ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია

AutoSharing Option
25 სექტემბერს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მწვრთნელთა ცვლილებების შესახებ განაცხადა!

მას არ დაუმალავს უკმაყოფილება ბუდაპეშტში განცდილი მარცხის გამო, სადაც ჩვენმა სრულად დაკომპლექტებულმა ორმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვა - მას თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.

14 კაციდან ერთი მედალი საკმარისზე მეტი მიზეზია განგაშის ზარების შემოსაკრავად და კურტანიძემაც შემოჰკრა...

მისი თქმით, 15 ნოემბერს მწვრთნელებთან საბოლოო საუბარი ექნება, რის შემდეგაც პრეზიდიუმს განსახილველად წარუდგენენ ახალ სამწვრთნელო შტაბს.

ოღონდ ისიც დასძინა, რომ ის გუნდი უკვე ოლიმპიადამდე გააგრძელებს მუშაობას და თამაშებამდე
რეფორმები აღარ მოხდება.

ამით მწვრთნელებიც დაცულად იგრძნობენ თავს და არ ექნებათ შიში, რომ პირველივე წაფორხილება გადადგომად დაუჯდებათ.

კურტანიძემ სხვა მოსალოდნელი სიახლეებიც გაამხილა - ჩამოჰყავთ გერმანელი ფიზმომზადების მწვრთნელები, რომლებიც უკვე დეკემბერში გასამართ საქართველოს ჩემპიონატს დაესწრებიან და პრაქტიკულადაც შეუდგებიან მუშაობას.

მან პრესკონფერენციის დასასრულს, კერძო საუბარში ისიც თქვა, რომ ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოეთში წასულ ერთ-ერთ ქართველ მწვრთნელთან, თუმცა ვინაობა არ დაგვისახელა.

კურტანიძემ ბუდაპეშტში ჩვენი ორი ნაკრების გამოსვლა სხვადასხვაგვარად შეაფასა - ლიდერებით დაკომპლექტებული "თავისუფლებისგან" თურმე ბევრად მეტს, 4-5 მედალს მოელოდა და მათით უკმაყოფილოა, ხოლო "ბერძენ-რომაელებში", სადაც "მომავლის გუნდს" აშენებენ, ძირითადად, დებიუტანტები ჰყავდათ წაყვანილი გამოცდილების მისაღებად და ამ მხრივ მისია შესრულებულია.

კურტანიძის თქმით, მათ დაგვანახვეს, რომ მომავალ ოლიმპიადაზე სტაბილური და ძლიერი გუნდი გვეყოლება.

აქვე დავამატებთ, რომ "თავისუფლების" შემთხვევაში უკმაყოფილება მიმართულია მწვრთნელების და არა სპორტსმენების მისამართით, რადგან, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, დამრიგებლებმა არათუ ვერ შეასრულეს მითითებები, საწვრთნელ პროცესში შეცდომები დაუშვეს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოლიმპიადის წინაც - სალიცენზიო სეზონშიც და უშუალოდ თამაშებზეც უძლიერესი ნაკრები გვეყოლება ორივე სახეობაში.

ამაზე პასუხს ვაგებ მწვრთნელთა იმ გუნდთან ერთად, რომელიც სათავეში მოვა"
- დაგვამშვიდა კურტანიძემ.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრებზე საუბრისას პრეზიდენტი ცალკეული ფალავნებიდან ბევრზე არ შეჩერებულა, მხოლოდ რამდენიმეზე ისაუბრა:

"ილია გულბათაშვილმა და გიორგი ცირეკიძემ აჩვენეს, რომ კონკურენტუნარიანები არიან და მომავალში ნაკრებს დიდ ჩათვლას მისცემენ. დანარჩენებიდან რევაზ ლაშხზე შევჩერდები, რომელიც ერთადერთი გამოცდილი და ტიტულოვანი ფალავანი იყო ნაკრებში - მას წონის პრობლემა აწუხებდა და შეიცვლის კიდეც, მომავალში ახალ წონაში გადავა".

"ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, თან - ძალიან ახალგაზრდა, თუმცა მათთანაც ბევრი სამუშაოა იმ დანაკლისის აღმოსაფხვრელად, რაც ახლა დააკლდათ. ესაა მობილიზება, ჟინი და სხვა თვისებები"
- ასე დაახასიათა მან "თავისუფალთა" ნაკრები.

კურტანიძემ ისიც თქვა, რომ მომავალში თვითონაც ჩაერევა ნაკრების მზადებაში, თუ დაინახავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.

ახლა შეგნებულად არ ვერეოდი საწვრთნელ პროცესში, ინფორმაციებს მწვრთნელებისა და მეგობრებისგან ვიღებდი, მაგრამ ასეთი მიდგომა არ ყოფილა მთლად სწორიო, დაამატა ნათქვამს. თან დასძინა, რომ აქვს საამისო გამოცდილება, რადგან ზურგს ხანგრძლივი სპორტული კარიერა უმაგრებს:

"უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დავეხმარები ნაკრებს მაღალ დონეზე მომზადებაში.

ამპარტავანი არ ვარ და ვიცი, როგორ უნდა მივიყვანო ნაკრები გამარჯვებამდე. ამ გამოცდილებას მწვრთნელებს აუცილებლად გავუზიარებ.

უკვე არაა იმის დრო, მოვლენებს ზევიდან ვუყურო, როგორც ხელმძღვანელმა. ჩარევა საჭიროდ მიმაჩნია, რადგან 33-წლიანი გამოცდილება მაქვს და არცთუ ურიგო. შენიშვნები ადრეც მქონდა, მაგრამ კატეგორიულად არ ვერეოდი, ახლა კი ასე აღარ იქნება.

ბევრი რამეა შესაცვლელი. სპორტსმენმა მაქსიმალური მობილიზება უნდა შეძლოს და მაქსიმალურად დაიხარჯოს. მსოფლიოზე სწორედ ეს მაქსიმალიზმი ვერ დავინახე".


დაგვეთანხმებით, ფიზმომზადების მწვრთნელთა ჩამოყვანა მნიშვნელოვანი თემაა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

ძალიანაც კარგი, ამ მარადიულ პრობლემას და ქართული სპორტის "აქილევსის ქუსლს" თუ რამე ეშველება, მაგრამ რატომ გერმანელები და არა, მაგალითად, ჩრდილოკავკასიელები, სადაც უძლიერესი სკოლა შექმნეს? ასევე, შეიძლებოდა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან მოწვევაც, ორივე ეს ვარიანტი კი ფინანსურადაც უფრო მომგებიანი იქნებოდა გერმანულზე.

თან გერმანელთა კვალიფიკაციითაც დავინტერესდით და იმითაც, რა იქნება მათი კონკრეტული დავალება, ჩაატარებენ თუ არა ისეთ კომპლექსურ გამოკვლევებს, რასაც პეტერ ზაიზენბახერი აკეთებდა ძიუდოისტთა ნაკრებში; იქნებიან თუ არა მოჭიდავეები მუდმივი დაკვირვების ქვეშ? ამაზე კურტანიძემ შემდეგი გვიპასუხა:

"გერმანელებთან საკლუბო დონეზე 12-წლიანი გამოცდილება მაკავშირებს და კარგად ვიცნობ ფიზმომზადების იქაურ სკოლას, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში.

გერმანელებს ამაში ბადალი არ ჰყავთ. ისინი ჩვენთან მხოლოდ კონსულტაციებით არ შემოიფარგლებიან - მინდა, აქტიურად ჩაერთონ ნაკრების მუშაობაში. ლაპარაკია ძალიან გამოცდილ ხალხზე, რომელთა ვინაობასაც რამდენიმე დღეში დავასახელებ. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან კარგად ვიცნობთ იმ ადამიანების მუშაობას".


პრესკონფერენციის დასასრულს კურტანიძეს ცალკე გავესაუბრეთ და დავინტერესდით, ფიზმომზადების გარდა, უცხოეთიდან მთავარ მწვრთნელთა მოწვევაც ხომ არ იგეგმება, თუნდაც, ქართველების სამშობლოში დაბრუნება.

პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ მართლაც აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთში დასაქმებულ ერთ ქართველთან, ოღონდ მას იქაურ ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს 2016 წლის, ანუ ოლიმპიადის ბოლომდე და ბევრი რამე ამაზეც იქნება დამოკიდებულიო.

პრეზიდენტმა მეტი დაკონკრეტება არ ისურვა, თუმცა რატომღაც ვიეჭვე, რომ ეს აზიური ქვეყანა იქნებოდა. კურტანიძე დამეთანხმა, რომ ნამდვილად აზიაა, მეტად კი აღარ დაააკონკრეტა და არც მე ჩავეძიე.

უბრალოდ, დავძენ, რომ იმ აზიურ ქვეყანაში ინდოეთი ვიგულისხმე, თუმცა ვარაუდების დაწერას მეც მოვერიდები და გვარს არ დავასახელებ.

პრესკონფერენციას გორელი მოჭიდავეები - გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (60) ესწრებოდნენ. პეტრიაშვილს რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან (რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ლეგენდარული ვუწოდოთ) წაგებაზე დავეკითხეთ, რამ გამოიწვია ის:

"იმ მომენტში ვიჩქარე. თან გამოცდილებითაც მაჯობა და მომატყუა, ბევრად გამოცდილია - ერთ მხარეზე წავედი ტრიალზე და მეორეზე რომ გადმოვედი, ილეთზე დამიჭირა".

ხინჩეგაშვილი აღიარებს, რომ ვერ იჭიდავა:

"კარგ ფორმაში ვერ ვიყავი, უკეთესადაც მიჭიდავია. მონღოლმა ტაქტიკურად მაჯობა. მასთან მონაგები მქონდა და მომზადებული იყო ჩემთან საჭიდაოდ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგს სილაგაძე მოსწონს ზოგს კიდე ადეიშვილი მაგრამ ამ ეტაპზე ორივე უნდა წავიდეს
ramin bolkvadze
20:05 26-09-2013
0
ადეიშვილი ათეული წელი იყო და რა თქმა უნდა უნდა წავიდეს. სილაგაძე კი რამოდენიმე თვე იყო და საუკეთესო შედეგი ჰქონდა ისტორიაში. გუნდური პირველი ადგილი არასოდეს არ აუღიათ ოფიციალურ შეჯიბრებაზე. აი ტატიშვილის შედეგიანობისა კი არ მჯერა და რა ვქნა. მარტო სამწვრთნელო პრაქტიკა არ არის საკმარისი. უხეშობა და თავხედური ურთიერთობის მანერა ვერაფერი პიროვნული თვისებებია. გაუჭირდება გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნა და გუნდური სულისკვეთების მიღწევა. ავტორიტეტს ვერ იყიდი, ამას მოპოვება უნდა
giorgi
21:25 26-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული