მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველების ბრინჯაო და ორი ლიცენზია

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ბრინჯაო და ორი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) გახდა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლა კი მასთან ერთად ელიზბარ ოდიკაძემაც (97) დაიმსახურა, ვინც მეხუთეზე გავიდა.

ამინაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მაგომედ ხატიევი დაამარცხა, თუმცა მეტოქემ პირველივე პერიოდში ორთაბრძოლა შეწყვიტა, რადგან ნახევარფინალში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა - ბეჭი ამოუვარდა. ამ დროს ამინაშვილი 0:1 აგებდა.

ემზარ ბედინეიშვილის შეგირდი სადებიუტო სეზონს ატარებს ეროვნულ ნაკრებში და ჩინებულადაც - ევროპის ჩემპიონატთან გათანაბრებულ ევროპულ თამაშებზეც
(გახსოვთ, რომ იქ მთელი ტურნირი თავშეხვეულმა ჩაატარა) და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მესამეზე გავიდა, მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია.

ამინაშვილი ძირითად ბადეში თურქ სელიმ იაშართან 0:2 დამარცხდა, ვინც სინამდვილეში, რუსეთიდან გადასული ინგუში კალოი კორტოევია - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი. ჩვენებურმა ორივე ქულა პასიურობისთვის დაკარგა, როცა საჯარიმო დრო ჩაურთეს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გამოიყენა.

მანამ ქართველმა ფალავანმა ამერიკელ ჯონ ჰერბერტს დამაჯერებლად, 6:1 მოუგო, დამამშვიდებელში კი პუერტო რიკოელ ხაიმე ესპინალს 5:1 აჯობა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ფალავანია, ვინც ლონდონის ოლიმპიადაზე დავით მარსაგიშვილს აჯობა, ამინაშვილმა კი სანუგეშოში მეორე შეხვედრა ვენესუელელ პედრო ფრანსისკო ფუენტე ცებალოსს 5:3 მოუგო და დამამშვიდებლის ფინალში გავიდა ხატიევთან საჭიდაოდ.

ოდიკაძე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელთა მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონთან, ორგზის ოლიმპიურ პრიზიორ ხეტაგ გოზიუმოვთან 1:4 დამარცხდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, უფრო თვითონ წააგო ეს შეხვედრა - მეორე პერიოდის დაწყებისთანავე დგომში ილეთზე შედიოდა, მაგრამ შებერებულმა მეტოქემ სისწრაფეში დაასწრო, დაეტაკა და გადააგდო, რაც მსაჯებმა 4 ქულად შეაფასეს. სამწუხაროდ, ჩვენმა ფალავანმა ამ სხვაობის გაბათილება ვერ შეძლო, რადგან მეტოქემ ერთხელაც არ შეუშვა ფეხში და ვერც პასიურობას დავწამებთ... ოდიკაძემ ის ერთი ქულა პირველ პერიოდში მოიპოვა, როცა გოზიუმოვს სწორედ პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთეს, მაგრამ ქულა ვერ გააკეთა. ამის შემდეგ მეტოქემ ტემპს მოუმატა და მიზანსაც მიაღწია, თუმცა ჩვენებურის ის ერთი შეცდომა რომ არა, მას ილეთის გაკეთების სხვა რეალური შანსი არც ჰქონია.

ევროპული თამაშების წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ოდიკაძე ნახევარფინალში წონის მეორე ლიდერთან, რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან 2:7 დამარცხდა. ვფიქრობ, ჩვენი ფალავანი თავიდან ცოტა შებოჭილი იყო და ზედმეტად ფრთხილად ირჯებოდა, თორემ როგორც ბოლოს შეუტია, ისევე რომ ემოქმედა, იქნებ სხვა ანგარიში მიგვეღო.

ნახევარფინალამდე ქართველმა ფალავანმა მშვენივრად იასპარეზა: არგენტინელი იური ალექსეი ჰორაციო მაიერი წმინდად, 10:0 დაამარცხა, კანადელ არიუნ სინგჰ ჟილს 53 მოუგო, სამხრეთ კორეელ ჯაეგან კიმს კი 4:2 აჯობა.

გუშინ, 11 სექტემბერს ბრინჯაოს მოპოვების ჩინებული შანსი დაკარგა ბექა ლომთაძემ (61), რომელიც ძირითად ბადეშიც მონღოლთა მომავალ ფინალისტ ნომინ ბატბოლდთანაც საკუთარ ილეთზე დამარცხდა და დამამშვიდებელშიც - ინდოელ ბაჯრანგ ბაჯრანგთან. არადა, ორივეს უგებდა, შესაბამისად, 4:0 და 6:3.

ჩვენებურს თავისუფლად შეეძლო, უფრო დაკვირვებით, უფრო მომზადებულად შესულიყო ფანდზე, რაც ასე ძვირად დაუჯდა. ეს წონა სალიცენზიო არაა, მაგრამ ლომთაძემ მედალი კი ნამდვილად დაკარგა, რაც ევროპული თამაშების ვერცხლის მერე ამ სეზონის მეორე ჯილდო იქნებოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს, 12 სექტემბერს დასრულდება დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიების შეხვედრებით (57, 70, 74 და 125), ჩვენგან კი სამყაროს... გორი დაუპირისპირდება - საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი გორელია.

ოლიმპიადის ფინალისტი და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) საკვალიფიკაციოში ისვენებს, 1/16-ფინალში კი იტალიელ სალვატორე მანინოს ხვდება. ამ წყვილის გამარჯვებულს ბულგარელ გიორგი ვანგელოვსა და ჩინელ ლიან ლის შორის მოგებული შეხვდება. ჩვენებურს წილისყრაში ნამდვილად გაუმართლა, რადგან ტიტულოვანი ფალავნებიდან მის მხარეს არავინაა, გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მარსელ ევალდს თუ არ მივიჩნევთ, ძლიერი საჭიდაო ქვეყნებიდან კი უტიტულო აზერბაიჯანელი მაჰირ ამირასლანოვია. თან ჩვენებური ამათაც ნახევარფინალამდე არ ხვდება. მეტიც - გერმანელი და აზერბაიჯანელი პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ. ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ რუსი, თურქი, ამერიკელი და წონის სხვა ლიდერები.

ხინჩეგაშვილისგან განსხვავებით, გამართლებას ვერ ვუწოდებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილის (125) წილისყრას - მეორე წრეში უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალან ზასეევი ელოდება; ფალავანი, ვისთანაც 2013 წელს ევროპაზეც წააგო და მსოფლიოზეც, ზემოხსენებული ტიტულების მოპოვების სეზონში. გორელი პირველ წრეში კანადელ კორეი იარვიკს ხვდება, ზასეევის გარდა კი მის ბადეს ვერ დავემდურებით - თურქი ტაჰა აკგულიც, რუსი ბილიალ მახოვიც და სხვა ლიდერებიც ბადის მეორე მხარეს არიან. ზასეევი პირველ წრეში ამერიკელ ზახერი უილიამ რეის ეჭიდავება - მასპინძლის ფაქტორიდან გამომდინარე, ესეც საინტერესო წყვილია, პეტრიაშვილს კი მეორე წრის გავლის შემთხვევაში უნგრელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დანიელ ლიგეტიც ელოდება, თუმცა ის არ გვგონია უკრაინელი ოსივით საშიში. თან ზასეევმა ამჯერად შემადგენლობიდან ამოგდო ევროპის პრიზიორი ალექსანდრ ხოციანოვსკი, ვინც ქართველმა იოლად აბურთავა ევროპულ თამაშებზე.

ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74) ჩემპიონატში საკვალიფიკაციოდანვე ჩაერთვება ბულგარელ გეორგი ივანოვთან შეხვედრით. მის ჯგუფშია რუსთა ყაბარდოელი სამგზის ევროპის ჩემპიონი (თამაშებსაც თუ ამავე კატეგორიაში განვიხილავთ) ანუარ გედუევი - ჩვენებური სწორედ მასთან დამარცხდა ბაქოში, ევროთამაშებზე. ამ მხარეს წონის სხვა ლიდერებიც მოხვდნენ: აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვი, უზბეკი რაშიდ ყურბანოვი, ბელარუსი ალი შაბანაუ (ევროთამაშებზე ამას ქართველმა ბრინჯაოსთვის პაექრობა მოუგო) და ირანელი ალირეზა გასემი და მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი.

70 კილოგრამში საკვალიფიკაციოში მხოლოდ დავით ტლაშაძე და ეგვიპტელი აიად იბრაჰიმ ხალკილ იბრაჰი იჭიდავებენ, მომდევნო წრეში გასული კი ავსტრალიელ მუსტაფა რეზაიფარის შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული