თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი

AutoSharing Option
ფოტოზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოება
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს ერევანში დასრულებულ სტეფან სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში: ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა, ვერცხლი დავით მოძმანაშვილმა (125) მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ამავე წონაში გიორგი საკანდელიძე გავიდა.

ჩვენი 23-კაციანი გუნდიდან ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ სამმა სპორტსმენმა იბრძოლა: ალექსანდრე ჯაჭვაძემ (70), დავით მარსაგიშვილმა და ნოდარ ეგაძემ (ორივე - 86), მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დარჩნენ.

ხინჩეგაშვილმა ტურნირი მასპინძელ გარიკ ბარსეგიანთან მოგებით დაიწყო - მასაც და თანაგუნდელ ბექა ბუჯიაშვილსაც წმინდად მოუგო, 10:0.
მეოთხედფინალში ჩვენებურმა კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსთა აფხაზი რუსტამ ამპარი, ნახევარფინალში კი ყირგიზ სამატ ნადირბეგს 3:2 სძლია.

ფინალში მისი მეტოქე რუსთა ციმბირელი ფალავანი ხურეშ დონდუკ-ოოლი იყო, ვისაც გორელმა ათლეტმა კვლავაც დამაჯერებლად, 4:3 აჯობა და ჩემპიონიც გახდა.

ამ წონაში აღვნიშნავთ ხინჩეგაშვილისა და ბუჯიაშვილის შეხვედრას. ბუჯიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, თუმცა გორელი ქვეყნის პირველობაზე 61-ში გამოვიდა და ვერცხლი მოიპოვა. ამ შერკინებამ დიდწილად განსაზღვრა, ვინ იქნება ლიდერი ამ ოლიმპიურ წონაში უახლოეს მომავალში - ბუჯიაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა ხინჩეგაშვილთან საპაექროდ, რომელმაც უპრობლემოდ მოუგო უმთავრეს კონკურენტს.

მძიმე წონაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ თანაგუნდელები ტურნირიდან მოძმანაშვილმა დაიფრინა: პირველივე წრეში გიორგი მეშვილდიშვილს 2:0 მოუგო, ნახევარფინალში კი გიორგი საკანდელიძეს 1:0 სძლია. შუალედში კი უკრაინელ დანილო კარტავისაც აჯობა - 3:0. ფინალში მოძმანაშვილმა სომხეთის სახელით მოჭიდავე კიდევ ერთ თანამემამულე ლევან ბერიანიძესთან 1:2 წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

სანუგეშო წრეში მეშვილდიშვილი კარტავისთან დამარცხდა, ვისაც ბრინჯაოსთვის პაექრობაში საკანდელიძემ 5:2 მოუგო. მანამდე, ძირითად ბადეში საკანდელიძემ რუს ვალერი ბედოევთან 9:0 მოგების შემდეგ თანამემამულე ლევან გოგრიჭიანსაც აჯობა - 5:0.

მარსაგიშვილმა ნახევარფინალამდე სომეხი ვლადიმერ მინასიანი 10:0, უკრაინელი ლუბომ საკალიუკი 2:0, რუსი იგორ სარქისიანი კი 6:0 დაამარცხა. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც უზბეკთა ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ სოსლან ტიგიევთან 1:5 წააგო. ჩვენებური ბრინჯაოს მედლისთვის საჭიდაოდ ტრავმის გამო არ გასულა სომეხთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ მუსა მურთაზალიევთან.

ნახევარფინალში გავიდა ეგაძეც, რომელმაც გზიდან ჩამოიცილა სომეხი გაცემ ამბარცუმიანი (10:0) და თანაგუნდელი გოჩა ლომთათიძე (10:3). სამწუხაროდ, იქ ირანელთა მომავალ ჩემპიონ ალირეზა კარიმისთან დაძაბულ პაექრობაში წააგო - 9:10, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი ასევე მინიმალური სხვაობით - 5:6 დათმო რუს ვლადისლავ ვალიევთან.

ჯაჭვაძე პირველ შეხვედრაში თანაგუნდელ ტარიელ გაფრინდაშვილს უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და ნაადრევად შეწყვიტა ასპარეზობა. თუმცა მასაც ტრავმამ შეუშალა ხელი წარმატების მოპოვებაში, რომელიც ნახევარფინალში მიიღო რუს ხალილ ამინოვთან და პაექრობა ვერ დაასრულა, მერე კი ვერც ბრინჯაოსთვის ეჭიდავა ჩვეულად მასპინძელ ლევონ ოგანესიანს.

ნახევარფინალამდე ჯაჭვაძემ უზბეკი რუსლან პლიევი 19:10 (ამან გიორგი ლობჟანიძეს აჯობა) და ბერძენი ანდრეას ტირანდატილიდისი 4:0 დაამარცხა.

სხვა წონებიდან გამოვარჩევთ თედორე ებანოიძის გამარჯვებას დავით ქერაშვილთან, როგორც წონის ლიდერობისთვის პრინციპულს, თუმცა აქ სადღეისოდ პირველი ნომერი მაინც ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული