"შეგირდების დასაცავად თავი არ დამიზოგავს", - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან

AutoSharing Option
სახელოვანი გორელი მწვრთნელი, არაერთი ტიტულოვანი მოჭიდავის აღმზრდელი ნუგზარ სხირელი დღეს 70 წლის შესრულდა.

მას საქართველოში თავისუფალი ჭიდაობის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი. ამჟამად უკვე საყოველთაოდ ცნობილი გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის აღმასვლა კი, სულაც მის სახელთანაა დაკავშირებული.

სხირელთან ინტერვიუ ბევრჯერ ჩაგვიწერია, თუმცა ყოველთვის შეგირდების თუ გუნდის გამოსვლის შეფასების შესახებ გვიწევდა საუბარი. ახლა კი იუბილარი საკუთარი ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის შესახებ გვესაუბრება.

- დავიწყოთ თქვენი კარიერის პირველი ნაბიჯებით...
- თბილისში დავიბადე და სპორტსმენის კარიერაც იქ დავიწყე, თუმცა ტრავმის გამო ადრე მომიწია სპორტისთვის
თავის დანებება. 1964 წელს გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში შევედი და იქვე ვვარჯიშობდი ბატონ გურამ პაპიტაშვილთან. 1973 წელს ბატონი გურამის შემოთავაზებით ინსტიტუტთან არსებულ თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფს ჩავუდექი სათავეში. გორში ყველა სახეობის ჭიდაობის განვითარებაში პაპიტაშვილს ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი და მეც მისი დიდი მადლიერი ვარ.

- სახარბიელო სავარჯიშო პირობები მაშინ გორის ინსტიტუტის დარბაზში არ ყოფილა...
- ის ძალიან პატარა იყო და როცა ძიუდოისტთა რაოდენობა გაიზარდა, ჩვენ გორის სპორტსკოლის ახალ შენობაში გადასვლა მოგვიწია, თუმცა იქაც არასახარბიელო პირობებში და არასტანდარტულ დარბაზში გავატარეთ ათეულობით წელი. საბედნიეროდ, ჩემმა ძალიან დიდი ხნის ბრძოლამ, გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისათვის დამოუკიდებელი დარბაზის აშენებასთან დაკავშირებით, როგორც იქნა, შედეგი მოიტანა და თითქმის ერთი წელიწადია ახალ შენობაშიც გადმოვედით.

- ჯგუფი რომ გაიზარდა, სხვა მწვრთნელებიც დაგჭირდებოდათ...
- ჩემს ყოფილ სპორტსმენებს დავაწყებინე მწვრთნელობა. ისინი ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, მაგრამ ჩემივე რეკომენდაციით, გორის საშუალო სკოლებშიც მოვაწყვე ფიზკულტურის მასწავლებლებად. თან მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზეც ვზრუნავდი და უფრო მეტი ენთუზიაზმით რომ ემუშავათ, სპორტსაზოგადოება "ბურევესტნიკიდანაც" ვითხოვე მათთვის ანაზღაურების მიცემა.

- რომელია პირველი წარმატება და აღსანიშნავი შედეგი, რომელმაც თქვენი შრომის ნაყოფი დაგანახვათ?
- საქართველოს ჩემპიონატებზე გარკვეულ შედეგებს ვაღწევდით, მაგრამ 1979 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე ვლადიმერ მოდოსიანის მიერ მეხუთე ადგილის დაკავებამ დამანახვა, რომ ბევრი შეგვეძლო. სპარტაკიადის მთავარი მსაჯი ყაზახი კოლესოვი გახლდათ და მოდოსიანს მსაჯებმა სწორედ ყაზახ სპორტსმენთან მოგებული შეხვედრა 20 წუთის შემდეგ წაგებულად გამოუცხადეს.

- თუმცა ვოვა მოდოსიანი მერე საქართველოდან წავიდა...
- ვოვას ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ სპორტის კომიტეტმა შუამდგომლობა არ მისცა. ამიტომ წავიდა კრასნოიარსკში დიმიტრი მინდიაშვილთან. იქ გახდა მსოფლიოს ჩემპიონიც.

მოდოსიანი დღეს რუსეთის ნაკრების წამყვანი მწვრთნელია, ძალიან უყვარს საქართველო და ცოლ-შვილიც რამდენიმე წელიწადია, თბილისში ჩამოიყვანა საცხოვრებლად, შვილებს უმაღლესი სასწავლებლები აქ დაამთავრებინა. მან არც ჩემი ამაგი დაივიწყა. 1986 წელს, მოდოსიანის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მომენიჭა. იქამდე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელობა მომანიჭეს, რადგან თამაზ ინდუაშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

- ზაზა ზოზიროვის საქართველოდან წასვლის მიზეზი რა იყო?
- 1993 წელს ზოზიროვი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ ისტორიული მიღწევის მიუხედავად, მას სპორტკომიტეტი მხარში არ დაუდგა და კუთვნილი ათასი დოლარიც კი არ მისცა. გაუსაძლის ვითარებაში არაფერი უფასდებოდა. ამიტომ მთხოვა, უკრაინაში გადავალო, რაზედაც უარი ვერ ვუთხარი. ზოზიროვი რომ საქართველოში დარჩენილიყო, ყველა უმაღლესი ტიტულის მფლობელი გახდებოდა.

- თქვენი პრინციპული ხასიათის გამო ხშირად კონფლიქტიც მოგსვლიათ...
- როცა გორის სკოლა კარგად გამოჩნდა ასპარეზზე და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, წინააღმდეგობამაც იმატა. თუმცა, რაც უფრო დიდია ჩემზე ზეწოლა, უფრო გაუტეხელი და საშინელი ვხდები. ასე ვმოქმედებდი ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაშიც, რომლებიც უსამართლოდ მექცეოდნენ.

- ისიც გავიხსენოთ, ხელფასის გარეშე 18 წელიწადს რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყავით...
- დიახ, მწვრთნელებს უხელფასოდ გვიწევდა საქმიანობა. მხოლოდ უკანასკნელ სამ წელიწადს ვიღებდით ჯამაგირს. ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა და ეს სიკეთე არ უნდა დავუკარგოთ, ისევე, როგორც ფონდი "ქართუს" და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული დახმარება სპორტის და კულტურის მუშაკებისადმი იყო ნამდვილად დროული. ბევრმა და, მათ შორის მეც, ამ დახმარებით საკმაოდ ცუდ მატერიალურ მდგომარეობას დავაღწიეთ თავი.

- ბატონო ნუგზარ, სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებთან მუშაობას, ცხადია, თავისებური მიდგომა დასჭირდება...
- ვარჯიშზე ბავშვს რომ ფეხი ეტკინება, უნდა მოეფერო. მას დარბაზში დაბრუნების ხალისი უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდებთან და კადეტებთან სიმკაცრის გამოჩენაცაა საჭირო თბილ მოპყრობასთან ერთად. მოჭიდავედ უფროს ასაკში ყალიბდება. დათმობა და მოჭიდავის კაპრიზზე სიარული არც ერთ მწვრთნელს არ გამოადგება. არსებობს წითელი ხაზი მწვრთნელთან ურთიერთობაში, რომელსაც მოჭიდავე არ უნდა გადავიდეს.

- უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. სად უფრო მოგხიბლათ ჭიდაობისადმი მიდგომამ?
- ირანსა და თურქეთში ჭიდაობა ძალიან უყვართ. იქ გამართული შეჯიბრებები, ფაქტობრივად, ზეიმია. ირანში "ტახტის თასზე" მთელი დარბაზი გადაჭედილია, გულშემატკივრები დარბაზში ორგანიზებულად დადიან და ქომაგობაში იყოლიებენ ხალხს. იქ ფერეიდნელმა ქართველებმაც ბევრჯერ მოგვაკითხეს ტურნირებისას, მოგვეფერნენ, გვესაუბრნენ. იქაურ პუბლიკას უცხოელის მიერ შესრულებული ფანდი თუ მოეწონა, ტაშს არ დაინანებს.

- თქვენი შეგირდი, რომლის ტალანტის დაკარგვამაც გული დაგწყვიტათ...
- გიგლა მაყიშვილი, რომელიც ზედიზედ ორი წელიწადი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს შესწვდა და დიდებში აღარ იჭიდავა. იქამდეც, ფაქტობრივად, იძულებით ვავარჯიშებდი. არ მინდოდა სპორტისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ვერაფერი შევასმინე.

- თქვენს მოსწავლეებს ოლიმპიური ოქრო აკლიათ ყულაბაში. ვისზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად ლადო ხინჩეგაშვილზე, რომელსაც ლონდონში 2012 წელს ეს მედალი დააკარგვინეს, მაგრამ მჯერა, რომ ის მაინც მოიპოვებს ოლიმპიურ ჩემპიონობას. ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ გენო პეტრიაშვილმა კარიერა ოლიმპიური ჩემპიონობის გარეშე დაასრულოს.

- შეადარეთ თქვენი შეგირდების ამჟამინდელი თაობა წინა თაობებს...
- ეს თაობა უწინდელებს პერსპექტიულობით ჯობია. ცუდი ისაა, რომ 70 წლის კაცს მუშაობა ხალიჩაზე აღარ შემიძლია. მეამაყება, რომ გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზმა საქართველოში კი არა, მსოფლიოში გაითქვა სახელი. გორის სკოლას თავისი განსხვავებული ხელწერა აქვს. ჩემი სურვილია, რომ ამ ქვეყნიდან როცა წავალ, გორის სკოლა ისევ სახელოვანი იყოს და არ მოიკლოს წარმატებებმა.

- თქვენს შვილიშვილს, ნუგზარ სხირელს თავად ურჩიეთ ჭიდაობა?
- პირიქით, არ მინდოდა ეჭიდავა, მაგრამ ძალიან მოინდომა. ნუგზარი 15 წლისაა და ამჟამად კადეტთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. ის კარგადაც სწავლობს და უდიდესი მონდომებითაც ვარჯიშობს. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს მომავალში.

- პრინციპი, რომლისთვისაც არასოდეს გიღალატიათ...
- მუდამ ხმალამოღებული ვიბრძოდი ჩემი მოსწავლეებისთვის. პირადი მწვრთნელი როგორც იცავს შეგირდს, სხვა ასე ვერ დაიცავს. ამისათვის ზოგჯერ ზედმეტადაც ვეჩხუბებოდი სხვებს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, რომლებთანაც ჩემი მოსწავლეების დაცვის გამო კონფლიქტი მომსვლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუგზარ ვლადიმერის დზევ გილოცავტ კველაფერს ერტად
avtandili
14 ნოემბერი 2015 11:11
0
აი ასეთ ხალხზე უნდა ვწეროთ უფრო ხშირად. ხდება, რომ დიდი პიროვნებები ზოგჯერ ვერ არიან ბევრისთვის მოსაწონი ხასიათისა, ასევე ჰყავთ მოშურნეები და ცდილობენ არ წარმოაჩინონ. სწორედ ჩვენ, ხალხმა, უნდა დვუჭიროთ მათ მხარი, დავაფასოთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ.
zurab
13 ნოემბერი 2015 17:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული