"ევროპულ თამაშებზე მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების იმედი ნამდვილად მომეცა"
სანდრო ამინაშვილი (86) თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ფეხბედნიერი დებიუტანტია - წლეულს მოხვდა ეროვნულ გუნდში და სეზონის ორივე მთავარ შეჯიბრებაში, ევროპულ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დებიუტანტი ბევრია - საქართველოშიც და მის გარეთაც, მაგრამ პირველივე სეზონში მედლების მოპოვებას ყველა ვერ ახერხებს, ამინაშვილმა კი დესერტად ოლიმპიური ლიცენზიაც დააყოლა.

ევროპულ თამაშებთან შედარებით მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონეა, თუმცა ამინაშვილმა იქ სპორტული გმირობის მაგალითი გვიჩვენა, რადგან მთელი ტურნირი თავგატეხილმა ჩაატარა. მას ლეიბზევე გაუკერეს იარა, თუმცა ტკივილების მიუხედავად, საოცარი სულისკვეთება და მებრძოლი სული გამოავლინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ლამაზი, მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა. თავდადებაც დაუფასდა და მედალიც მოიპოვა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი გამოსვლა ლას ვეგასში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ფათერაკები არ შემთხვევია, ამის გარეშე შედგა კვარცხლბეკზე. არადა, ის აქამდეც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა მიზეზთა გამო, ეროვნულ ნაკრებში მაინც არ შეიყვანეს და ვინძლო, ამით ჯილდოებიც დავკარგეთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის გამოხმაურება: ვინ დაინახა რიო ლას ვეგასიდან

- სანდრო, მოდით, ჯერ მკითხველს გავეცნოთ, როდის და ვისთან დაიწყეთ ჭიდაობა, ვისი ინიციატივა იყო ეს და რამ გიბიძგათ მაინცდამაინც ამ სახეობისკენ?

- თელეთიდან ვარ, ჭიდაობაზე კი პაპამ მიმიყვანა ბიჭიკო პაპაშვილთან თბილისში, როცა 11 წლის ვიყავი. ბიძაჩემიც ჭიდაობდა, ისიც პაპაშვილთან დადიოდა და საქართველოს ჩემპიონიცაა ახალგაზრდებში. მერე, როცა ეროვნულ ნაკრებში მოხვდი, პაპაშვილის მონდომებით სავარჯიშოდ ემზარ ბედინეიშვილთან გადამიყვანეს, რომელიც დღემდე გვერდში მიდგას ყველანაირად. ბიძაც ძალიან ბევრს მეხმარება და ადრეც სულ მავარჯიშებდა. თვითონ მწვრთნელად ოფიციალურად არ მუშაობს, მაგრამ არანაკლები გაუკეთებია ჩემთვის.

დღემდე პაპაც ასევე დიდი ქომაგია.

მსოფლიოდან რომ დავბრუნდი, ორივემ მითხრა, ფინალში გასვლაც შეიძლებოდაო, თუმცა მესამე ადგილით კმაყოფილები არიან.

- თვად როგორ აფასებ მსოფლიოს ჩემპიონატს და იქ გამოსვლას?

- მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან ძლიერი ტურნირი გამოდგა, რადგან ლიცენზიები თამაშდებოდა და ყველა უძლიერესი ფალავანი ჭიდაობდა. ძლიერი რომ იქნებოდა, მეც ვიცოდი, მაგრამ მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა, თუმცა კარგად განვეწყე, ხოლო როცა მონდომებაა, იქ შეუძლებელი არაფერია.

ჩემი გამოსვლა, ვფიქრობ, ნორმალურია - პირველად გამოვდიოდი მსოფლიოს ჩემპიონატში და ბრინჯაო მოვიპოვე. შეჯიბრებაზე წასვლამდე მედალზე ნამდვილად ვფიქრობდი, თუმცა რა სინჯის იქნებოდა, წინასწარ ვერ ვგეგმავდით.

მიმაჩნია, რომ მესამე ადგილი ნორმალურია. მით უფრო, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიაც მოვიპოვე. ჩემს წონაშიც და სხვაგანაც მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოდიოდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ, მე კი ორივეგან ჯილდო მოვიპოვე. ამიტომ ჩემი გამოსვლით არა ვარ უკმაყოფილო.

ჩემი მედალი ყველას ძალიან გაუხარდა და იყო ბევრი მოლოცვა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ქომაგებს ამისთვის.

- ნაკრებში სადებიუტო სეზონი გაქვთ და მის დაწყებამდე გქონდათ იმედი, რომ ორივე დიდ შეჯიბრებაზე მედალს მოიპოვებდით?

- ევროპულ თამაშებზე მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოზე წარმატების იმედი ნამდვილად მომეცა. ბაქოს შეჯიბრებისთვისაც გულმოდგინედ მოვემზადე, მწვრთნელებმა შეკრებებზე კარგად მოგვამზადეს და იმედი მაშინაც მქონდა. თან შეხვედრებს რომ ვუყურე, შეიძლებოდა კვარცხლბეკზე ასვლა, მონდომება იყო მთავარი.

- ტრავმის მიუხედავად, ბაქოში მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენეთ, გამოუცდელობა და დებიუტანტობა არაფერში გეტყობოდათ.

- იქ პირველივე შეხვედრის პირველივე წამებზე ტრავმა მივიღე - მეტოქემ უნებურად თავი გამიტეხა და ხუთი შეხვედრა თავშეხვეულმა ჩავატარე. რა თქმა უნდა, ძნელი იყო ასე ჭიდაობა, მაგრამ საბრძოლო განწყობა მქონდა და ხელი დიდად არ შეუშლია. თუმცა ნახევარფინალმა თავისებურად იმოქმედა და წავაგე, რამაც გული დამწყვიტა.

- პირველი შეხვედრა ლას ვეგასშიც მძიმე გქონდათ ამერიკელ მსოფლიოს პრიზიორ ჯიმ სანდერსთან.

- მაინც ამერიკელია და გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ძლიერად ვეჭიდავე. თან მსოფლიოს პრიზიორიცაა, თუმცა ეს მაშინ არც ვიცოდი, მოგვიანებით ჩემმა მწვრთნელმა ემზარ ბედინეიშვილმა მითხრა. შეხვედრის წინ ბედინეიშვილმა კარგი დარიგებებიც მომცა, როგორ უნდა მეჭიდავა მასთან და ნორმალურად ვეჭიდავე, 6:1 მოვუგე.

- თურქთა ყაბარდოელ ფალავან სელიმ იაშინთან რატომ წააგეთ, იყო მასთან მოგების შანსი?

- პასიურობით წავაგე 0:2. ის წინა მსოფლიოზეც მესამეზე გავიდა, სტაბილური სპორტსმენია, თუმცა მოგება შეიძლებოდა. მეტი მონდომება მჭირდებოდა, შემეძლო ილეთის გაკეთება, მაგრამ ვერ ავაწყვე ჭიდაობა. ახლა კი ვიცი, როგორც უნდა ვეჭიდაო, გამოცდილება მივიღე.

- სანუგეშოშიც მოუგეთ ერთ ძლიერ მეტოქეს - პუერტო რიკოელ ხაიმე ესპინალის, ვინც ლონდონის ოლიმპიადაზე დავით მარსაგიშვილი დაგვიმარცხა და ვერცხლი მოიპოვა.

- პუერტო რიკოელს 5:2 მოვუგე, თუმცა რაღაცნაირი, ძლიერი მოჭიდავეა. ჭიდაობით ვაჯობე და შეიძლება ითქვას, არ გამჭირვებია. ამის შემდეგ ვენესუელელსაც მოვუგე.

- და ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ხატიევს შეხვდით, რომელმაც ტრავმის გამო ვერ დაასრულა შეხვედრა. იყავით მასთან ადრე ნაჭიდავები?

- არა, არ შევხვედრივარ, პირველად ვეჭიდავე. მან თურქთან ტრავმა მიიღო, თუმცა რომ ვუყურებდი, ისეთი რთული არ მომჩვენებია. ჩემთან შეხვედრაში ხელი ისევ ამოუვარდა.

- ამ ტრავმის გამო ერიდებოდით მასთან ჭიდაობას თუ ის ქულა რატომ დაკარგეთ, ვიდრე ხელს ისევ გაიმიზეზებდა?

- თავიდან კარგად განწყობილი გამოვიდა საჭიდაოდ, შემოვიდა და გარეთ გამიყვანა. მერე, როცა მეც დავაწყვე ჭიდაობა, ხელიც იტკინა და ვეღარ გააგრძელა ასპარეზობა.

- სამომავლოდ რა დაგანახვათ ამ შეჯიბრებამ, უფრო მეტად რაზე გჭირდებათ მუშაობის დამატება?

- რაც უფრო მეტს დაამატებ, მით მეტად გაძლიერდები. ფიზიკურადაც მეტი რომ იყო და შესვლებიც უფრო მრავალფეროვანი გახადო, კარგი იქნება სპორტსმენისთვის. ფიზიკურად სხვებზე ბევრად ნაკლებად არ ვიყავი მომზადებული, მაგრამ მეტოქეებს მეტი გამოცდილება ჰქონდათ, რადგან პირველად დავდექი ნაკრებში.

- არადა, ამ სეზონამდე ორჯერ გახდი საქართველოს ჩემპიონი, თუმცა მაინც არ დაგაყენეს ნაკრებში. იმ წლებში ხელის ჩაქნევის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია სპორტში, ხდება ხოლმე. მე ჩვეული მონდომებით გავაგრძელე ვარჯიში, მოვემზადე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე ჩემი შესაძლებლობები.

- ოლიმპიადას საგანგებო მომზადება სჭირდება. ჯერ გაქვთ განზრახული, როგორი გეგმით, როგორი გრაფიკით მოემზადებით?

- ჯერ ასე დაზუსტებით არ ვიცით, რადგან მწვრთნელებთანაც არ გვილაპარაკია. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი დამთავრებულია და ჯერ ვისვენებთ. ცხადია, ოლიმპიადამდე ტურნირებში გამოვალთ, თუმცა ახლა კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებთ. რაც მთავარია, ლიცენზიები არის და შეგვიძლია, მშვიდად მოვემზადოთ ოლიმპიადისთვის. დაგვრჩა ორი წონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქაც მოვიპოვებთ.

- ამბობენ რომ ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ მაინც ვის გამოარჩევთ, ვის მიიჩნევთ რიო დე ჟანეიროში თქვენს მთავარ კონკურენტად?

- რუსმა აბდულრაშიდ სადულაევმა ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მას არ შევხვედრივარ, თუმცა სუსტი წერტილების მოძებნა მასთანაც შეიძლება. ჯერ რასაც ვხედავ, მონდომების და ბრძოლის ხარჯზე თუ მოუგებ. ვნახოთ, რა იქნება, მე კი არაფერს არ დავუთმობ. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ჩოქბჯენში იგებს შეხვედრებს - ამაზე სამუშაო გვაქვს და უნდა გამოვასწოროთ.

ჩვენს წონაში სხვებიც არიან კარგი ფალავნები, თუმცა დაუძლეველი არავინაა. მაგალითად, იგივე თურქი, თუმცა მასთან უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიჭიდაო. იმ შეხვედრის ჩანაწერს რომ ვუყურებ, სულ აქტიურობდა და ისე მომიგო. ბოლო წამამდე არ ჩერდებოდა, რომ შესვლა არ გამეკეთებინა. ეტყობა, ჩემი ჭიდაობა შესწავლილი ჰქონდა.

- თქვენ თუ სწავლობთ ასე საგანგებოდ კონკრეტულ მეტოქეებს?

- კი, ჩვენც ვმუშაობთ ამაზე, ვარჩევთ მათ შეხვედრებს, ვინ რას აკეთებს, როგორ შედის ილეთზე, რა უნდა დავუპირისპიროთ და სხვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ
მე ამ ბიჭის დიდი იმედი მაქვს
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა