არც ხელფასი, არც ვარჯიში - პეტრიაშვილის დისკვალიფიკაციის დეტალები

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორის, მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილის დისკვალიფიკაცია.

როგორც ადრე "ლელო" წერდა, ის ექვსი თვით დასაჯეს და ჩამოართვეს ახალგაზრდებში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ანტიდოპინგური კანონმდებლობითაა გათვალისწინებული - დოპინგში მხილებულ ათლეტს აუცილებლად ჩამოართმევენ წამლის გამოყენების პერიოდში მიღებულ ჯილდოს. ამდენად, პეტრიაშვილისთვის ამ ოქროს ჩამორთმევა დროის ამბავი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური სწორედ ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჩავარდა, რომელიც აგვისტოში ხორვატიაში გაიმართა.

თამამად შეიძლება ითქვას, ამის მიზეზი ის ბანალური გაუგებრობაა, რის გამოც
გუნდს ხორვატიაში ექიმი გიორგი მურცხვალაძე ვერ გაჰყვა. მას ხუთდღიან ვიზას აძლევდნენ, ბილეთი კი ერთკვირიანი იყო, რადგან შეჯიბრება ამდენ ხანს გრძელდებოდა.

როგორც ამბობენ, საკონსულოც ამან დააეჭვა, თუმცა რაც უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი (როგორც წესი, დიპლომატიურ კორპუსს არ ევალება, უარის მიზეზი განმარტოს), ფაქტია - ის გუნდს ტურნირზე ვერ გაჰყვა, სპორტსმენმა კი პრედუქტალი მიიღო. ის რეგულარულად სვამს ამ წამალს, რომელიც მსუბუქი დოპინგის კატეგორიაში შედის.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოც სწორედ ამიტომ არ კრძალავს მას კატეგორიულად, ოღონდ არ უნდა მიიღოს შეჯიბრების დღეს. თუმცა ერთი გამონაკლისი აქაცაა - ექიმი ამის შესახებ სპორტსმენის ანკეტაში თუ ჩაწერს და დაასაბუთებს, რომ აუცილებელი იყო მისი დალევა, საპატიოში ეთვლება, რადგან ის არაა იმდენად ძლიერი დოპინგი, სპორტულ შედეგზე იქონიოს გავლენა.

პეტრიაშვილის შემთხვევაშიც ეს აუცილებელი პროცედურა დაირღვა - წამალი კი დალია, მაგრამ რაკი ექიმი არ იყო, არც ანკეტა შეუვსია ვინმეს. არადა, როგორც ექიმები ამბობენ, ის შეჯიბრებებზე რეგულარულად სვამს პრედუქტალს, ოღონდ ამას დოკუმენტში აფიქსირებენ.

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ქართველი სპორტსმენი ტრიმეტაზიდინის მიღებისთვის დაისაჯა - როგორც ექიმებმა განგვიმარტეს, ესაა ნივთიერება, რომელსაც შეიცავს პრედუქტალი და რის გამოც შედის იგი დოპინგის სიაში.

თავის დროზე ჩვენმა ანტიდოპინგურმა სამსახურმა პრედუქტალის მიღების აუცილებლობა მსოფლიოს ფედერაციას იმით აუხსნა, რომ წლების წინ გორის რაიონიდან, მშობლიური სოფლიდან ოსი ბოროტმოქმედების გატაცების ნიადაგზე განვითარებული ნერვული სტრესის შემდეგ პეტრიაშვილს მუდმივად სჭირდება ეს წამალი, როგორც დამამშვიდებელი.

მათ ლოზანაში გატაცების დამადასტურებელი საბუთებიც გააგზავნეს შსს-დან და მსოფლიოს ფედერაციამაც ძირითადად ეს ფაქტორი გაითვალისწინა, თორემ ჩვენებურს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

პეტრიაშვილს სასჯელის ვადა გაისად, 28 აპრილს ეწურება, მანამდე კი ეკრძალება ყოველგვარი ვარჯიში როგორც ნაკრებთან, ასევე - კლუბთან და თქვენ წარმოიდგინეთ, გორის დარბაზშიც კი, როცა იქ ოფიციალური ვარჯიში ტარდება. მოეხსნება ხელფასიც ფედერაციიდანაც და კლუბ "საგარეჯოდანაც".

ეგ კი არა, წესით, ექვსთვიან პერიოდში ამ კლუბის რეკლამიდანაც უნდა ამოიღონ, რომელიც ახლაც გადის სატელევიზიო ეთერში - რომელიმე ამ პუნქტის უგულებელყოფა გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება თავად სპორტსმენსაც, ჩვენს ფედერაციასაც და კლუბსაც.

ცხადია, ეს ყველაფერი დიდი დარტყმა იქნება პეტრიაშვილისთვის, თუმცა ერთი შეღავათი ისაა, რომ გაისად ევროპის ჩემპიონატი აღარ ტარდება, რომელიც ადრე მუდმივად აპრილში იმართებოდა.

მოგეხსენებათ, გაისად ივნისში ბაქოში ევროპის პირველი თამაშებია დაგეგმილი და ევროპირველობის ალტერნატივაც ისაა. პეტრიაშვილს შანსი ექნება, იმ თამაშებისთვის მომზადება მოასწროს.

პეტრიაშვილი უკვე ამოიღეს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის მედალოსანთა სიიდანაც. მისთვის ჩამორთმეული ოქროს მედალი უკვე გადასცეს კანადელ ამარ დესის, ბრინჯაოსმედალოსნებიდან ვერცხლამდე ირანელმა ამინ ტაჰერიმ ამოინაცვლა, მეორე ბრინჯაომდე კი მეხუთეადგილოსნებიდან პოლონელი კამილ კოსციოლეკი ავიდა, რადგან ესენი დამარცხდნენ ჩვენებურთან.

დასასრულ, კიდევ ერთი დოპინგის შესახებ. ჩვენ უკვე ვწერდით თურქთა ნატურალიზებული დაღესტნელის - შამილ ერდოღანის (ახმედოვის) შესახებ, ვინც სექტემბერში, ტაშკენტში, უფროსთა მსოფლიოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამში ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ ტესტმა აკრძალული სტანოზოლოლი აღმოაჩინა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ბრინჯაოს მედალი მასაც ჩამოართვეს და კუბელ ხავიერ კორტინა ლაკერას გადასცეს, როგორც ერდოღანთან წაგებულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია ბეჭებზე დადო. მახინაცია ყველგან და ყველაფერშია. მაგარი ხარ გენო.
archil
28 ნოემბერი 2014 07:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული