ლუკა კურტანიძე: ირანში ტაშს უკრავდნენ ქართველს და ეს საქართველოს გამარჯვება იყო

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გამართა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც თეირანსა და პარიზში გამართულ შეჯიბრებებს ეძღვნებოდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ თავად მისი დაბრუნება სპორტში.

მოგეხსენებათ, 41 წლის ფალავანმა ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება და ირანში იჭიდავა, სადაც პირველივე წრეში წააგო თურქ ალი ბანცეოღლუსთან.

პრესკონფერენციაც ამ თემაზე საუბრით დაიწყო და კურტანიძემ სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო:

"ვიცოდი, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება რთული იქნებოდა, მაგრამ მე მქონდა მოტივაცია და მიზანი, რისთვისაც ვაკეთებ ამას. ოღონდ ვის და რას ეძღვნება ჩემი
ეს ნაბიჯი, ამას მხოლოდ მას შემდეგ გეტყვით, როცა გამარჯვებებს მოვიპოვებ, რაშიც დარწმუნებული ვარ.

ამასთან, მინდოდა, ახალი თაობისთვის მაგალითი მიმეცა"
- განაცხადა მან.

როგორც გაირკვა, წაგების მიუხედავად, ის მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და კარიერის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით მისი გეგმები მხოლოდ უახლოეს წელიწადნახევარზეა გათვლილი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

კურტანიძე შემდეგ ტურნირებში აპირებს გამოსვლას: 15-16 მარტს ლოს ანჯელესში იჭიდავებს მსოფლიოს თასზე, 22-26 მაისს კი - მახაჭყალაში, ალი ალიევის ტურნირზე...

ამ შეჯიბრებებში თავადაც დააკვირდება საკუთარ გამოსვლას, შესაძლებლობებს. მწვრთნელებიც განიხილავენ ამ ყველაფერს და გაკეთებული ანალიზის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა ბრძოლა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად. თუმცა ეს რომც არ გამოუვიდეს, ის მაინც იჭიდავებს ვეტერანთა და პოლიციელთა ტურნირებში, რომლებიც შედარებით ნაკლებად დატვირთულია.

წლეულს გამოვა ევროპის თასზე პოლიციელთა შორის და მსოფლიოს ჩემპიონატში ვეტერანებში, გაისად კი იასპარეზებს პოლიციელთა მსოფლიოს ოლიმპიადაზე.

როგორც ვწერდით, კურტანიძის დაბრუნება დიდ სპორტში და ჩასვლა ჭიდაობის მექად ქცეულ ირანში მოვლენად იქცა, რის გამოც ჩვენებურს არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს.

ირანელი ქომაგები თურმე აეროპორტშივე დახვდნენ მას, სასტუმროში, დარბაზსა და ზოგადად, ქალაქში კი პოლიციის კორდონი დააცილებდა.

როგორც პრესკონფერენციის შემდეგ დელეგაციის სხვა წევრებმა გვითხრეს, ხალხი მას თურმე, როგორც კერპს, ისე ესალმებოდა და ტიროდა. ამის შემხედვარე ჩვენი დელეგაციის წევრებიც მრავალჯერ ატირებულან, ახალგაზრდები კი გაოცებულნი დარჩენილან ასეთი დახვედრით.

თურქთან შეხვედრის შემდეგ კურტანიძე სამთავრობო ლოჟაში მიიწვიეს, ხოლო მისი ოდინდელი მეტოქე-მეგობრები და ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდები - ალირეზა რეზაი, ალირეზა ჰეიდარი და რასულ ხადემი ლეიბზე შევიდნენ მისასალმებლად და პირთამდე სავსე დარბაზის ენითაუწერელი ოვაციის ფონზე გამოაცილეს.

ამ ფონზე კურტანიძე ცოტა გულდაწყვეტილია, რომ საქართველოში ბევრმა ირონიით მიიღო მისი დაბრუნება და მწარე სიტყვებიც არ დაიშურეს. 70-მილიონიან ირანში სიხარულით შემხვდნენ და ჩემს ქვეყანაში - გესლითო, აღნიშნა და ითხოვა, რომ ნუ იქნება შეურაცხმყოფელი კრიტიკა.

"თუ გადახედავთ მსოფლიოს სააგენტოების შეფასებებს, ნებისმიერი ქართველი იამაყებდა იმ ადამიანით, ვინც საქართველოს წარმოადგენდა. მე ჩემი ქვეყნის მებრძოლი ვარ და ვიბრძვი იქ, სადაც შემიძლია, ღირსეულად წარმოვაჩინო საქართველო. ირანში ტაშს უკრავდნენ ქართველს და ეს საქართველოს გამარჯვება იყო"
- ესეც მისი სიტყვებია.

თეირანში კურტანიძეს საქმიანი შეხვედრებიც გაუმართავს - ირანისა და დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციებთან მიღწეულია ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების ერთობლივ წვრთნებზე, რაზეც ახლო მომავალში მემორანდუმსაც გააფორმებენ.

ამ მიზნით აპრილ-მაისში ირანულ დელეგაციასაც ელოდებიან იქაური ნაკრების თავკაც ხადემისა და ფედერაციის პრეზიდენტ ჰეიდარის შემადგენლობით (აქვე შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ჰეიდარია - კურტანიძის უპრინციპულესი მეტოქე).

ლაპარაკია მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებზე, თუმცა პერიოდულად ამ პროგრამაში ეროვნულებიც ჩაერთვებიან.

დაგვეთანხმებით, ჩვენი მოზარდებისთვის მართლაც დიდი სკოლა იქნება ირანელ და დაღესტნელ თანატოლებთან ვარჯიში. თან, ეს ერთობლივი წვრთნები საქართველოშიც გაიმართება, რაც გაცილებით ფართო კონტინგენტსაც წაადგება, ვიდრე - ნაკრები და მასში თავმოყრილი ჯგუფია.

კურტანიძის თეირანული საქმიანი ვიზიტის მეორე ნაწილია მოლაპარაკება სპორტული სამოსის მწარმოებელ ერთ-ერთ ირანულ ფირმასთან - ლაპარაკია, რომ მათ შემოსონ ჩვენი უკლებლივ ყველა ნაკრები, ეროვნულიც და ასაკობრივებიც. ოღონდ ლაპარაკია მთლიან ეკიპირებაზე და არა მხოლოდ უშუალოდ საასპარეზო "ფინკებზე".

ისინი საცდელ ნიმუშებს გაზაფხულზე გამოაგზავნიან და ქართული მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება თავად თეირანულ ტურნირს, "ტახტის თასი" ერთ-ერთი პრესტიჟულია საჭიდაო სამყაროში და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი კმაყოფილია, რომ ძალები ასეთ შეჯიბრებაში მოსინჯეს.

მისი თქმით, გუნდი ირანში ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრების დასრულებისთანავე გაემგზავრა და ძალები ვერ აღიდგინა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა.

მწვრთნელი ამით ხსნის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორის, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილის (125) წაგებას პირველივე წრეში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ლიდერსა და ასევე ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ის დასრულებამდე 6 წამით ადრე იგებდა, მაგრამ აქ უფრო მსაჯებს ადანაშაულებს. თურმე იმ საკამათო ეპიზოდში, რომელიც მწვრთნელს გაუპროტესტებია, ვიდეოფირი ვერ უჩვენებიათ, რაც ცოტა გასაკვირია...

მწვრთნელი უკმაყოფილოა იმით, რომ 57 კილოგრამში წაყვანილი ოთხი ფალავნიდან ვერც ერთმა  აჩვენა შედეგი.

არადა, აქ შექმნილი საკადრო პრობლემა მოგეხსენებათ - ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი დოპინგის გამო ორი წლითაა დისკვალიფიცირებული, თუმცა პროტესტის იმედად არიან, ვინძლო, სასჯელი შეუმცირონო...

მინდორაშვილმა სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო: 1-6 აპრილს ფინურ ვანტააში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრები ტურნირებში აღარ გამოვა და მზადების საშეკრებო ეტაპზე გადავა.

14 თებერვალს დუშეთში გაემგზავრებიან პირველ შეკრებაზე, ფინეთში წასვლამდე კი კიდევ ორს გაივლიან და ორივეს - ბორჯომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Ratom gikvirt batono luka? Am kvekanashi borotebam da bogmam moikida pexi. Kvela warmatebuli adamianis shurt!
Rusa
13:28 14-02-2014
0
არსენას ქართული ვერ გავიგე!?
tomas
17:54 12-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული