დაღესტნურმა საიტმა დავით მოძმანაშვილი ოქტომბრის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა

AutoSharing Option
სასიხარულო ამბავი მოვიდა დაღესტნიდან - იქაური სპორტული საიტის, wrestdag.ru-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მომხმარებლებმა ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი (120) ოქტომბრის თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

სახელის მიუხედავად, ეს საიტი მხოლოდ ჭიდაობით არ შემოიფარგლება და სპორტის ყველა სახეობას მოიცავს. ის ანალოგიურ გამოკითხვას ყოველთვიურად ატარებს, ხმის მიცემა კი არა მხოლოდ დაღესტნის მცხოვრებლებს, არამედ ნებისმიერს შეუძლია მსოფლიოს ასევე ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა გამოკითხვებში, ძირითადად, რუსეთის რეგიონების მცხოვრებლები მონაწილეობენ. გასაგებია, ისინი ვაგლახად არავის მიანიჭებენ უპირატესობას.

თან, დაღესტანსა და ზოგადად - ჩრდილო კავკასიაში ჭიდაობის კულტია, ამ
ფონზე კი მოძმანაშვილის აღიარება ორმაგად ფასეულია.

ჩვენმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ოქტომბერში რუსეთის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო - ჯერ იაკუტსკში დმიტრი კორკინის მემორიალში აჯობა ყველას, მერე კი გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის თასზე იმარჯვა. თან ორივეგან დამაჯერებლად და ქომაგთა საყოველთაო სიმპათიაც დაიმსახურა.

"კრასავჩიკ" - ეს ეპითეტი მისი წარდგენისას ციმბირელმა კომენტატორმა გამოიყენა, როცა ქართველი იაკუტსკში ფინალში თანაგუნდელ თორნიკე ხიდეშელთან საჭიდაოდ გადიოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ გამოკითხვის შესახებ თავად მოძმანაშვილმა არაფერი იცოდა და ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო.

"ცხადია, გამიხარდა, თუმცა ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს გადატანილი"
- გვითხრა ფალავანმა.

საინტერესოა, რომ wrestdag.ru-ს ადმინისტრატორი ცნობილი დაღესტნელი სპორტული ჟურნალისტი მურად კანაევია, რომლის მეუღლეც თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ავარელია, ხოლო მისი წიგნის შესახებ, რომელშიც მთელი სამი თავი ქართველებს ეთმობა, "ლელოც" წერდა.

აღიარებაზე ვსაუბრობთ და ამ დღეებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც გამოარჩია ქართველი, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე - ფილამ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი შალვა გადაბაძე (96) მსოფლიოს ჩემპიონატის "საუკეთესო დაცვისუნარიანთა" ათეულში დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული