საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ერთი კვირაა ბრაზილიაშია. რამდენიმე დღის წინათ მათ თავისუფალი სტილით მოჭიდავე თანატოლებიც შეუერთდნენ.
ჩვენები იქ აკლიმატიზაციის მიზნით ერთობლივ შეკრებას გაივლიან, 11-16 აგვისტოს კი ქალაქ სალვადორ დე ბაიაში თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ.
ჩვენებმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარეს საქართველოში, თუმცა შორეულ ბრაზილიაში წინასწარ წასვლა მაინც გადაწყვიტეს. ვფიქრობთ, სამართლიანადაც, რადგან სასაათო სარტყლებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, 8-9 საათი.
ჩემპიონატში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან და ამიტომ წავიდნენ ისინი "თავისუფლებზე" ოთხი დღით ადრე ბრაზილიაში. ამას გოგონების შეჯიბრება მოჰყვება,
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბერძენ-რომაელთა" მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე სრულად ენდო ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფით ნაჭიდავებ შემადგენლობას (2 ოქრო, 4 ბრინჯაო, ერთი კი მეხუთეზე გავიდა) და გუნდში საკადრო ცვლილება არ შეუტანია. "თავისუფალთა" თავკაცმა გიორგი გოგშელიძემ კი გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და ზოგან თამამ ექსპერიმენტსაც მიმართა. მაგალითად, ევროპაზე მესამეზე გასული გიორგი ჩხარტიშვილი (85) ამჯერად ზედა წონაში დააყენა.
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: 50 კგ. ნუგზარ წურწუმია, 55 კგ. ირაკლი შავაძე, 60 კგ. ლევან ქავჟარაძე, 66 კგ. რამაზ ზოიძე, 74 კგ. გელა ბოლქვაძე, 84 კგ. გიორგი მელია, 96 კგ. ნიკოლოზ კახელაშვილი. 120 კგ. ზვიად პატარიძე.
მწვრთნელები: ზაზა სილაგაძე, მუხრან მაჭუტაძე.
მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე.
"თავისუფალთა" ნაკრები: 50 კგ. რობერტ დინგაშვილი, 55 კგ. ედემ ბოლქვაძე, 60 კგ. გიორგი სულავა, 66 კგ. ავთანდილ კენჭაძე, 76 კგ. ტარზან მაისურაძე, 84 კგ. ირაკლი მწითური, 96 კგ. გიორგი ჩხარტიშვილი, 120 კგ. ბექა კანდელაკი.
მწვრთნელები: გიორგი გოგშელიძე, დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი, კობა კაკალაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"