თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მძიმე წონაში მსოფლიოს 2010 წლის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე ახალი წლიდან სომხეთის სახელით იჭიდავებს.
ეს ამბავი სომხური მედიის მეშვეობით გავიგეთ და ვიფიქრეთ, იქნებ ტყუილი იყოსო, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. ჩვენს ფედერაციას მისთვის უკვე მიუცია წასვლაზე თანხმობა და სპორტსმენი იქაური პასპორტის აღებას ცდილობს.
ლევან ბერიანიძე ამჟამად 24 წლისაა, მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინებაა. მაშინ მოსკოვში გამართულ მოჭიდავეთა სეზონის იმ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე იმხანად 20 წლის ბიჭი პირველად ჭიდაობდა და მისგან
ამის მიუხედავად, უფროსებში მსოფლიოს სადებიუტო ჩემპიონატზე დიდ შედეგებს არ უგეგმავდნენ.
თუმცა, მისი რომ ეიმედებოდათ, ესეც ფაქტია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკრებში არ დააყენებდნენ, მაგრამ ისეთ გმირობას მაინც არ ელოდნენ. დებიუტანტმა იქ ბევრად გამოცდილებს არათუ ტოლი დაუდო რამეში, დაჯაბნა კიდეც. მან მხოლოდ ერთადერთი პაექრობა დათმო მომავალ ჩემპიონთან, რუს ბილიალ მახოვთან. დაღესტანში მოვარჯიშე ყაბარდოელი მახოვი იმხანად დაუმარცხებელი იყო - მაშინ მოსკოვში ზედიზედ მესამედ მოიგო მსოფლიოს პირველობა, ფინალში კი თვით არტურ ტაიმაზოვი, ოსეთიდან უზბეკეთში გადასული ფალავანი, მომავალი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა.
თუმცა მისი და რუსეთის ნაკრების მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვს თუ ვენდობით, ამის შემდეგ ვარსკვლავური ავადმყოფობა შეეყარა, წარმატება თავში აუვარდა, მწვრთნელს აღარ ემორჩილებოდა, საკუთარი გეგმით ვარჯიშობდა და ჯერ მსოფლიოს 2011 წლის ფინალში შეაჩერა ბელორუსმა ალექსეი შემაროვმა, მერე კი ლონდონის ოლიმპიადაზე დავით მოძმანაშვილმაც გაანეიტრალა და ბრინჯაოს დააჯერა.
ამის შემდეგ მახოვმა წლეულს კიდევ ერთხელ გააოცა საჭიდაო სამყარო, როცა ოპერაციებით და ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ თავისუფალი სტილით ჭიდაობიდან ბერძნულ-რომაულში გადაინაცვლა და სექტემბერში ტაშკენტში მსოფლიოს პრიზიორიც გახდა.
თუმცა მაშინ, 2010 წელს, ასეთ ფალავანთან წაგება არავის გაჰკვირვებია და არც ბერიანიძეს დასძრახავდა ვინმე, მაგრამ ქომაგებს კრიტიკისთვის საბაბი არც ქართველმა მისცა - სანუგეშო წრეში სამი შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს დაეუფლა.
ამ სამი მეტოქისგან ერთი ირანელი მსოფლიოს პრიზიორი ფარიდ მასოუმ ვალადი იყო, თუმცა ხელწამოსაკრავები არც ყაზახი მარიტ მუტალიბოვი და პოლონელი ბართოლომეი ბარტნიცკი იყვნენ.
ბერიანიძემ ერთი ხმაურიანი მოგება ძირითად ბადეშიც მიითვალა, როცა თავისივე კბილა და უნგრელთა ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის მომავალი მედალოსანი დანიელ ლიგეტიც დაამარცხა.
სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს წარმატება ბერიანიძისთვის "გედის სიმღერად" იქცა - მახოვისა არ იყოს, კალაპოტიდან ისიც ამოვარდა და ვერაფრით დაიბრუნა ნაკრებში ადგილი, ცხოვრებაში კი - სპორტული ფორმა.
უდავოდ, ის ძლიერ კონკურენციაშიც მოხვდა - იქით მოძმანაშვილი, რომელიც თავისი მასიური ფიგურით მყარად კეტავდა ნაკრების კარს, აქეთ კი საკანდელიძის მზარდი ოსტატობა, თუმცა ბერიანიძისთვის მთავარ მეტოქედ, მთავარ და დაუძლეველ პრობლემად ფორმის შენარჩუნება იქცა - წონა ძალიან გაექცა და ვერაფრით ახერხებდა დაკლებას. პერიოდულად ამბობდნენ, რომ მისი წონა 160 კილოგრამზე ზევითაც კი ადიოდა და ვერაფრით ახერხებდა დაკლებას. ეტყობა, დიდი გურმანიცაა, რადგან ბავშვობიდან მეტსახელად "ხაშლამა" მოჰყვება.
თუმცა პოეტური შედარებები იქით იყოს და ზედმეტი წონის გამო იძულებული გახდა, სამოყვარულო სუმოზე გადასულიყო. იქაც მოხვდა ნაკრებში და მედლებიც მოიპოვა ევროპა-მსოფლიოს პირველობებზე, მაგრამ გული მაინც თავისუფალი ჭიდაობისკენ მოუწევდა.
შარშანდლიდან მოყოლებული, ლევან ბერიანიძემ არანაკლებ გაგვაოცა, ვიდრე - 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - მკაცრ დიეტაზე გადავიდა, ძლიერი ნებისყოფა გამოავლინა და წონაში კოლოსალურად დაიკლო. უკვე წლეულს ჩაჯდა სტანდარტებში და საქართველოს ჩემპიონატზე ვერა, მაგრამ საქართველოს თასზე კი შეძლო 125 კილოგრამში გამოსვლა. ამბობდნენ, რომ მაშინაც ცოტა ჰქონდა ზედმეტი კილოგრამები, მაგრამ ძირითადად, მაინც დავიდა სასურველ ნორმამდე. სიურპრიზიც შემოგვთავაზა - დავით მოძმანაშვილს მოუგო, თუმცა მერე გენო პეტრიაშვილთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ფედერაცია მას ასე იოლად შეელია. კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ ფედერაციამ ვერა და ვერ აღკვეთა ნიჭიერ სპორტსმენთა მიგრაცია, რაც, მაგალითად, ძიუდოში უკვე შეწყდა. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ხვალ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ბერიანიძეს ისევ დაებრუნებინა ნაკრებში პირველნომრობა. ყოველ შემთხვევაში, თუნდაც მესამე-მეოთხე ყოფილიყო, კონკურენციას მაინც ფრიად გააძლიერებდა.
სომხეთში მიგრაცია კარგია პირადად სპორტსმენისთვის, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ნაკრებისთვის. სხვა თუ არაფერი, ქვეყნის იმიჯზე არ მეტყველებს კარგად, როცა შენს მოქალაქეს ასე იოლად შეელევი და სხვაგან გაუშვებ.
სომხებისთვის ქართველი ფალავანი უცხო არაა - უკვე წლებია, იქ ვალერი ყაზიშვილი ჭიდაობს, ახლა კი მას ლევან ბერიანიძეც მიემატება. აზერბაიჯანელების არ იყოს, ბოლო წლებში სომხებმაც დაიწყეს მეზობელი ქვეყნებიდან ფალავნების გადაბირება, ოღონდ მათი მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ისინი აზერბაიჯანელებს და ბულგარელებს ვერ შეედრებიან პირველხარისხოვანი ათლეტების გადაბირებაში. მათ ნაკრებში უკვე ჭიდაობენ დაღესტნელი, ოსი და რუსი ფალავნები, რომელთაგან ზოგმა საკმაო წარმატებას მიაღწია.
მაგალითად, დაღესტნელთა ავარელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ მახაჩ მურთაზალიევის უმცროსი ძმა მუსა მურთაზალიევი შარშან თბილისში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მერეც მოიპოვა მედლები და წონაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფალავნად ყალიბდება.
ახლა ამ ჭრელ კრებულს კიდევ ერთი ქართველი მიემატება, თუმცა მას დალხენილი ცხოვრება არ ელოდება - ამ წონაში წლეულს ევროპის პირველობაზე სომხეთიდან ანდრანიკ გალსტიანმა იჭიდავა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.
ამის მიუხედავად, ის არაა სუპერკლასის ფალავანი და ბერიანიძეს არ უნდა გაუჭირდეს ამ კონკურენციის დაძლევა, ოღონდ მანამ საკუთარ წონას უნდა მოერიოს. ვნახოთ, რამდენად შეეწყობა ქართული ხაშლამა სომხურ ტოლმას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"