ლუკა კურტანიძე: მას არა ბატონ ნუგზარს, არამედ ნუგზარ მასწავლებელს ვეძახი

AutoSharing Option
გამოცდილ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს მსოლფიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავნების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ, თუმცა გაცილებით მწვავე თემებზე მოგვიწია საუბარმა. სხირელმა ინტერვიუში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე გააკრიტიკა:

"არა მხოლოდ ჩემთან, მას ჭიდაობის სამყაროს ბევრ წარმომადგენელთან აქვს ცუდი ურთიერთობა და უკმაყოფილოთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს".
(იხილეთ სტატია სრულად)

"ლელო" კომენტარისთვის ლუკა კურტანიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

- გულდასაწყვეტია, როცა შენთვის პატივსაცემი ადამიანი და მწვრთნელი ასეთ განცხადებებს აკეთებს. მე მუდამ ვაღიარებ მის პროფესიონალიზმს და ყოველთვის არა ბატონ ნუგზარს, არამედ ნუგზარ მასწავლებელს ვეძახი. მან შექმნა
გორის საჭიდაო სკოლა, თუმცა იქ ნურც სხვა მწვრთნელებს - ჯიოშვილს, მუზაშვილს, ხინჩაგაშვილს და დანარჩენებს დავივიწყებთ.

ადამიანურად მისიც მესმის - 20-წლიანი მუშაობის შემდეგ წასვლა ძნელია. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია - წლების განმავლობაში გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი, როგორც სპორტსმენის დრო წავიდა და ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დამეთმო. დღესაც ვერ ვეგუები ამ აზრს და სხირელისაც გასაგებია, თუმცა ცვლილება ყველაფერს სჭირდება.

რაც შეეხება შეკრებაზე მის წასვლას, რევაზ მინდორაშვილი ამას ჩემს უნებართვოდ ვერ გადაწყვეტდა. როგორც კი სხირელმა ამის სურვილი გამოთქვა, უყოყმანოდ დავეთანხმე. ამბობს, რომ იქ ჩასული არ მივესალმე, რაც ადამიანური მომენტიდან გამომდინარეობს - როცა ზემოაღნიშნული ცვლილებები განვახორციელე, მაშინ ნუგზარ მასწავლებელი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მედიაშიც და მის გარეთაც აქტიურად გამოდიოდა ჩემ წინააღმდეგ და არ იშურებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

ამაზე ნაწყენი არა, მაგრამ გულდაწყვეტილი კი ვარ - მე მას არასოდეს ვაკადრებ მსგავსს. თვით ის ფაქტი, რომ მისი აღზრდილები - დავით პოღოსიანი, გიორგი გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ბესო გუჩაშვილი სხვადასხვა ნაკრებებში უფროს თუ მეორე მწვრთნელებად მოვიყვანე, ესეც ხომ მისი მუშაობის აღიარებაა?

მას დღესაც ყველანაირი საშუალება აქვს, რომ თავისი საქმე, სიტყვა, გამოცდილება გაგვიზიაროს - კვლავინდებურად მუშაობს გორში, მის მოსწავლეებს ყველანაირი პირობები ექმნებათ შედეგების მოსაპოვებლად და ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ეს შანსი გამოიყენეს კიდეც.

წინასწარ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მათი შედეგებისთვის სხირელი წლის ბოლოს 70-დან 80 ათას ლარამდე პრემიას მიიღებს - აქ ახალგაზრდულ ნაკრებში მოპოვებული შედეგებიც შედის. ამასთან, ის "ქართუ-ფონდიდანაც" იღებს 1000 ლარს, როგორც დამსახურებული მწვრთნელი, გორის სპორტსკოლიდან კი - 500 ლარს.

მგონი, საქართველოში 1500-ლარიანი ხელფასი და წლის ბოლოს 70-80-ათასიანი პრემია დიდი დაფასებაა.

მეკითხებით, თუ მასთან პრეტენზიები არ გვქონდა არც ფინანსებზე, არც - საკადრო შერჩევაზე, არის დიდი პროფესიონალი, რატომ არ დავტოვეთ გუნდში თუნდაც კონსულტანტად?

მასაც და სხვა მწვრთნელებსაც თავიდანვე შევთავაზეთ კონსულტანტებად დარჩენა, მაგრამ არ ისურვეს. სხირელი ნაკრებებში მწვრთნელებად მოყვანილ თავის მოსწავლეებს არ აღიარებს და ვერ იმუშავებდა მათთან. იგივე პრობლემა ჰქონდათ სხვებსაც - თავიდანვე კონფლიქტში შევიდნენ თავიანთ სავარაუდო შემცვლელებთან. მათიც მესმის - ძნელია, როცა შენი შეგირდი უფროსად მოგევლინება.

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ წავიყვანეთ ბუდაპეშტში, ამჯერად ვერ მოხვდა იმ 30-კაციან კვოტაში, ვისაც ფედერაცია აფინანსებდა - ორივე ნაკრების სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები, ფედერაციის ხელმძღვანელობა და სახელოვანი ვეტერანები, რაც სიახლეა ჩვენი ფედერაციის მუშაობაში. წესად დავამკვიდრეთ, რომ გუნდებს მოსამზადებელ პროცესში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე თან ახლდნენ სახელოვანი ფალავნები, ღვაწლმოსილი ადამიანები. ისინი შეკრებებზეც დადიან და 2-3 კაცი ტურნირებზეც დაგვყავს, ვანაწილებთ, როგორც შეგვიძლია. მათგან ბევრი ისეთია, წლების განმავლობაში გარიყულები რომ იყვნენ ჭიდაობიდან, ჩვენ კი ნელ-ნელა ვაბრუნებთ უკან.

რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ საღარაძე, მიხეილ სალაძე, თამაზ მაჭავარიანი, ვლადიმერ კანკავა, ესტატე გოგლიჩიძე, ვანო ნიკოლაძე, ვახტანგ ბლაგიძე, ზარიბეგ ბერიაშვილი (თუმცა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო შეკრებაზე წასვლა და მოგვიბოდიშა), თემურ ყაზარაშვილი, თემურ აფხაზავა და სხვა. მაქსიმალურად ვანაწილებთ ამ ხალხს, რომ არავინ დაგვრჩეს გულნატკენი.

გოგლიჩიძე და სალაძე მსოფლიოს უნივერსიადაზე გავუშვით; საღარაძე ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე სულაც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო; აფხაზავა, ვინც წლების განმავლობაში ნატრობდა ნაკრებთან ყოფნას, სერბეთში გავაყოლეთ ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაზე, ნიკოლაძე და ბლაგიძე ბუდაპეშტში წავიყვანეთ.

მინდა, ყველა ჩავრთო და მაქსიმალურად დავაფასო. სხირელი ახლა ვერ მოხვდა ამ სიაში, თორემ მომავალში აუცილებლად დავაფინანსებთ. ამჯერად ჩვენ მის ვიზაზე ვიზრუნეთ, მეტი ვერ მოხერხდა.

ბუდაპეშტში მის სეკუნდანტობას რაც შეეხება, არსებობს ერთგვარი პროტოკოლი, რომელსაც ვიცავთ და რომლის მიხედვითაც იქ მთავარი მწვრთნელი უნდა იჯდეს. მე შოთა კიკაბიძემ გამზარდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მეჯდა სეკუნდანტად.

მერწმუნეთ, არავინ დაიჩაგრება. ამას გეუბნებით 27 სექტემბერს, ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეს, როცა დავკარგე აფხაზეთი, სახლი, ბავშვობის მეგობრების დიდი ნაწილი, დავკარგე მშობელი მამა - 27 სექტემბერს მას უკანასკნელად დავემშვიდობე და ვუთხარი, თბილისში გელოდები-მეთქი, მაგრამ მისი საფლავიც არ ვიცი.

ის იამაყებს იმით, რომ მართალი კაცი ვარ და ვემსახურები ჩემს სამშობლოს, რომელიც მილიონებზეც არ გავცვალე, როცა პური და წყალი მენატრებოდა, მშიერი ვვარჯიშობდი და ექიმები მაჩერებდნენ, ამ დატვირთვებით ვარჯიში არ შეიძლებაო.

ამ გადმოსახედიდან არავინ იფიქროს, რომ ლუკა-ელდარ კურტანიძე ვინმეს არასწორად მოექცევა. შეუცდომელი არავინაა და იქნებ მეც შევცდე, რასაც ვაღიარებ კიდეც, მაგრამ უსამართლოდ არავის მოვექცევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია
შრომა, მონდომება, ხასიათი - რაც ბიჭებს აკლდათ, რევაზ მინდორაშვილის აზრით
ქართველ მოჭიდავეთა კრახი მსოფლიოს ჩემპიონატზე
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ რამეს კეთება იცით მოდით და ერთად ა ვაღორძინოთ ქართული სპორტი ასე ადვილია ლაპარაკი ლანძღვა ადვილია აი საქმე კი ძნელი,
0
რო იძახით ლეღვებივით მიშაო, რა შუაშია მთავრობა, აქ საქმე იმენნა კურტანიძეშია, არცერთისტი არაა ეს კაცი, წლებია თავის საქმეს აკვდება ბოლომდე, ვინც არ იცით ბიოგრაფიას გაეცანით მისას და მერე იტლიკინეთ, მითუმეტეს ივანიშვილის ფონდით ფინანსდებიან სპორტსმენები და მიშაო ესენი წერენ, ქლიბობებს სანამ დაწერთ, სტატია გადაიკითხეთ
ყრუ სასტავს !!!
11:44 01-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული