ქართველმა "თავისუფლებმა" მედვედის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა ამ უქმეებზე მინსკში ჩატარებულ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირში - რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა იქ 5 მედალი მოიპოვა: თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი გახდა, იაკობ მაქარაშვილი (74) ვერცხლს დასჯერდა, მესამეზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), ომარ გუსოშვილი (97) და გიორგი საკანდელიძე (125) გავიდნენ. ბრინჯაოსთვის კონსტანტინე ხაბალაშვილმაც (65) იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ჩვენებურთა ასეთი კარგი გამოსვლა მით უფრო სასიხარულოა, რომ მინსკში ძალიან ძლიერი შეჯიბრება გაიმართა
- 28 ნაკრები მონაწილეობდა. პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ჭიდაობდა და რაც მთავარია, რუსეთი, აზერბაიჯანი, თავად ბელორუსი, უკრაინა, აშშ და სხვები უმთავრესი ფალავნებით გამოვიდნენ და ოლიმპიური, მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონებით დახუნძლული შეჯიბრება გამოდგა.

მოძმანაშვილმა ძალიან დამაჯერებლად იჭიდავა, თუმცა შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, მან ფინალზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა მეორე წრეში მოიგო, როცა 2:1 დაამარცხა თანაგუნდელი გიორგი საკანდელიძე. ეჭვიც არაა, აპრილის ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიც მონაწილეობას დისკვალიფიკაციამოხდილი გენო პეტრიაშვილიც მიიღებს, მაყურებელს უაღრესად საინტერესო ბრძოლები ელოდება.

მომავალმა ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში მონღოლი ჟარგალსაიხან ჩულუმბატი დაამარცხა, საკანდელიძის შემდეგ - ნახევარფინალში კი რუსთა დაღესტნელი არსლანბეკ ალიევიც დაჯაბნა.

ფინალში მოძმანაშვილმა დრამატულ პაექრობაში, ბოლო წამებზე დაამარცხა უკრაინელთა ნატურალიზებული ოსი, ევროპისა და მსოფლიოს შარშანწინდელი ფინალისტი ალან ზასეევი - 4:2.

ბოლო წამებზე ჩადენილი გმირობა და სასწაული გდება რომ არა, ვერცხლის მედალს დასჯერდებოდა. მოძმანაშვილმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე. საერთოდ, ჩვენებური მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ფიზიკური ძალით ჩაგრავდა კონკურენტს, თუმცა ზასეევი თავს კარგად იცავდა და ილეთზე არ უშვებდა ქართველს.

მეორე პერიოდის შუაწელში მოძმანაშვილმა პირველად გაარღვია მისი დაცვითი ზღუდე და ფეხში წარმატებით შევიდა. აიყვანა კიდეც და როცა თითქოს გდებას წინ არაფერი ედგა, მოულოდნელად უკრაინელმა აქეთ გადაიყვანა ჩოქბჯენში და 2:1 დაწინაურდა.

ვერ გეტყვით, რატომ დაკარგა მოძმანაშვილმა იმ მომენტში კონცენტრაცია და რატომ დაუთმო ინიციატივა მეტოქეს, როცა გდება თითქოს დროის ამბავი იყო. საბედნიეროდ, ამან ფსიქოლოგიურად ვერ გატეხა და ისევ გააგრძელა შემტევ სტილში ჭიდაობა, რამაც ნაყოფი ბოლო წუთზე გამოიღო. ჯერ დასრულებამდე 30-ოდე წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა, როცა ფეხში ხელით სცადა შესვლა, მეტოქე კი გაექცა, თუმცა ესეც არ მოეშვა და საბოლოოდ წრიდან გაიყვანა - 2:2.

ოღონდ ეს ანგარიში ჯერ მაინც 2-ქულიანი ილეთის პატრონ ზასეევს აძლევდა ხელს, რომელიც ისევ წარმატებით იცავდა თავს და ბოლო წამებზე ჯვარედინ მოვლებაზე ჭიდაობის დახურვას ცდილობდა, რაც სავსებით აწყობდა დროის გასაყვანად.

საბედნიეროდ, მოძმანაშვილმა ამ თითქოს უიმედო სიტუაციაში იფეთქა და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი გდება გაუკეთა - ასე ლამის ხალიჩაზე ჩაწოლილმა ჯვარედინი მოვლებიდან ორქულიანზე ზურგს უკან დაატრიალა და 4:2 მოუგო.

ვერცხლ-ბრინჯაოს ამბავი
ურიგოდ არც საკანდელიძე გამოსულა, რომელმაც თანაგუნდელთან მარცხის შემდეგ ერთგვარი რეაბილიტაცია გააკეთა ბრინჯაოს მოპოვებით. იმ წაგებამდე მან ერთი შეხვედრაც მოიგო უზბეკ რახიმოვთან, დამამშვიდებელში კი ზემოხსენებული ფალავნები - მონღოლი ჩულუმბატი და არსლანბეკ ალიევი დაამარცხა. მთლიანობაში, საკანდელიძემაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ძლიერად იჭიდავა მაქარაშვილმაც, ვინც ფინალამდე მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაარბია.

თავდაპირველად მან რუსეთის ნაკრების წევრებს მოუგო - დაღესტნელ ხაბიბ ბატიროვს 5:2, ოს ბორის მაკოევს კი 6:0 აჯობა. ამის შემდეგ კიდევ ორ პაექრობაში იმარჯვა დაღესტნელებთან, მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ - ტაჯიკეთის სახელით მოჭიდავე გამიდ ჯალილოვი 8:6, ბელორუსში გადასული რასულ ტიკაევი კი, ვინც მანამდე ზურაბ ერბოწონაშვილს მოუგო, 6:0 დაამარცხა.

სამწუხაროდ, მან ფეხიც იტკინა და ფინალში მთელი ძალით ვეღარ იჭიდავა ამერიკელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯორდან ბაროუზთან. ამ მომენტში მისი მარცხის ძირითადი მიზეზიც ეს იყო, თუმცა ბაროუზი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავეა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალური პაექრობა დათმო ჩინებულად მოჭიდავე სომეხთა მომავალ ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანთან, ვინც ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა რუსთა ჩეჩენი მსოფლიოს ჩემპიონი ბეკხან გოიგერეევი. ჩვენებურმა თავიდან უკრაინელებთან - ივან ბელეიჩუკთან (7:2) და ანდრეი სვირიდთან (8:0) იმარჯვა, რასაც მეოთხედფინალში რუსთა დაღესტნელ მურშიდ მუტალიბოვთანაც მოგებაც მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა, იქაურ ამბებზე კი უკვე გითხარით. ხინჩეგაშვილმა დამამშვიდებლის ფინალში 12:10 მოუგო მონღოლ ნარმანდახ ლხარგარმაას.

ომარ გუსოშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მერე დავით მარსაგიშვილი არ გამოუცხადდა, ვინც წონას არ იკლებდა და აქ აპირებდა ჭიდაობას - ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორმა მინსკში ვარჯიშზე წარბი გაიხეთქა და ექიმებმა დაასვენეს, გუსოშვილმა კი მეოთხედფინალში ამერიკელ კაილ ბეიერსს, ძირითადად, ფეხში შესვლებით 1:4 ამოუქაჩა და 7:4 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ხეტაგ გოზიუმოვთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩვენებურმა მოლდოველი ნიკოლაი ცებანი დაამარცხა.

ამავე წონაში "ტახტის თასის" გამარჯვებული ელიზბარ ოდიკაძეც ჭიდაობდა და ორ მეტოქეს სძლია - ბელორუს იუსუპ ჯალილოვს - 8:0, ამერიკელ დასტინ კილგორს კი 15:8 მოუგო, თუმცა მეოთხედფინალში უკრაინელთა ოლიმპიურ პრიზიორ ვლადიმერ ანდრეიცევთან დამარცხდა. მამუკა კორძაია და დავით ქერაშვილი (ორივე - 97) პირველივე წრიდან გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

წარუმატებლად გამოვიდნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრები - ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი (ორივე - 57), ბექა ლომთაძე, შოთა ფარტენაძე (61), მალხაზ ზარქუა (65), ზურაბ იაკობაშვილი, დავით ტლაშაძე (ორივე - 70), ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ჯაბა ყველაშვილი (86).

ჭაბუკების მედვედი
უფროსთა პარალელურად, მედვედის ტურნირი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორისაც ჩატარდა, სადაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო დიდი წარმატებით გამოვიდა - 11 მედალი მოიპოვა: 4-4 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი. ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძე (42), გიორგი ხაჩიძე (46), მამუკა ჩაჩუა (63) და ზურაბ ურთაშვილი (100). ვერცხლის მედლებს გოგა მამიაური (58), თორნიკე კვინიკაძე (63) და ივერიკო ჯულაყიძე (69) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - ამირან ვახტანგიშვილი (50), თეიმურაზ ვანიშვილი (54), ალექსანდრე ლომიძე (58) და ივანე გოდელაშვილი (76).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო!
საქართველოსთვის!!!
14:53 09-03-2015
0
კარგი დასაწყისია. გაიხარეთ.
geronti
12:27 09-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული