გენო პეტრიაშვილი რეიტინგშიც საუკეთესოა

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო რეიტინგში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე - ბერძნულ-რომაულში, რადგან აქ ყველა წონაში გვყავს მონაწილე 15 რჩეულს შორის.

თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენები მოწინავე სამეულში არც აქ არიან.

ყველაზე კარგ ვითარებაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია - IV ადგილი რეიტინგში. სავსებით ლოგიკურია ჩვენს გუნდში მისი პირველობა, რადგან წლეულს მხოლოდ მას ჰქონდა შედეგი - ევროპაზეც და მსოფლიოზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა ასევე ლოგიკურია მისი მეოთხეობაც - მას მხოლოდ რუსთა ოსი, მსოფლიოს აწ უკვე ხუთგზის, ევროპის სამგზის და ოლიმპიადის ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი, უკრაინელთა ოსი
ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ალან ზასეევი და თურქი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ტაჰა აკგული უსწრებენ - ისინი ჯერჯერობით მართლაც აღემატებიან ჩვენს 19 წლის ტალანტს.

თავიანთ წონებში მეხუთე ადგილზე სამი მონაწილე გვყავს - ლევან ქელეხსაშვილი 66-ში, იაკობ მაქარაშვილი 74-ში და დავით ქერაშვილი 96-ში.

სამივე ახალ თაობას მიეკუთვნება და სიმბოლურია, რომ შარშან, მსოფლიოს პირველობაზე სამივე მეხუთე ადგილზე გავიდა... ისინი თავიანთ წონებში უკვე ლიდერებად იქცნენ. ამ მხრივ უფრო გამოკვეთილი ქელეხსაშვილია, რომელსაც იმდენად ძლიერი კონკურენტები არ ჰყავს. ის ახალი გადმოსულია ახალგაზრდული ნაკრებიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, შარშან, მისთვის სადებიუტო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის ეჭიდავა. ოთარ თუშიშვილის სპორტიდან წასვლის შემდეგ ის ამ წონის ლიდერად იქცა.

ბოლო თვეების შედეგებით, მაქარაშვილიც წონის ლიდერია, თუმცა მას მუდმივად თან სდევს დავით ხუციშვილის აჩრდილი - მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანმა ოპერაციისშემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და ვარჯიშსაც შეუდგა.

ოღონდ გასარკვევია, რომელ წონაში გააგრძელებს კარიერას - მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფედერაციამ ახალი წონითი კატეგორიები დაადგინა, რაც ცვლილებებისკენ ხუციშვილსაც უბიძგებს.

სპორტიდან გიორგი გოგშელიძის წასვლის შემდეგ 96 კილოგრამში ლიდერის ძებნის პროცესი გაჭიანურდა.

ერთი ხანობა, უპირატესობა ელიზბარ ოდიკაძის მხარეს იყო და მარტში თბილისში, ევროპის ჩემპიონატზეც აჭიდავეს, მაგრამ ბოლო თვეებში ლიდერობა ოდიკაძემ გადაიბარა და მსოფლიოში მეხუთედაც იქცა - ყველა პარამეტრით, ანუ რეიტინგშიც და პირად პირველობაშიც...

15-ეულში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან გიორგი ედიშერაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84). ცხადია, ეს მათთვის არაა სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა კიდევ უფრო უარესი ის გარემოებაა, რომ ედიშერაშვილს, რეიტინგს ვინღა დაეძებს და, დოპინგის გამო მთელი ორი წელიწადი გაუცდება.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენგან ყველაზე ცუდი რეიტინგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (60) აქვს - IX ადგილი.

შარშან მისი გამორჩეული შედეგები ევროპირველობაზე მოპოვებული ბრინჯაო და იტალიურ სასარიში მოგებული "ოქროს დიდი პრიზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
************
19:10 21-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული