ქართველმა "თავისუფლებმა" ანრი დეგლანის ტურნირზე 6 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გორელია და მწვრთნელადაც ნუგზარ სხირელი ახლდათ, დიდი წარმატებით იასპარეზეს ფრანგულ ნიცაში დასრულებულ ანრი დეგლანის ხსოვნის ტურნირში.

ეს შეჯიბრება ამჯერადაც ჭიდაობისთვის ტრადიციულად არატრადიციულ დღეებში - პარასკევსა და შაბათს ჩატარდა. თან მხოლოდ ოლიმპიურ წონებში გაიმართა, ანუ 6 წონაში და არა რვაში, ჩვენებმა კი ყველა წონაში მედალი ირგუნეს. ქართველთა მონაგარი გუნდური პირველი ადგილი და პირადი პირველობის 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო...

ნიცაში საინტერესო ვითარებაში აღმოჩნდა ომარ გუსოშვილი, ვინც ახალგაზრდებში 97-ში გამოდიოდა,
მაგრამ უფროსებში მძიმეში გადაინაცვლა. ის ნიცაშიც 97-ში საჭიდაოდ წავიდა, მაგრამ, მოულოდნელად, იქ 125-შიც მოგვევლინა. ვფიქრობთ, ეს მწვრთნელის ხრიკი იყო, გუნდურ პირველობაზე გათვლილი.

საქმე ისაა, რომ მძიმეში ჩვენებურს უბრძოლველად მიენიჭა ჩემპიონობა, რამაც გუნდურში 10 ქულა შეგვმატა. ეს ორი წონა სხვადასხვა დღეს ჭიდაობდა და ეტყობა, ორგანიზატორებმა მისცეს ორივეგან გამოსვლის უფლება. მით უფრო, რომ ეს არ იყო "დიდი პრიზის" ან უფრო მაღალი რანგის შეჯიბრება. ფაქტია, რომ მისი გვარი ნამდვილად წერია პირადი პირველობის მედალოსნებში 125-ში და ამ წონაში გუნდურშიც მაქსიმალური ქულა გვიწერია - ეს 10 ქულა შედის ჩვენების 53-ქულიან მონაგარში.

ტურნირის მეორე დღეს გუსოშვილი 97-შიც გამოვიდა, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ჩვენი გუნდიდან კი მეორე ჩემპიონი ბექა ბუჯიაშვილი (57) გახდა.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დავით ბერძნიშვილი (65), დავით ტლაშაძე (74) და ჯუმბერ ყველაშვილი (86) ავიდნენ.

21 წლის ბექა ბუჯიაშვილი ახალგაზრდული ნაკრებიდან, სადაც მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, შარშან გადმოვიდა და რიგ ტურნირებში თავიც გამოიჩინა. ის საქართველოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, ამ წარმატებით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოლიმპიურ კატეგორიაში კარგი კონკურენტი ეზრდება.

ნიცაში ბუჯიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეოთხედფინალში კი იოლად დაჯაბნა ყაზახი ნურკინ კაირბეკოვი.

ჩვენებურს ვერც ნახევარფინალში გაუძალიანდა სომეხი ედუარდ ბარსეგიანი, იმის მიუხედავად, რომ ყაზახზე ბევრად გამოცდილია. თუმცა ქართველს ყველაზე მძიმე ბრძოლა ფინალში გადახდა, სადაც მასპინძელთა ევროპის წლევანდელ პრიზიორ ზოჰაირ ელ ქუარაკის აჯობა.

აფრიკულ-არაბული წარმოშობის ფერადკანიანმა ფრანგმა მანამდე - ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი დაამარცხა, ვინც საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

97 კილოგრამში ორი მონაწილე გვყავდა. ამათგან ნოდარ კურტანიძე პირველივე პაექრობაში დამარცხდა მასპინძელ მარკო კარკეასთან, ხოლო გუსოშვილი ფინალამდე უდანაკარგოდ მივიდა. ის პირველივე წრიდან ჩაება ტურნირში და წინასწარი შეხვედრებიდან მიყოლებით გამოთიშა ესპანელი ჰექტორ როდრიგესი, ფრანგი კვენტინ მილერი, ხოლო ნახევარფინალში კანადელთა საკმაოდ ძლიერი ოსი ხეტაგ პლიევი დაჯაბნა - 4:1; 12:1.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე ბელორუსთა დაღესტნელი ნატურალიზებული ფალავანი იუსუპ ჯალილაუ (ჯალილოვი) გამოდგა. სამწუხაროდ, მასთან ჩვენებური ვერაფერს გახდა და 1:3; 3:6 წააგო.

ბუჯიაშვილის არ იყოს, 22 წლის ყველაშვილიც შედარებით ახალი გადმოსულია ახალგაზრდული ნაკრებიდან, სადაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა წლეულს უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვიდა და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა. ოღონდ არსებითი განსხვავება ისაა, რომ აქამდე 74 კილოგრამში გამოდიოდა, ახლა კი 86-ში მოსინჯა ძალა.

ვერ გეტყვით, აპირებს თუ არა იქ საბოლოოდ გადასვლას. მაინცდამაინც დიდი წონისა არაა - 81 კილოგრამია და, შესაძლოა, მხოლოდ ამ ერთ ტურნირზე დადგა ზევით, წონა რომ არ დაეკლო, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. მით უფრო, 86-ში დებიუტიც საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა და ნუ გამოვრიცხავთ, სამომავლოდ ამან მართლაც წაახალისოს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას ისე იოლად არ მოუგია შეხვედრები, როგორც - ზემოხსენებულმა მედალოსნებმა. პირველ წრეში გორელმა ესპანელი დანიელ რამა 3:1; 3:2 დაამარცხა, შემდეგ კი ბულგარელთა მომავალ ჩემპიონ გეორგი სრედკოვთან 1:3; 2:5 წააგო.

დამამშვიდებელში ჩვენებურმა გალისიური კლუბის წევრ დიეგო ტორეიროს მოუგო და ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, სადაც დიდი უპირატესობით იმარჯვა: 4:0; 10:0. ბრინჯაოს მედალი ყველაშვილმა ფრანგთა ემიგრანტ ახმედ აიბუევთან პაექრობაში 3:1; 9:8 გამარჯვებით მოიპოვა. აიბუევმა მანამდე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე გიორგი თიგიშვილი დაამარცხა.

ბერძნიშვილიც ახალი თაობის წარმომადგენელია, ვინც ნიცაში პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიყოლებით აჯობა სომეხ არტურ არაქელიანს (3:1; 6:1), მოლდოველ მიჰაი ესანუს (4:0; 10:0), ნახევარფინალში კი ამერიკელ პიკო არონთან 1:3; 5:10 წააგო. მესამე ადგილისთვის პაექრობაში ჩვენებურმა ფრანგი მაქსიმ ფიქუ დაჯაბნა - 4:0; 10:0.

დავით ტლაშაძეც ახალგაზრდაა, ნიცაში კი, ძირითადად, ფრანგებთან და კანადელებთან მოუწია შეხვედრები. თავიდან ფრანგებით დაიწყო - ახალბედა ხავიერ ბეუფორტს 4:0; 10:0 კი სძლია, მაგრამ უფრო გამოცდილ მომავალ ჩემპიონ ლუკა ლამპისთან 1:3; 6:8 წააგო. დამამშვიდებელში ორივე კანადელს აჯობა, თუმცა თავიდან შაუნ დაე-ფინლეის 7:7-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ჟევონ ბალფორს ჯამში 14:10 აჯობა.

თუმცა კანადელთა შორის შუალედში ჩვენებურმა კიდევ ერთი პაექრობაც მოიგო "სხვა" ქვეყნის წარმომადგენელთან - ყაზახ ნურგალ ჟოლაევთან - 3:1; 4:3.

ამავე წონაში გამოვიდა ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი, ოღონდ ქვედა წონაში, კონსტანტინე ხაბალაშვილიც, მაგრამ წარუმატებლად: კანადელ კრისტოფერ ლავერიცკის კი აჯობა 16:6, მაგრამ ზემოხსენებულ ყაზახ ჟოლაევთან 2:9 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული