ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს

AutoSharing Option
უკლებლივ ყველა ტიტულის მფლობელი სახელოვანი გორელი მწვრთნელი და თავისუფალ ჭიდაობაში მისი ყველაზე წარმატებული შეგირდი, ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან: ხინჩეგაშვილი ახალ წონაში გადავიდა და 57-61 კილოგრამებში მოპოვებული უდიდესი გამარჯვებების შემდეგ უკვე რიგით მესამე წონით კატეგორიაში შეეცდება მწვერვალების დაპყრობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით სხირელის აზრს შემოგთავაზებთ.

- საინტერესოა, რა აზრის ბრძანდებით ხინჩეგაშვილის მიერ წონის შეცვლასთან დაკავშირებით?
- ეს გადაწყვეტილება ლადომ თავად მიიღო. ამ შემთხვევაში მისი პრივილეგიაა, სად იჭიდავებს.

ცხადია, 61 კილოგრ
ამი მასთან უფრო ახლოსაა, მაგრამ ამ ორდღიანი ფორმატის, ორჯერ აწონვისა და ახალი წესების გათვალისწინებით, მეც დავეთანხმე, რომ 65 აჯობებდა.

ახლა, საქართველოს ჩემპიონატზე რომ აიწონა მეორე დღეს, 64.500 კილოგრამი იყო, სრულად არც კი ჰქონდა თავისი წონა შესრულებული. ახალი წესები რომ გავითვალისწინოთ, როცა ერთ დღეს ჭიდაობ და ფინალისთვის კიდევ უნდა აიწონო, ეს პატარა დატვირთვა არაა.

ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც ამას დიდი გამძლეობა უნდა. ძველი წესით თავისუფლად შეეძლო, მიეღო კვების ის რაციონი, რაც უნდოდა, რაც სჭირდებოდა, რადგან მეორე დღეს არ იწონებოდა.

თუმცა ამ შემთხვევაში ასეა და ლადომ იჭიდავა 65 კილოგრამში. გვაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ის ამ წონაში ჭიდაობას. თავისი რწმენით, განწყობით სჯეროდა, რომ წარმატებით გამოვიდოდა და მოიგებდა. მოიგო კიდეც, წონა კი ოლიმპიადისთვის შეიცვალა. ტოკიოს თამაშებამდე გაივლის მოსამზადებელ ტურნირებს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს და შეხედავს თავის შესაძლებლობებს. ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, სამომავლოდ როგორ იქნება საქმე, დარჩება ისევ 65 კილოგრამში თუ უფრო დაბლა ჩამოიწევს.

- ამ ჩემპიონატზე რაც ნახეთ, ადაპტაცია არ გასჭირვებია...
- არა, ნამდვილად არ გასჭირვებია. მით უფრო, შემოდგომაზე თვე-ნახევარი ამერიკაში იყო მიწვეული მასტერ-კლასებზე, მერე ვლდიკავკაზში შეჯიბრებაზე გამოვიდა, თუმცა აკლდა მომზადება. ამ ტურნირისთვისაც სრულყოფილად სამად სამი ვარჯიში ჩაატარა, თორემ ახლაც აკლდა მომზადება. სამაგიეროდ, მას რომ სჯეროდა გამარჯვებისა, მეც მჯეროდა, რომ მართლაც მოიგებდა.

- არა მგონია, ახალ წონაში ფიზიკურად დაიჩაგროს...
- ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს. ის შეჩვეული იყო მჩატე წონებს, ახლა კი მიიღებს ფიზიკურ დატვირთვებს და ვნახოთ - როგორც მთელი საქართველო, მეც ველოდები მისგან წარმატებებს.

- ოლიმპიადისთვის მას ჩვეული სანაკრებო რეჟიმით მოამზადებთ თუ საგანგებო გრაფიკით, რომ იქნებ ზოგჯერ რაღაც შეჯიბრებებიც გამოტოვოს?
- ლადო ისეთი დონის მოჭიდავეა, მას თავისი ტაქტიკა და თავისი სპეციფიკა აქვს ყველაფერში. არ ვეკუთვნი იმ მწვრთნელთა კატეგორიას, დავიწყო მტკიცება, ამას ან იმას გავუკეთებ-მეთქი. მე ყოველთვის ინდივიდუალურად ვუდგები მოჭიდავეს, ვითვალისწინებ მის პიროვნულ თვისებებს.

მაგალითად, ხინჩეგაშვილი სხვაა, პეტრიაშვილი - სხვა. ლადო ასაკითაც უფროსია და გამოცდილებაც მეტი აქვს. გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში რა უქნა რუს ახმედ ჩაკაევს - ისეთი შეხვედრის შემობრუნებას 1000-ში ერთი თუ შეძლებდა. მან იცის თავისი შესაძლებლობები, რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს.

დასვენებას რაც შეეხება, შევხედავთ მის მდგომარეობას კონკრეტულ მომენტში, ამ ეტაპზე კი ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფიზიკურ მომზადებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ორივეს. მაგარი კაცები ხართ
zaza
14:29 27-12-2017
0

სიახლეები პოპულარული