ლუკა კურტანიძე: ვიცი, ბევრი იტყვის - რაღა დროს კურტანიძის ჭიდაობააო

AutoSharing Option
გასულმა სეზონმა ქართული ძიუდოს ტრიუმფით კი ჩაიარა, მაგრამ 2013 წელი მაინც ჭიდაობამ "დახურა" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სწორედ წლის ბოლო დღეს გაგვიმხილა, რომ აქტიურ სპორტს უბრუნდება!

დიახ, რამდენიმეწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, 41 წლის ლუკა კურტანიძე ტატამზე თებერვლის დასაწყისში, ირანულ ტურნირზე გავა.

დანარჩენს კი ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- მთელი წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ნაკრებებთან ერთად რამდენიმე შეკრება გავიარე, მოჭიდავეებს სპარინგპარტნიორობას ვუწევდი... ფორმა აღვიდგინე და როცა მივხვდი, რომ ოპტიმალურ კონდიციაში ვარ, აქტიურ სპორტში დაბრუნება
გადავწყვიტე. პირად მწვრთნელად რეზო მინდორაშვილი ავირჩიე. შევეცდები, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონკურენცია ავამაღლო, თებერვლის დასაწყისში კი ირანში "ტახტის ტურნირზე" მოვსინჯავ ძალას...

- მოჭიდავის კარიერის განახლება მხოლოდ კონკურენციის ასამაღლებლად გადაწყვიტეთ?
- როცა ამდენწლიანი კარიერის შემდეგაც მაქვს ჭიდაობის სურვილიც, სპორტული ჟინიც და რაც მთავარია, ჩემი ხალხის გახარების შესაძლებლობა, რატომ არ უნდა ვცადო?! ნებისმიერ ასაკში იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, შენი ქვეყნისთვის ბოლომდე რომ იხარჯები. მათ კი, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემს წაქცევას, ქართველებისთვის ადათ-წესებისა და ფასეულობების დავიწყებას, ამ ნაბიჯით ვაჩვენებ - ქართული სული ვერ გატეხეს და ვერც ვერასოდეს გატეხენ!

- როგორ ფიქრობთ, 41 წლის ასაკში ტატამზე თქვენს დაბრუნებას ადეკვატურად აღიქვამენ?
- ალბათ, ბევრი იტყვის, რაღა დროს კურტანიძის ჭიდაობააო... მაგრამ მინდა, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ფარ-ხმალი ნაადრევად დაყარეს, ვუჩვენო, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. თუ მოინდომებ, მაქსიმალურად დაიხარჯები და საქმეს სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი შესაძლებელია! ჭიდაობას ამის საჩვენებლად ვუბრუნდები...

- რამდენიმე დღის წინ ნაკრებების ახალი მწვრთნელები დაამტკიცეთ...
- პირველად ბოლო წლებში, ჭიდაობის ფედერაციამ მოამზადა ერთწლიანი ხელშეკრულებები, სადაც ახლებურად განისაზღვრა კრიტერიუმები და მოთხოვნები. 20-წლიანი მმართველობები წარსულს ჩაბარდა. ახლა დინამიკური ცვლილებების, ოპტიმალური კადრების შერჩევის დროა, ახალ თაობას მივეცით თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა მუშაობის გაგრძელებას ძველი მწვრთნელებიც ჩვეულებრივ შეძლებენ...

- კლასიკოსთა ნაკრების სათავეში ბეგი დარჩიას დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის წინ მისი გათავისუფლება შეცდომა იყო?
- არანაირად. ყველას მივეცით შესაძლებლობა, "გვერდიდან" დაენახა, გაეანალიზებინა ყველაფერი... თავად ბატონი ბეგისგან ვიცი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ასეც მოიქცა. თანაც, მხოლოდ მწვრთნელებს კი არა, ნაკრების ყველა წევრს ველაპარაკები ხოლმე და ვიცი, რომელ მწვრთნელებთან მუშაობა სურთ. სპორტსმენები მხოლოდ გლადიატორები კი არა, ის ხალხია, ვისაც თავიანთი ქვეყნისთვის მაქსიმალურად დახარჯვა უნდათ და აუცილებელია, მან ავარჯიშოს, ვისთან მუშაობაც თავად სურთ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე წარმატებული სპორტსმენების უმეტესობა ბეგი დარჩიას დაბრუნებას უჭერს მხარს და გადაწყვეტილება ამან მიმაღებინა!

- ფედერაციის სათავეში მოსვლისას თქვით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საჭიდაო სამყაროს გაერთიანება იყო, მაგრამ კონფლიქტებს მაინც ვერ ასცდით...
- იმიტომ, რომ სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს კარგად იცნობდნენ, ფედერაციის ხელმძღვანელს კი - არა... ამიტომაც ბევრი შრომა დამჭირდა იმის საჩვენებლად, რომ საქმეს სწორად ვუძღვები. ისიც ფაქტია, რომ ამხელა ბიუჯეტი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას არასდროს ჰქონია! თქვენ მიერ ნახსენები კონფლიქტების მიუხედავად, პრეზიდიუმის წევრებმა ისეთი ნდობა გამომიცხადეს, ნამდვილად რომ არ ველოდი... ერთწლიანმა მუხლჩაუხრელმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა - დღეს ჭიდაობის სამყარო ერთიანია!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯიგარი ხარ ლუკა, ნაღდი ქართველი და მაგალითის მიმცემი კაცი ხარ, გისურვებ წარმატებებს, გილოცავ ნათლისღებას.
papuna_aslanishvili@mail.ru
22:30 19-01-2014
0
მე მგონი ეს კაცი ცოტა ლეტნათ უნდა იყოს.
atuni
21:13 06-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული