მოჭიდავე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, რომელმაც მონაწილეთა საკმაოდ დიდ რაოდენობას მოუყარა თავი - 300-მდე მოზარდი ჭიდაობდა.

ასეთი პროგრესი რეგიონებში ჭიდაობის გამოცოცხლებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ჩემპიონატში ისეთი რაიონებიც ვიხილეთ, რომლებიც ადრე დამოუკიდებელ გუნდებად არ გამოდიოდნენ. მაგალითად, ლანჩხუთი და ჩოხატაური.

მართალია, ამჯერად მათ მედალი ვერ მოიპოვეს, მაგრამ ოლიმპიურ ჩემპიონთა თუ სხვა რანგის ცნობილ ფალავანთა აღმზრდელ ამ რაიონებში ჭიდაობა ახლა იწყებს აღორძინებას და, იმედია, ახლო მომავალში არც შედეგი დააყოვნებს.

ჭაბუკთა ნაკრებში წლეულს თაობათა ცვლა მოხდა - ასაკის გამო
გუნდი დატოვეს და ახალგაზრდულში გადავიდა შარშანდელი სეზონის ორი გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის პირველობისა და მსოფლიოს მეორე ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონი მექი სიმონია (76) და მსოფლიოს მესამე პრიზიორი შმაგი თოდუა (54). თუმცა ვინც დარჩა, იმათგანაც რამდენიმე ლიდერმა წონა შეიცვალა.

მაგალითად, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი ხაჩიძე 42-დან 46-ში გადავიდა, ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მესამეპრიზიორმა ივერიკო ჯულაყიძემ 63-დან 69-ში აინაცვლა, ზედა წონებში გამოდიან თეიმურაზ ვანიშვილიც (50) და გოგა მამიაური (58)... თუმცა ამ გადანაცვლება-როტაციებს ჭიდაობის ხარისხზე დიდად არ უმოქმედია და "არენაში" საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრება ჩატარდა.

ამ ტურნირს უნდა გამოევლინა ის ბირთვი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოემზადება. ცხადია, იქ წასვლის მთავარ კანდიდატებად ჩემპიონები იქცნენ, თუმცა შანსი სხვებსაც მიეცემათ - იქამდე საკუთარი შესაძლებლობა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ყველამ, ჩემპიონმაც და მისმა კონკურენტმაც.

არადა, ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიო ფედერაცია უცნაურ ტრადიციას არ ღალატობს და ასაკობრივ გუნდებს მარათონულ, პრაქტიკულად, განუხორციელებელ კალენდარს სთავაზობს, თუმცა წლეულს ყველა ადრინდელი რეკორდი მოხსნა - ადრე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს შორის ერთთვიანი შუალედი თუ იყო, ახლა ამ ორ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას ერთ თვეში, აგვისტოში ატარებს. ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძესაც ორი შემადგენლობის შერჩევა მოუწევს...

ახალი სეზონისთვის მზადების მიზნით გუნდი მარტის ბოლოს ბორჯომში პირველ შეკრებას დაიწყებს, რომელიც ფიზმომზადებას დაეთმობა, თუმცა მანამდე - 4 მარტს მინსკში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე. იქ იანტბელიძეს საქართველოს ყველა ჩემპიონი მიჰყავს, თუმცა მათ რამდენიმე კადრს მედალოსნებიდანაც დაუმატებს - მამიაური, უღრელიძე; რამდენიმეს ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

კვარცხლბეკი

42 კგ
1. თორნიკე ქათამაძე (აჭარა), 2. გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი), 3. გია უღრელიძე (სამტრედია; ო.მ.ე.ც.).

46 კგ
1. გიორგი ხაჩიძე (ხაშური), 2. რამაზ თურმანიძე (აჭარა), 3. ლაშა ფუტკარაძე (აჭარა), ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური).

50 კგ
1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი), 2. ბაჩუკი არველაძე (სამტრედია; ო.მ.ე.ც.), 3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი), ლევან ღოღობერიძე (აჭარა).

54 კგ
1. ვახტანგ გოდელაშვილი (ხაშური), 2. ცოტნე აბალაკი (გორი), 3. ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი), თემურ გაწერელია (რუსთავი).

58 კგ
1. ალექსანდრე ლომიძე (ხაშური), 2. გოგა მამიაური (თბილისი, ო.მ.ე.ც.), 3. ბექა ლომიძე (საჩხერე), ტარიელ ლეჟავა (ქუთაისი).

63 კგ
1. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური), 2. მამუკა ჩაჩუა (თბილისი), 3. ჯონი დიასამიძე (აჭარა), გიორგი გოგოლაური (თბილისი).

69 კგ
1. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 2. მირიან მაისურაძე (ონი, ო.მ.ე.ც.), 3. აგილ მამადოღლი (ქარელი), ბესარიონ ქალდანი (აფხაზეთი).

76 კგ
1. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია), 2. ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი), 3. აგილ მახმადოღლი (ქარელი), ცოტნე მიქელაშვილი (ხაშური).

85 კგ
1. ბექა ჭელიძე (თბილისი), 2. დავით გერმანოზაშვილი (თბილისი), 3. ზაალ ფსუტური (თბილისი; ო.მ.ე.ც.), ჯაბა მაისურაძე (თბილისი).

100 კგ
1. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა), 2. გიორგი შამათავა (თბილისი), 3. ბექა ნადაშვილი (გურჯაანი), ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული