ - 16-ში ლეიბზე 55, 66 და 96 კილოგრამების ფალავნები გავლენ ანუ ჩვენგან ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55), ლევან ქელეხსაშვილი (66) და დავით ქერაშვილი (96) იასპარეზებენ (სამივე
მსოფლიოს პირველობის დებიუტანტია).

ბევრად მეტი სანერვიულო გველოდება 17-შიც, როცა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), დავით მარსაგიშვილი (84) და გენო პეტრიაშვილი (120) იჭიდავებენ.

ამათგან დებიუტანტი მხოლოდ პეტრიაშვილია, თუმცა სამივენი მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია. მეტიც - ჩემპიონობისაც კი.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო თვეებში მარსაგიშვილი სტაბილურად ლიდერობს მოფლიოს რეიტინგს თავის წონაში, ხინჩეგაშვილი კი ასევე მყარად მეორეა.

"თავისუფალთა" ტურნირი 18 სექტემბერს დასრულდება 74 კილოგრამის ფალავანთა ასპარეზობით.

ამავე დღეს ტურნირში ქალებიც ჩაებმებიან, ჩვენგან კი იაკობ მაქარაშვილი იასპარეზებს. 19 სექტემბერი მთლიანად ქალებს დაეთმობათ, 20-ში კი მათთან ერთად ბერძენ-რომაელთა ერთი წონაც იასპარეზებს - 55 კილოგრამი, მათ შორის კი ჩვენგან დებიუტანტი ბაჩანა ფუტკარაძეც იქნება.

21-22 სექტემბერს მთლიანად ბერძენ-რომაელთა ჯერია. 21-ში ჩვენგან რევაზ ლაშხი (60), გიორგი ცირეკიძე (84) და ვასილ იმერლიშვილი (96) იჭიდავებენ, საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74) და ლევან არაბული (120) კი ჩემპიონატის ბოლო დღეს, 22-ში გავლენ საასპარეზოდ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ლაშხის გარდა, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მსოფლიოს პირველობის დებიუტანტია.

კოღუაშვილის რუსული დესანტი
ბუდაპეშტში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა რუს ბერძენ-რომაელთა ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმაც.

იქაურ "თავისუფალთა" გუნდის ხელმძღვანელობის მსგავსად, ისიც ძირითადად რუსეთის ჩემპიონებს დაეყრდნო, თუმცა 74-ში გაცხადებული გამონაკლისი დაუშვა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან ვლასოვი დააყენა, რომელსაც ქვეყნის პირველობაზე არ უჭიდავია. ოღონდ კოღუაშვილმა მაშინვე განაცხადა, რომ მას ასვენებდა და მსოფლიოზე ნაკრებში ადგილი დაჯავშნილი ექნებოდა.

სხვა წონებში ბუდაპეშტში ივან ტატარინოვი (55), ივან კუილაკოვი (60), ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი (66), ამავე ტიტულების კიდევ ერთი მფლობელი ალექსეი მიშინი (84), ნიკიტა მელნიკოვი (96) და სერგეი ანდრუსიკი (120) დააყენა.

ორიოდე სიტყვა სხვა გუნდებზე. ცხადია, რომ უნგრელები უძლიერესი ნაკრებით აპირებენ გამოსვლას საშინაო ასპარეზზე. ბერძენ-რომაელებმა შემადგენლობაში დააბრუნეს ოლიმპიური პრიზიორი პეტერ მოდოსი (55), ვისაც მარტში, თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე არ უჭიდავია.

გუნდშია თბილისში გაჩემპიონებული ტამაშ ლორინცი (66), მის გარდა კი შემადგენლობაში შედიან იშტვან კოზაკი (60), მარტინ სზაბო (74), ევროპის ჩემპიონი პეტერ ბასცი (84), მსოფლიოს ჩემპიონი ბალაზს კისი (96) და უბერებელი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის მედალოსანი, 38 წლის (!) იშტვან დეაკ-ბარდოში (120).

ჭიდაობის "როჟე მილა" შეეცდება, საკუთარ სახლში ღირსეული გაცილება მოიწყოს.

საინტერესო ფაქტი მოხდა ბელარუს "თავისუფალთა" ნაკრებში, სადაც დაღესტნელმა მწვრთნელმა რუსლან შეიხოვმა ორი ცვლილება შეიტანა.

ამ გუნდში სამი დაღესტნელი შედიოდა ორ იაკუტიელთან და ამდენივე ბელარუსთან ერთად. მეტად პროზაული მიზეზით - ფურუნკულის გამო ერთი დაღესტნელი ჰუსეინ შახბანოვი (60) თავის კარიერაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, მის ნაცვლად კი მწვრთნელმა ისევ დაღესტნელს, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ასადულა ლაჩინოვს უხმო (ესეც საინტერესო ცვლილება ხინჩეგაშვილისთვის).

თუმცა უფრო საყურადღებო მეორე ჩანაცვლებაა, სადაც მწვრთნელმა იმ ორი ბელარუსიდან ერთი, მძიმეწონოსანი ალექსეი ნიკოლაევი ისევ თანამემამულე იუსუპ ჯალილოვით შეცვალა.

ეს მახაჩყალელი ფალავანი ბელარუსის ჩემპიონი 96 კილოგრამში გახდა, თუმცა შეიხოვმა იქ ბელარუსი ივან იანკოვსკი დააყენა.

ჯალილოვმა თურმე შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა მოუგო ნიკოლაევს და საკადრო ცვლილების მიზეზიც ეს გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული