ალიევის ტურნირი აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ევროპული თამაშების გამო რუსებმა ქვეყნის პირველობა წლის პირველ დეკადაში გადმოსწიეს, ეს მემორიალი კი ივლისში გადაიტანეს. მოგეხსენებათ, კურტანიძე შარშანაც დაუბრუნდა ჭიდაობას, როცა ირანში "ტახტის თასზე" იჭიდავა. შარშანვე ის ალიევის მემორიალშიც გეგმავდა ჭიდაობას, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტობის გამო ამისთვის ვერ მოიცალა.
ეს
კურტანიძემ შეგნებულად შეარჩია ეს სამი შეჯიბრება მათი ავტორიტეტისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე - ტახტისა და ალიევის ტურნირები ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც ჭიდაობა ლამის მეორე რელიგიადაა აღიარებული და ჭიდაობის კულტია. ბუნებრივია, იმ შეჯიბრებებს უამრავი ქომაგი დაესწრება.
მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი შარშანდელ ჭიდაობასაც იმ განწყობით ატარებდა და ახლაც ასე განიხილავს მომავალ შეჯიბრებას, რომ მათ წინაშე გამოსვლით მადლობას უხდის ქომაგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ თავად კურტანიძემ განგვიცხადა, ვინც თებერვალში საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა გამორიცხავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე სპორტიდან საზეიმო გაცილებას მოუწყობენ.
რაც შეეხება ვეტერანთა მსოფლიოს პირველობას და მის მასპინძელ ოლიმპიას, მოგეხსენებათ, ის ოლიმპიადის სამშობლოა, რომელშიც ჭიდაობაც შედიოდა. ვფიქრობთ, გასაგებია, რატომაც სურს კურტანიძეს ოლიმპიადის სამშობლოში კარიერის დასრულება. მით უფრო, ეს ტურნირი კარგად დაემთხვა დანარჩენებს და ჩემპიონმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, თორემ შარშან, როცა ირანში გამოდიოდა "ტახტის თასზე", საბერძნეთში ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის გამართვა არც იყო დაგეგმილი.
თავისი კალენდრიდან გამომდინარე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის ტურნირი მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ ციკლში მოექცა, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, იჭიდავებს თუ არა იქ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. თავად კურტანიძისთვის ეს შეჯიბრება და ზოგადად, დაღესტანი უცხო არაა.
როგორც თვითონ განუცხადა იქაურ სპორტულ საიტს, დაღესტანში მან ოთხჯერ იჭიდავა ქალაქ კასპიისკში შამილ უმახანოვის ხსოვნის ტურნირში და ოთხივეჯერ გაიმარჯვა. ალიევის მემორიალშიც ასევე ოთხჯერ გამოსულა. აქედან ორჯერ მოიგო, ერთხელ ფინალში დამარცხდა, ერთხელ კი მესამეზე გავიდა. აღნიშნულ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა ამ შეჯიბრებების მნიშვნელობას, რადგან ისინი მსოფლიოში გამორჩეულებია თავისი სიძლიერით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"