ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი გახდა, მესამეზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გიორგი საკანდელიძე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. მაშინ ფინალში იაკობ მაქარაშვილი (74) დამარცხდა, ბრინჯაოს კი ომარ გუსოშვილი (97) დაეუფლა.
მოძმანაშვილმა ფინალამდეც გადაიტანა ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა, როცა მეორე წრეში თანაგუნდელი გიორგი საკანდელიძე 2:1 დაამარცხა.
ფინალში მოძმანაშვილმა დრამატულ პაექრობაში, ბოლო წამებზე დაამარცხა უკრაინელთა ნატურალიზებული ოსი, ევროპისა და მსოფლიოს შარშანწინდელი ფინალისტი ალენ ზასეევი - 4:2.
რომ არა ბოლო წამებზე ჩადენილი გმირობა და სასწაული გდება, ისევ ვერცხლის მედალს დავჯერდებოდით. მოძმანაშვილმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე. ჩვენებური მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ფიზიკური ძალით ჩაგრავდა კონკურენტს, თუმცა ზასეევი თავს კარგად იცავდა და ილეთზე არ უშვებდა ქართველს.
მეორე პერიოდის შუაწელში მოძმანაშვილმა პირველად გაარღვია მისი დაცვითი ზღუდე და ფეხში წარმატებით შევიდა. აიყვანა კიდეც და როცა თითქოს გდებას წინ არაფერი ედგა, მოულოდნელად უკრაინელმა აქეთ გადაიყვანა ჩოქბჯენში და 2:1 დაწინაურდა. ბოლო წუთის შუაში მოძმანაშვილმა ანგარიში გაქვითა,, როცა ისევ ფეხში შესვლის მცდელობაზე მიძალებისას წრიდან გაიყვანა - 2:2,
თუმცა ეს ანგარიში მაინც მეტოქეს აწყობდა.
ზასეევი ისევ წარმატებით იცავდა თავს და ჯვარედინ მოვლებაზე ჭიდაობის დახურვას ცდილობდა, რაც სავსებით აწყობდა დროის გასაყვანად. მით უფრო, სულ რაღაც წამებიღა რჩებოდა, მაგრამ მოძმანაშვილმა სწორედ ამ დროს იფეთქა და ასე ლამის ხალიჩაზე ჩაწოლილმა ჯვარედინი მოვლებიდან ორქულიანზე დაატრიალა უკრაინელი და 4:2 მოუგო.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა საკანდელიძემაც, რომელმაც დამამშვიდებელში ჯერ მონღოლი ჩულუმბატი დაამარცხა, შემდეგ კი არსლანბეკ ალიევს მოუგო და ბრინჯაო მოიპოვა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალური პაექრობა დათმო სომეხთა მომავალ ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანთან, მანამ კი უკრაინელებთან - ივან ბელეიჩუკთან (7:2) და ანდრეი სვირიდთან (8:0) იმარჯვა. ამის შემდეგ მეოთხედფინალში რუსთა დაღესტნელ მურშიდ მუტალიბოვთანაც მოიგო და დამამშვიდებლის ფინალშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
* * *
უფროსთა პარალელურად, მედვედის ტურნირი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორისაც, სადაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო დიდი წარმატებით გამოვიდა - 11 მედალი მოიპოვეს: 4-4 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი. ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძე (42), გიორგი ხაჩიძე (46), მამუკა ჩაჩუა (63) და ზურაბ ურთაშვილი (100).
ვერცხლის მედლებს გოგა მამიაური (58), თორნიკე კვინიკაძე (63) და ივერიკო ჯულაყიძე (69) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - ამირან ვახტანგიშვილი (50), თეიმურაზ ვანიშვილი (54), ალექსანდრე ლომიძე (58) და ივანე გოდელაშვილი (76).