ცხადია, ყველასთვის ერთნაირად ვერა, რადგან ზოგი დამარცხდა კიდეც, თუმცა ახალგაზრდა მძიმეწონოსან ზვიად მეტრეველისთვის უდავოდ გამორჩეული ტური გამოდგა, ვინაიდან მეტად ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ისევ იმარჯვეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57), გიორგი საკანდელიძემ (ორივე - 130) და დავით ბიჩინაშვილმა (86)...
სამხრეთ ზონაში მოასპარეზე ხინჩეგაშვილის "კსვ აალენ 05" შაბათს "შიფერშტადს" ესტუმრა და გვარიანადაც იომა, განსაკუთრებით - ბოლო წონებში, მაგრამ მაინც დამარცხდა მინიმალური სხვაობით - 13:14. თუმცა ამაში მწვრთნელები ქართველებს ვერანაირად ვერ დაადანაშაულებენ,
მწვრთნელებმა ის ამჯერად 61-ში დააყენეს და ვლადისლავ ვაგნერს შავი დღე აყარა - 4 წუთიც არ უჭიდავია, თუმცა 16:0 აჯობა. ვერ გეტყვით, აალენელთა მწვრთნელმა რატომ მიიღო ჩვენებურის ზედა წონაში გამოყვანის გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ 55-ში მისმა რჩეულმა ვერ გაამართლა - მარცინ კუნიზცი აჭიდავა, რომელიც მარვინ შერერთან 1:2 დამარცხდა.
ამავე ჯგუფში ისევ მოიგო საკანდელიძის "ნენდინგენმა", რომელიც "ადელჰაუზენს" ესტუმრა და 15:6 იმარჯვა, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა, ჩვენებურმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა - პოლონელი კამილ სკასკიევიჩი 15:0 დაამარცხა.
"ნენდინგენი" სატურნირო ცხრილში კვლავ პირველია, "აალენმა" კი ამ წაგებით ერთი საფეხურით უკან დაიხია და მეხუთემდე დაქვეითდა.
ამ ჯგუფში მომდევნო ტური უახლოეს უქმეებზე ჩატარდება და "აალენი" შაბათს ბოლოადგილოსან "ტრიბერგს" ესტუმრება, კვირას კი მშობლიურ არენაზე "აბელჰაუზენს" მიიღებს. "ნენდინგენი" მხოლოდ კვირას იასპარეზებს და შინ "ტრიბერგს" უმასპინძლებს.
ჩრდილოეთის ბუნდესლიგაში ორ-ორი შეხვედრა ჩაატარეს დავით ბიჩინაშვილმა და მისმა "მაინცმა".
ქართველისა და კლუბის შედეგიანობა იდენტურია - ორივემ მხოლოდ თითო პაექრობაში იმარჯვა.
შაბათს მაინცელებმა შინ "მასფელდერ ლანდს" 17:7 მოუგეს და გერმანიის მოქალაქე ქართველმაც იმარჯვა - მახაჩ მახაჩევს 16:0 მოუგო. კვირას კლუბმა სტუმრად 9:11 წააგო უშუალო კონკურენტ "კიოლერბახთან", ჩვენებურმა კი უკრაინელთა მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ალენ ზასეევთან 0:2 დათმო. თუმცა არა გვგონია, ამისთვის მწვრთნელები დამდურებოდნენ, რადგან 86 კილოგრამის ფალავანი მძიმე წონაში დააყენეს. თან, ზასეევის ტიტულები უკვე გითხარით - წლეულს ალექსანდრ ხოციანოვსკიმ კი წაართვა ეროვნულ ნაკრებში ადგილი, მაგრამ ის მაინც ამ წონის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ფალავნად რჩება, ქართველი კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ტოლ-სწორად ეჭიდავა. თუმცა მთავარი მაინც ბიჩინაშვილის ასაკია - ის 39 წლისაა!
როგორც "მაინცში", ასევე "აალენში" შესანიშნავად გამოდიან სომეხთა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - არტურ ალექსანიანი (98) და არსენ ჯულფალაკიანი (74).
აქვე განვმარტავთ, რომ ბუნდესლიგაში "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულში მკაცრი ზღვარი არაა - საკლუბო ტურნირებში ორივე სტილში პარალელურად ჭიდაობენ და მეტიც - ზოგჯერ ისედაც ხდება, ამა თუ იმ სტილის ფალავანს მეორეშიც კი აჭიდავებენ (ეს - ექსტრემალურ პირობებში, მაგრამ მაინც ხდება). სომხები, პრაქტიკულად, შეუჩერებელნი არიან და დიდი უპირატესობით იგებენ ხოლმე.
ამავე ჯგუფში მოასპარეზე "აახენ-ვალჰაიმმა", რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა მძიმეწონოსანი ზვიად მეტრეველი იცავს, ორი შეხვედრა გამართა. ჩვენებურმა ორივეში იჭიდავა და ერთი მოიგო, მეორეში კი დამარცხდა. ვალჰაიმელები შაბათს "მომბრის-კონინგშოფენს" ესტუმრნენ და 7:17 წააგეს, თუმცა ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ მეტრეველმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა - უნგრელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორი დანიელ ლიგეტი 10:2 დაამარცხა.
სამაგიეროდ, მეორე პაექრობა კლუბმაც წააგო და ჩვენებურმაც - გუნდი საკუთარ კედლებში "ლუკენვალდერთან" 7:20 დამარცხდა, მეტრეველმა კი მასპინძელ ნიცკ მატუჰინთან 0:15 დათმო.
სატურნირო ცხრილში "კიოლერბახი" ლიდერობს, "მაინცი" მეორეა, "აახენ-ვალჰაიმი" კი ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში ჩვენებურთა ორივე კლუბი ისვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"