მსოფლიოს პირველობა 7-12 სექტემბერს ამერიკაში, ლას ვეგასში ტარდება. მასში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, "თავისუფლების" შეჯიბრება კი 9 სექტემბრიდან იწყება...
ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ევროპულ თამაშებზე ნაჭიდავები შემადგენლობა არ შეცვალა და ისევ იგივე ფალავნები მიჰყავს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ბექა ლომთაძე (61), ავთანდილ კენჭაძე (65), დავით ტლაშაძე (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125). ამათგან ლომთაძე და ოდიკაძე ბაქოში მეორეზე გავიდნენ,
იქიდან გამომდინარე, რომ გუნდმა 8 წონიდან 5 მედალი მოიპოვა, შემადგენლობის დიდად გადახალისება მოსალოდნელი არც იყო, თუმცა მწვრთნელებს ორ წონაში - 65-სა და 70-ში დიდი არჩევანი რომც ჰქონდეთ, ვინძლო, სხვა საკადრო გადაწყვეტილება მიეღოთ, იმის მიუხედავად, რომ ბაქოში ტლაშაძეს ურიგოდ არ უჭიდავია.
ყოველ შემთხვევაში, ცდა ნამდვილად არ დაუკლია. კენჭაძე ჯერაც ახალგაზრდული ნაკრების წევრია და მის შემადგენლობაში ბაქოს თამაშების შემდეგ ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა, კვირას კი ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და მეხუთეზე გავიდა. ბაქოშივე გამოჩნდა, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა და გამოუცდელი უფროსებთან საჭიდაოდ. თან ბრაზილიაში გადაფრენ-გადმოფრენის შემდეგ გადაღლილიც იქნება, თუმცა მწვრთნელები მას ჯერ დაასვენებენ, მერე კი იმდენად არ დატვირთავენ...
ალბათ, მაინც აჯობებდა მისი დასვენება, მაგრამ მწვრთნელები ვერც კონკურენტებს ენდნენ. ამ წონის მეორე ნომერი კონსტანტინე ხაბალაშვილია, რომელიც ევროპის მესამეპრიზიორია, თუმცა წონის პრობლემა აწუხებს, ბევრს იკლებს და ერევანშიც წააგო საერთაშორისო ტურნირში.
დუშეთში ჩვენს გუნდთან ერთად სომხეთის ეროვნული ნაკრებიც იმყოფება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ დავიდ საფარიანითურთ (65). სამკაციანი გუნდით იყვნენ ებრაელებიც, მაგრამ ისინი უკვე წავიდნენ სამშობლოში. ჩვენი ნაკრები დუშეთში თვის ბოლომდე დარჩება, მერე კი ლას ვეგასში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით ადგილზე გაივლის 10-დღიან შეკრებას. ეს იქნება ერთობლივი ვარჯიშები, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ანალოგიური მიზნით ბევრი გუნდი აპირებს ჩასვლას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"