მონაგარი არაა შთამბეჭდავი, მაგრამ ამასაც მოეძებნება გამართლება - ჩვენები იქ ბაქოდან ჩავიდნენ, სადაც მასპინძლებთან ერთად ერთობლივი შეკრება გაიარეს, თან ნაკრების მწვრთნელებმა ამჯერად შანსი, ძირითადად, სათადარიგოებს მისცეს, ლიდერები კი დაასვენეს. გამონაკლისი მხოლოდ მარსაგიშვილია და იმანაც ზედა წონაში იასპარეზა.
ტურნირი, ტრადიციულად, საკმაოდ ძლიერი გამოდგა - მასში მასპინძლები ხომ რამდენიმე შემადგენლობით
მთლად პირველი შემადგენლობებით არა, მაგრამ იყვნენ აზერბაიჯანი და აშშ, რომელთა მეორე გუნდიც კი საკმაოდ ანგარიშგასაწევია.
ჭიდაობდნენ სომხეთი, ყაზახეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და სხვა ანგარიშგასაწევი გუნდები. ერთი სიტყვით, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება გამოდგა და ჩვენს ახალგაზრდა ფალავნებს კარგი სპარინგებიც გამოუვიდოდათ.
გოგავა და სანა
გოგავა შეჯიბრებაში კარგად ჩაება და ნახევარფინალამდე უმტკივნეულოდ მივიდა, გზად კი მაროკოელი მოხამად ნაზინი, რუსი დავიდ კარაიბრაგიმოვი და ამერიკელი ჯო კოლონი დაამარცხა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ჩვენებურმა მასპინძელთა მსოფლიოს ფინალისტსა და ევროპის რამდენიმეგზის მედალოსან სეზერ აკგულთან წააგო, დამამშვიდებლის ფინალში კი მოლდოველ ალექსანდრუ ჩირტოაკას აჯობა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
მასპინძელთა სამწუხაროდ, აკგულმა ბოლომდე ვერ გაამართლა მათი იმედები და ფინალში ყაზახეთის წარმომადგენელ არტაშ სანასთან დამარცხდა. სანა ყაზახეთის დროშის ქვეშ კი დგას, მაგრამ წარმოშობით ციმბირელია, იქ კი შარშან გადავიდა რუსეთიდან.
ეს გადასვლა ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ ამით ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოლიმპიურ პერსპექტივაში ერთი ძლიერი კონკურენტი ემატება. სანამ შარშანვე მსოფლიოს ჩემპიონატშიც იჭიდავა ყაზახეთის სახელით, თუმცა იქ 61-ში გამოვიდა, ხოლო ამჯერად 57-ს დაუბრუნდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ოლიმპიადის პროგრამაში 57 კილოგრამი შედის და არა 61. ამიტომ მოსალოდნელია, ის დამკვიდრებას ოლიმპიურ კატეგორიაში ეცდება.
ყაზახეთს 57 კილოგრამში მსოფლიოს 2011 წლის მესამე პრიზიორი დაულეტ ნიაზბეკოვიც ჰყავს, რომელიც ისევ ჭიდაობს და მარტში მინსკში, მედვედის ტურნირზე მესამეზეც გავიდა, თუმცა ჩანს, იქაურები მაინც არ ენდობიან და მის ნაცვლად სანა მიიწვიეს ციმბირიდან.
მარსაგიშვილი გადისოვის წინააღმდეგ
ხინჩეგაშვილის სავარაუდო კონკურენტებზე საუბარი ქვემოთ გავაგრძელოთ, მანამ კი დავით მარსაგიშვილის გამოსვლაზეც ვთქვათ, რომელსაც მწვრთნელებმა ამჯერად წონა არ დააკლებინეს და 97-ში დააყენეს სატურნირო პრაქტიკისთვის. ერთი შეხედვით, თითქოს ცუდადაც არ უჭიდავია, რადგან ფინალში გავიდა, აი, იქ კი თვალნათლივ გამოჩნდა, რამდენით ჩამორჩება მოწინავე ფალავნებს - გადისოვთან უშანსოდ წააგო, 1:11.
პირველ წრეში მარსაგიშვილმა თანაგუნდელი ზვიად მეტრეველი 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ის სრულ უპირატესობას ფლობდა, მეგობარს კი პირველი ხიფათი მეორე წუთზე შეუქმნა, როცა ფეხში შეუხტა და გადაიყვანა. სლოვაკ იოზეფ იალოვიარს პასიურობისთვის ორჯერ ჩაართვევინა დრო და რაკი თავიც კარგად დაიცვა, პირველი ორი ქულა ამ გზით მოიპოვა, მერე კი ჯერ ისევ ფეხში შესვლით ჩოქბჯენში გადაიყვანა, ხოლო მოგვიანებით მეტოქეს გადაყვანა არ დაანება, ამოუძვრა და მას მოექცა ზურგიდან - საბოლოოდ 6:0 სძლია.
მეოთხედფინალში თურქი რეზა ილდირიმი 10:0 დაანგრია. მის რბევას ხელი პირველივე წამებიდან მიჰყო და ფეხში შესვლებით თუ გადაგდებებით საქმე სუფთა მოგებამდე მიიყვანა. ნახევარფინალში უფრო გაუჭირდა ილდირიმის თანაგუნდელ იბრაგიმ ბოლუკბასთან, თუმცა იქ გაჭირვება უფრო იმაში გამოიხატა, რომ თურქი შედარებით მეტ წინააღმდეგობას უწევდა, ყველაფერს ვერ უკეთებდა მას, რასაც მოისურვებდა.
ეგ იყო, თორემ ბოლუკბასს ქულის მოპოვების შანსი თითქმის არც მისცემია. ეს მხოლოდ დასაწყისში თუ შეეძლო, როცა ფეხში შესვლიდან ჩოქბჯენში გადაყვანას ცდილობდა, მაგრამ მარსაგიშვილმა დაუხურა და კარგა ხნის ჯაჯგურის შემდეგ მეტოქე ჩაიყვანა ქულაზე. ქართველმა ორი ქულა წრიდან გაგდებისთვის მიიღო, ბოლოს კი იმას გდება დაუხურა და 6:0 იმარჯვა.
სამწუხაროდ, ჩვენებურმა ფინალი უშანსოდ დათმო. გადისოვმა თავისი მთავარი ტიტულები შარშან მოიპოვა, როცა დუბლი შეასრულა - ევროპის პირველობაც მოიგო და მსოფლიოსიც. ის ამჟამად მართლაც ჩინებულ ფორმაშია და ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული.
იმედია, მარსაგიშვილი დაკუნთულ, არაადამიანური ძალის პატრონ ავარელთან უშუალო კონტაქტით ცხადად დაინახავდა, "ფიზიკაში" როგორ უნდა იყოს მომზადებული და რამდენი უკლია იმ დონემდე - გადისოვი წონით მეტია და ცოტა მაღალიც, მაგრამ მარსაგიშვილი მასთან შედარებით გამხდარია და ვერც ისეთი დაკუნთული ხელებით დაიკვეხნის.
გადისოვმა ნახევარფინალში სასწაული გდება ჩაუტარა პოლონელ რადოსლავ ბარანს - წელიდან აიყვანა და ზურგს უკან ისე გამეტებით დაახეთქა, ლამის მეორე ლეიბზე გადააგდო. პოლონელი თითქოს პატარა ბავშვი იყო, ისე თავისუფლად აიტაცა და გადაისროლა. ავარელი ისეთ ჯანზეა, მგონი, გაქცეულ კამეჩს გააჩერებს.
ამ წონაში მეოთხედფინალში კიდევ ერთი მონაწილე გვყავდა - თედორე ებანოიძე, რომელიც იმ ეტაპზე სწორედ ბარანთან დამარცხდა - 5:8. მანამ ქართველმა ფალავანმა თურქ კენან გორს და ბულგარელ დრაგომირ სტოიჩევს მოუგო. საერთოდ, ეს წონა ქართველებით ყველაზე დატვირთული გამოდგა - ამ დუეტის გარდა, აქ მეტრეველი, მამუკა კორძაია და ბექა ჭელიძეც ჭიდაობდნენ.
როგორც გითხარით, მეტრეველი პირველივე წრეში მარსაგიშვილთან დამარცხდა. სამწუხაროდ, სხვებმაც მისი ბედი გაიზიარეს და თან მასპინძელთა იმ ფალავნებთან, რომლებსაც მერე მოგვიანებით მარსაგიშვილი დაერია - ჭელიძემ ილდირიმთან 2:8 წააგო, კორძაია კი ბოლუკბაშთან წმინდად, 0:10 დამარცხდა.
წაგებულთა ლაშქარი
სხვა წონებში მოჭიდავე ქართველებიც ადრევე გამოვარდნენ. შოთა ფარტენაძე (61) პირველივე წრეში ზემოხსენებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ოთარსულთანოვთან 0:10 დამარცხდა, ბექა ელბაქიძემ (65) კი უზბეკ აზიის თამაშების პრიზიორ იხტიორ ნოვრუზოვთან 0:11 წააგო. სამი მონაწილე გვყავდა 70 კილოგრამში, მაგრამ მეორე წრეში ვერავინ გავიდა: თორნიკე როსტიაშვილი რუს მულიდ ლამპაჟევთან 0:3 მარცხის შემდეგ გამოეთიშა შეჯიბრებას, ლაშა გიგაშვილმა თურქ მეჰმეტ ოქთაისთან 3:12 დათმო, ვალერი ბაგაევმა კი თურქ ემრე აივაზთან 5:7 წააგო. 75-ში მარადი ზოიძე ამერიკელ დევიდ ტეილორთან 0:11 დამარცხდა, ირაკლი გოგობერიშვილი კი - ყაზახ ნურატხან ბახიტხანულთან, 7:12. მძიმე წონაში თორნიკე ხიდეშელი პირველივე წრეში გაცალოვს შეხვდა და 2:6 წააგო. ამ წონაში შედარებით შორს წავიდა ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ლევან ჯვარიძე, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა.
ვინ იქნება ხინჩეგაშვილის კონკურენტი ოლიმპიადაზე?
დასასრულ, ისევ დავუბრუნდეთ ხინჩეგაშვილის სავარაუდო კონკურენტებს ოლიმპიური თვალსაზრისით. ამ მხრივ ძალზე საინტერესოდ მიგვაჩნია არა მარტო 57-ში, არამედ 61-ში განვითარებული მოვლენებიც, სადაც მისი რამდენიმე პოტენციური კონკურენტი გამოვიდა, ძირითადად - რუსეთიდან. აქ ჩემპიონი ოთარსულთანოვი გახდა, ლებედევი და აფხაზი რუსტამ ამპარი კი მესამეზე გავიდნენ. ამათთან ერთად აღსანიშნავია ფინალში დამარცხებული თურქი მუნირ რეჯებ აქტაშიც. ვერ გეტყვით, ვინ როგორ დასძლევს შიდა კონკურენციას, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ოლიმპიურ წონაში დამკვიდრებას ეცდება. თურქულ კონკურენციაში ჯერჯერობით უპირატესობას მაინც უფრო ტიტულოვან აკგულს მივანიჭებთ, თუმცა აქ ნურც ახმეტ პეკერს დავივიწყებთ, ვინც ხინჩეგაშვილისთვის საკმაოდ უხერხული კონკურენტია.
ეჭვი არაა, საოლიმპიადოდ რუსები დახოცავენ ერთმანეთს, თუმცა მათში არც ერთი არაა ეროვნებით რუსი. ჩეჩენმა ოთარსულთანოვმა, ვინც მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოდან წასული ოსი ანატოლი მარგიევი ავარჯიშებს, სწორედ მწვრთნელის პირით წონითი კატეგორიების შეცვლისთანავე გამოაცხადა, რომ 61-ში გადადიოდა, თუმცა მარგიევმა ისიც დასძინა, რომ ოლიმპიადისთვის საგანგებო გრაფიკით იწყებდნენ მზადებას და ამიტომ მსოფლიოს შარშანდელი პირველობაც გამოტოვეს.
ეროვნებით იაკუტ ლებედევს წონის პრობლემა სერიოზულად აწუხებს - უკვე წლებია, ძალიან ბევრს იკლებს და იფიტება.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა მანაც 61-ში გადასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ, როგორც კი ანალოგიური განცხადება ოთარსულთანოვმაც გააკეთა, ის ისევ 57-ს დაუბრუნდა, თუმცა საერთაშორისო ტურნირებზე კვლავაც 61-ში გამოდის, როგორც ახლა მოიქცა. 24 წლის აფხაზი ამპარი კონკურენტებზე 2-3 წლით უფრო ახალგაზრდაა და პირველხარისხოვან ტურნირზე ჯერ მხოლოდ ერთხელ იჭიდავა ეროვნულ ნაკრებში - შარშან ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა, სადაც ხინჩეგაშვილთან წააგო.
სტამბოლში ეს სამეული ნახევარფინალამდე არ შეხვედრია ერთმანეთს, იმ ეტაპზე კი ჩეჩენმა აფხაზს მოუგო, თუმცა წილისყრის წყალობა ვერც ლებედევმა შეიშნოვა და თურქ აკტაშთან დამარცხდა.
არაა გამორიცხული, რუსთაგან ამ კონკურენციაში სხვებიც ჩაერთონ, თუმცა ეს სიაც კი ფრიად შთამბეჭდავია. ოღონდ აქ ჩვენ მხოლოდ რუსებზე ვსაუბრობთ, არადა, მსოფლიოში უმჩატეს წონებში ბევრ გუნდს ჰყავს კარგი ფალავანი - აზერბაიჯანს, ირანს, ორივე კორეას, იაპონიას, აშშ-ს და სხვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"