- მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
მასში ჩვენგან გიორგი გოგშელიძის მიერ ახალჩამოყალიბებული კლუბი "ჩემპიონი" გამოდიოდა, რომელმაც მთლად წარმატებით ვერ იჭიდავა - ჯგუფში ერთი შეხვედრა მომავალ ჩემპიონთან, ამერიკულ "ტიტანი მერკურთან" დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.
სამაგიეროდ, ტურნირი წარმატებული გამოდგა ჩვენი კლუბის წევრ ელიზბარ ოდიკაძისთვის (97), ვინც შეჯიბრების საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.
ჩვენმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მესამეპრიზიორმა ხარკოვში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო, თუმცა ამათგან
არ ვიცით, რა შედეგებს მოიპოვებს ოდიკაძე მომავალში; ღმერთმა ქნას, უდიდესი სიმაღლეები დაიპყროს, მაგრამ ამ იანკმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი მის კარიერაში - ალბათ, ოდიკაძე ვერასოდეს დაივიწყებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მასთან წაგებულ მართლაც საოცარ ნახევარფინალს. მაშინ ქართველმა ამერიკელს იშვიათი სილამაზის კისრული გაუკეთა და 4-ქულიანზე გაშხლართა.
ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, ყველაზე გამორჩეული გდება იყო, მაგრამ სწორედ ეს ექცა საბედისწეროდ, რამეთუ დაიბნა, ვერაფრით დაალაგა ჭიდაობა და ვერც გავეშებული მეტოქის მასირებულ შეტევებს დაუპირისპირა რამე ღირებული. მაშინ ოდიკაძემ ფინალში გასვლის საოცარი შანსი დაკარგა, რამაც ისე გატეხა, ვერც ბრინჯაოს მედლისთვის შეძლო სათანადოდ ჭიდაობა და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა, მეხუთე ადგილზე გავიდა.
ოდიკაძემ ამერიკელს რევანში ახლა აუღო, თუმცა შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ის ფრედ დასრულდა - 2:2, ჩვენებურმა კი გამარჯვება დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა. ოდიკაძემ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და უფრო თავდაცვაზე, მეტოქის შეტევათა ჩაშლაზე ზრუნავდა. ამისთვის დაისაჯა კიდეც და 0:2 ჩამორჩა. ორივე ქულა პასიურობის ნიადაგზე დაკარგა (პირველად 30-წამიანი ჩაურთეს), თუმცა შემდეგ გააქტიურდა და ფეხიდან აყვანილი მშვენივრად გამოცერა, 2-ქულიანზე გადააგდო.
ეს წარმატება მას საკუთარი თავის რწმენას და დამატებით სტიმულს მისცემს - კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მოგება ყველასთან შეუძლია.
სნაიდერის გარდა, ოდიკაძემ ხარკოვში უკრაინელი ანდრეი ვლასოვი 10:0, მონღოლი ულზისაიხანი 6:0, ხოლო ირანელი ბახტიარ ელიასი 10:2 დაამარცხა.
საუკეთესოდ მისი დასახელება სულაც არაა შემთხვევითი, რადგან ოდიკაძე ლამაზი ქართული სტილით გამოირჩევა.
ხარკოვში ასევე ოთხივე შეხვედრა მოიგო ჩვენი კლუბის კიდევ ერთმა წევრმა - მძიმეწონოსანმა გიორგი მეშვილდიშვილმა.
უდანაკარგოდ მოასპარეზენი სხვა კლუბებსაც ჰყავდათ, თუმცა ორგანიზატორებმა მაინც ოდიკაძე გამოარჩიეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"