საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. I დღე: ახალი თაობის მოძალება [PHOTO]

AutoSharing Option
29 აპრილს გლდანში მდებარე ხელბურთის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო თავისუფალ ჭიდაობაში.

მედლები ოთხ წონაში - 57, 65, 74 და 97 კილოგრამებში გათამაშდა. შეჯიბრებამ ბევრად უფრო მშვიდად ჩაიარა, ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებებმა მაინც გვარიანი კვალი დაამჩნია.

მაგალითად, 65 კილოგრამის ფინალი ავთანდილ კენჭაძესა და კონსტანტინე ხაბალაშვილს შორის დაახლოებით 30 წუთით შეწყდა. სამწუხაროდ, მსაჯობა კვლავაც რჩება ჩვენი ჭიდაობის "აქილევსის ქუსლად".

მოლოდინისამებრ, ჩემპიონატში ყველა უძლიერესი ფალავანი გამოვიდა, რადგან ეს მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა ევროპულ თამაშებზე წამსვლელი გუნდის დასაკომპლექტებლად, რომელიც წლეულს ევროპის
ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.

საბედნიეროდ, ტურნირი საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა და დაძაბული ორთაბრძოლებიც ბლომად იყო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებმაც წარმატებით ჩაანაცვლეს ლიდერები. თუმცა ჩვენი ნაკრები იმდენად ახალგაზრდულია, აქ თაობათა დაყოფაც ძალზე პირობითია და ისიც, საბოლოოდ ჩაანაცვლეს თუ არა ძველი ფავორიტები.

უბრალოდ, ამ ეტაპზე მოცემული შეჯიბრების შემდეგ პირველ ნომრებად ახალი თაობის წარმომადგენლები - ბექა ბუჯიაშვილი (57) და კენჭაძე იქცნენ.

ასაკით ამ თაობას ეკუთვნის 74 კილოგრამში გამარჯვებული 23 წლის ჯუმბერ ყველაშვილიც, თუმცა მას ახალ სახედ ვერ მივიჩნევთ, რადგან შარშან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთადერთი მოგება დააკლდა.

22 წლისაა კიდევ ერთი გორელი ბუჯიაშვილი, მაგრამ მას და ოთარ გოგავასაც (57) ქვეყნის პირველობისა თუ თასის ფინალში ადრეც უჭიდავიათ; ყველაზე უცნობი კი მაინც კენჭაძეა, იმის მიუხედავად, რომ შარშანაც კარგად დაგვამახსოვრა თავი. ის ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მაგრამ უკვე ეროვნულზეც გააკეთა საფუძვლიანი განაცხადი.

აღსანიშნავია, რომ ამბროლაურელი ფალავანი, ვინც თბილისში, ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში ვარჯიშობს, სპორტული ოჯახიდანაა - ჭიდაობს მისი ძმა ნიკა კენჭაძეც. გუშინ ისიც ჭიდაობდა, მაგრამ ასაკით უფროსებთან მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

29 აპრილს ძველი სახეებიდან მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძემ (97) გაიმარჯვა, მაგრამ მოგებასაც გააჩნია - ომარ გუსოშვილთან მის ასეთ იოლ გამარჯვებას ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე. არც იმის თქმა გვინდა, რომ იგივე გუსოშვილი, ხაბალაშვილი ან სხვები, რომლებმაც ფინალები წააგეს, ან თუნდაც დანარჩენი პრიზიორები, ცუდად გამოვიდნენ - უბრალოდ, ამჯერად კონკურენტებმა აჯობეს, თორემ ვიმედოვნებთ, სამომავლოდ იგივე ევროპის პრიზიორი ხაბალაშვილი ასე იოლად არაფერს დათმობს, ეს კი კონკურენციას გაზრდის და ნაკრებს ერთიათად წაადგება.

საინტერესოა, რომ 29 აპრილს გორელებს ოთხივე წონის ფინალში ჰყავდათ თითო მონაწილე, საბოლოოდ კი ორი ოქრო ირგუნეს.

57 კგ
როგორც უკვე ვწერდით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამ ტურნირს 61 კილოგრამში იჭიდავებს, მის არყოფნაში კი ლიდერობა ახალგაზრდებმა იგდეს ხელთ. ხონელი გოგავა, ვინც ასევე თბილისში, ოლიმპიური მზადების ცენტრში ვარჯიშობს, შარშან თასის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ხინჩეგაშვილს დაბევებული ჰქონდა ადგილი ნაკრებში. ფინალი გორელმა ბუჯიაშვილმა 12:8 კი მოიგო, მაგრამ იმდენად დაძაბული პაექრობა იყო, ბოლო წამამდე ვერ იტყოდი, რომ რომელიმეს განაღდებული ჰქონდა მოგება.

არადა, ცოტა დააკლდა, ორთაბრძოლა კინაღამ დასაწყისშივე შეწყდა. ის ბუჯიაშვილის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც მეტოქე მოგვერდით დააგდო - 4:0, მაგრამ გდებისას ნეკნიც იტკინა. მან ღმერთს მადლობა უნდა შესწიროს, რომ ტრავმა არც ისე საშიში აღმოჩნდა და ექიმებმა მისი ფეხზე დაყენება შეძლეს.

ბუჯიაშვილს გადატანილი ფათერაკისა არაფერი ეტყობოდა და შეხვედრის განახლებიდან მალევე შეუხტა ფეხში, თან დაბლაც ჩაიყვანა - 6:0. ის ყველაზე კარგად ამ ფანდს - ფეხში შეხტომას იყენებდა, რასაც ერთ ეპიზოდში კარგი კომბინაციაც მიაყოლა, "ჯვარიდან" დაატრიალა. გოგავა კი იბრძოდა და დიდი ძალითაც უტევდა, მაგრამ ბუჯიაშვილი კარგად იცავდა თავს. გოგავამ ქულების უმეტესობა მეტოქის წრიდან გაყვანისთვის მიიღო და მხოლოდ ერთხელ აიძულა მეტოქე, შეცდომა დაეშვა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოამზადა ილეთი.

ფინალამდე ორივემ 3-3 პაექრობა ჩაატარა და ორივემ - ძლევამოსილად: გოგავამ პირველი ორი პაექრობა ცეცხლაძესა და ბოლქვაძესთან წმინდად მოიგო - 10:0, ნახევარფინალში კი ლევან მურცხვალაძეს 9:0 აჯობა. ბუჯიაშვილმა თავიდან რამაზ დარჩიძეს 8:4; 8:0 მოუგო, ტალახაძეს 0:3; 7:0 აჯობა, გივი დავიდოვი კი ჯამში 10:0 დაამარცხა.

კვარცხლბეკი
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. ლევან მურცხვალაძე (ონი)
3. გივი დავიდოვი (საჩხერე)

65 კგ
როგორც გითხარით, ამ წონის ფინალი ყველაზე ხმაურიანი გამოდგა. შეხვედრა დაძაბული რომ იქნებოდა, არავის ეეჭვებოდა, რადგან ორივემ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა.

ხაბალაშვილი ევროპის მესამე პრიზიორია და მისი ძალა ყველამ კარგად ვიცით, კენჭაძე კი მზარდი ლიდერია. სხვათა შორის, მან ერთი ხმაურიანი "სკალპი" ფინალამდეც მიითვალა, როცა ნახევარფინალში ფავორიტად მიჩნეულ ზურაბ იაკობაშვილს პირველი პერიოდი 1:2 დაუთმო, მეორეში კი 10:0 გადაურბინა. თუმცა მანამდეც არანაკლები დღე აყარა ჯერ მატიაშვილს (14:1), მერე - ჯიქიასაც (10:0).

გორელმა ხაბალაშვილმა ტურნირზე ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა - თავიდან მერმანიშვილსა და შამათავას 10:0 მოუგო, თანაქალაქელ დავით ბერძნიშვილთან პირველი პერიოდი 8:1 მოიგო, მეორე კი 0:5 დათმო. ხაბალაშვილმა ნახევარფინალში კიდევ ერთ თანაქალაქელს აჯობა, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონ გიორგი ბალიაშვილს - 2:0; 2:0.

ფინალური პაექრობა ბოლო 10 წამამდე უდავიდარაბოდ მიდიოდა და კენჭაძე 5:4 იგებდა.

ახალგაზრდა ფალავანმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და სასტვენისთანავე ეკვეთა მეტოქეს. მალე ლეიბზეც ჩაიყვანა და 2:0 დაწინაურდა. კიდევ ერთი ქულა უილეთოდ შეიმატა - ხაბალაშვილი უხეშობისთვის დასაჯეს. ის მხოლოდ ასეთი მირტყმებით არ ცდილობდა წარმატების მოპოვებას და ბევრსაც უტევდა, მაგრამ კენჭაძე მაქსიმალურად მობილიზებული იცავდა თავს. პირველი პერიოდის მიწურულს ხაბალაშვილი ფეხშიც სწვდა მეტოქეს, მაგრამ კენჭაძე სასწაულებრივად ამოუხტა და გაექცა.

ანალოგიური თვალსასეირო ეპიზოდი მოგვიანებითაც ვიხილეთ, მეორე პერიოდი კი ხაბალაშვილის სწრაფი შეტევით დაიწყო, რამაც ფეხში შესვლა და 2-ქულიანი გდება მოუტანა - 3:2. თუმცა იქამდე კენჭაძე დიდხანს იცავდა თავს და გაქცევას ცდილობდა, რაც რამდენჯერმე კარგადაც გამოუვიდა. კენჭაძემ ცოტა ხანში მოძრაობაზე დაიჭირა და ანგარიში 5:3 გახადა, საკამათო ეპიზოდი კი ამის შემდეგ დადგა.

დასრულებამდე 10 წამით ადრე მსაჯმა, როგორც თვითონ ამბობს, პასიურობისთვის კენჭაძე გააფრთხილა და ერთი ქულით დასაჯა, ოღონდ სასტვენის ხმა არავის გაუგონია. შეხვედრაც გაგრძელდა და კენჭაძემ ორქულიანი გდება გააკეთა.

ეს ილეთი რომ ნამდვილად იმსახურებდა შეფასებას, ამაზე არავინ კამათობდა, თუმცა დიდხანს ვერ გაარკვიეს, იყო თუ არა სასტვენი მანამ. სიმართლე გითხრათ, არათუ იმ ეპიზოდში, პასიურობაში კენჭაძის დადანაშაულება ძალზე უცნაური ჩანს. მეორე პერიოდში ხაბალაშვილმა თავიდან კი შეუტია, თორემ მერე ცოტა დაღლაც დაეტყო და ინიციატივასაც დიდწილად მეტოქე ფლობდა.

იმ ეპიზოდში მსაჯის ჟესტები მეც დავინახე, მაგრამ სასტვენის ხმა არ გამიგონია. ვიფიქრე კიდეც, თუ აჩერებს შეხვედრას, სასტვენს რატომ არ აძლევს-მეთქი. ვიდეოგამეორებისას აგუგუნებულ დარბაზს, რომელიც ხშირად სკანდირებდა კენჭაძის გვარს, რამდენჯერმე სიჩუმისკენაც მოუწოდეს, სხვანაირად ვერ გავიგებთ, როდის იყო სასტვენის ხმაო.

დიდი ბჭობის შემდეგ მიიჩნიეს, რომ არბიტრმა ნამდვილად ჩასტვინა და ერთი ქულა ხაბალაშვილს მისცეს. ამით ანგარიში გათანაბრდა, რაც ხაბალაშვილის გამარჯვებას ნიშნავდა - ფრის შემთხვევაში მეტოქის გაფრთხილება მას უპირატესობას აძლევდა, თუმცა მეორე მხარის მოთხოვნით, ვიდეოფირის გარჩევა მაინც გაგრძელდა. საბოლოოდ, პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალეს, აღადგინეს ძველი ანგარიში - 5:4 კენჭაძის სასარგებლოდ და შეხვედრაც განაახლეს. დარჩენილ 9 წამში კენჭაძემ ისევ მოახერხა მეტოქის წრიდან გაყვანა და 6:4 მოიგო.

კვარცხლბეკი
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
3. დავით ბერძნიშვილი (გორი).

74 კგ
გორელებმა მეორე ოქრო აქ მოიპოვეს, რაც ყველაშვილმა გააკეთა, თუმცა ეს ფინალიც საკმაოდ ნერვიული გამოდგა - ბოლო წუთებზე ჩოქბჯენში დატრიალებულ მოძრაობებს ჯერ გორელები აპროტესტებდნენ, მერე - იაკობ მაქარაშვილის თბილისური ბანაკი.

თუმცა მანამდე მსაჯის გადაწყვეტილება მისმა ზემდგომებმა შეცვალეს - არბიტრმა ჩოქბჯენიდან ორმხრივი ამოსვლისთვის ორივეს 2-2 ქულა მისცა, მაგრამ მაგიდის მსაჯმა მხოლოდ მაქარაშვილს დაუწერა. ყველაშვილი თავიდან 2:1 იგებდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი წინ მაქარაშვილი გავიდა - 5:4.

თუმცა მოგვიანებით გორელების პროტესტიც სამართლიანად მიიჩნიეს და ლეიბის მსაჯის თავდაპირველ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. ამით ორი ქულა ყველაშვილსაც დაუმატეს და ის 6:5 დაწინაურდა. შეხვედრაც ასე მორჩა, თუმცა - არა კამათი, ოღონდ ამას შედეგი აღარ გამოუღია, ლეიბზე პირქვე ჩამხობილი მაქარაშვილი კი დიდხანს იოხებდა გულს.

კვარცხლბეკი
1. ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)
2. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
3. რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი),
3. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო).

97 კგ
ოდიკაძე ნაკრების სტაბილური წევრია და ხეტაგ გოზიუმოვის დონის ფალავნებიც დაუმარცხებია. ამ ფინალურ წყვილშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, ომარ გუსოშვილი ვინმესთან ასე თუ განადგურდებოდა.

ეს ახალგაზრდა ბიჭიც მზარდი სპორტსმენია და მარტში ტრიუმფით მოიგო ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი, სადაც კარგი ტექნიკური თუ ფიზიკური მომზადება გამოავლინა. არადა, ოდიკაძემ სულ რაღაც წუთნახევარში 11:0 მოუგო და თან ფიზიკური ღონით დაჯაბნა: ჯერ ჩაყვანისთვის ერთი ქულა მიიღო, მერე კი შეეკრა და ისე თავისუფლად გადააგდო, თითქოს ხის მორი მოისროლა.

ოღონდ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამის შემდეგ გააკეთა - ლეიბზე კარგად შეეკრა და ზედიზედ ოთხჯერ დაატრიალა, თუმცა ბოლო შესრულებამდე მსაჯმა უკვე გააჩერა შეხვედრა და მხოლოდ სამი დატრიალება ჩაეთვალა. ის 9:0 დაწინაურდა და პაექრობაც, ფაქტობრივად, აქ დასრულდა, რადგან ყველაფერი დღესავით ნათელი იყო.

შეხვედრის განახლებისთანავე ფეხში შესვლით მან ისევ ჩაიყვანა დაბლა გუსოშვილი და წმინდად გაიმარჯვა. გორელმა ფალავანმა ფინალამდე საკმაოდ იოლად გაიარა რთული ბადე - ბექა ჭელიძეს ჯამში 3:0 მოუგო, როლანდ ანდრიაძე 12:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ თედორე ებანოიძეს 2:2; 2:1 მოუგო. თუმცა ოდიკაძეს უფრო რთული ბადე ერგო, რადგან მის მხარეს მოხვდა ამ წონის კიდევ ერთი ლიდერი დავით ქერაშვილი, ვისთანაც 1:0; 2:1 იმარჯვა. მანამდე ზვიად მეტრეველს ჯამში 4:1 მოუგო, თორნიკე ხიდეშელს - 8:2.

კვარცხლბეკი
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. ომარ გუსოშვილი (გორი)
3. დავით ქერაშვილი (თბილისი)
3. ბექა ჭელიძე (აჭარა).

საქართველოს ჩემპიონატი დღეს დანარჩენი ოთხი წონითი კატეგორიის პაექრობებით გაგრძელდება.

განსაკუთრებულ ინტერესს მძიმე წონა იწვევს, სადაც დაბრუნდა დოპინგისთვის დასჯილი გენო პეტრიაშვილი.

სამწუხაროდ, ჭიდაობაში წილისყრისას განთესვის სისტემა არ მოქმედებს და ამ წონის თითქმის ყველა ფავორიტი - პეტრიაშვილი, დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული