ბათუმში, "ბასკოს" დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა.
რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ახალი კადრებიც, თუმცა სასურველი იყო, უფრო მეტად გვეხილა ახალი ხალხი. განსაკუთრებით - ჩემპიონებად. მეორე მხრივ, ისიც დადებითია, რომ ლიდერებმა შეინარჩუნეს პოზიციები - ეს მაინც ასაკობრივი კატეგორიაა და ასეთ შეჯიბრებებში მთავარია, რამდენად კარგი რეზერვი ეზრდება ეროვნულ ნაკრებს.
ახლანდელ ჩემპიონთა უმეტესობა სტაბილურად გამოდის ასაკობრივ გუნდებში.
ჯულაყიძე ახალ წონაშიც იგებს
ზოგადად, "თავისუფალთა" ტურნირი ბევრად უფრო ლოგიკურად ამჯერად მას რამდენიმე უფროს მეტოქესთანაც მოუწია ჭიდაობა, თუმცა მის წარმატებაში მცირეწლოვან ასაკზე არანაკლებად იმსახურებს ყურადღებას ის გარემოება, რომ უკვე ორი სეზონია, 69 კილოგრამში გამოდის, ამჯერად კი 65-ში გაიმარჯვა! თან ძლიერ მეტოქეებსაც მოუგო. მას უტიტულო მეტოქე მხოლოდ პირველ წრეში ჰყავდა - ლაშა მატიაშვილი, ვისაც წმინდად მოუგო - 10:0, დანარჩენი მეტოქეებიდან კი ასევე სამტრედიელი შმაგი თოდუა (5:2; 3:1) ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორია, ხოლო ქუთაისელი ომარ გურჯიძე (6:2; 2:2) ამავე ასაკში ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელია.
ფინალში ჯულაყიძემ კახა ელბაქიძეს 3:0, 2:2 მოუგო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შარშან თოდუაც სხვა წონაში გამოდიოდა, ოღონდ - 54-ში, ანუ ერთბაშად რამდენიმე წონას გადაახტა. საინტერესოა, რომ კვარცხლბეკზე ისიც ავიდა, სამტრედიამ კი ჩემპიონატში კიდევ ერთი მედალი - იმედა ფანცულაიას (70) ბრინჯაო მოიპოვა.
ურთაშვილი მცხეთურ ფინალში
ამ სახეობაში გამოვარჩევთ მცხეთელთა ფინალს მძიმე წონაში, სადაც უფრო გამოცდილმა ზურაბ ურთაშვილმა, ჭაბუკებში ევროპის მესამეპრიზიორმა და მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებმა ბიჭმა იმარჯვა. ასაკით ჯერ ისიც პატარაა, თუმცა თავის წონაში ჭიდაობდა. ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელმა მედალოსანმა ავთანდილ კენჭაძემაც (70) დაამტკიცა, რომ უმცროსებში ბადალი არ ჰყავს, ხოლო ბუჯიაშვილს, გაფრინდაშვილს, ფარტენაძეს, მაჭარაშვილს, ანდრიაძეს, ჯელაძეს ქომაგი კარგად იცნობს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებიდან.
აღსანიშნავია ირაკლი მწითურის (86) გამარჯვება ფინალში ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ტარზან მაისურაძესთან, ვინც წლეულს იმავე ასაკში ევროპაზეც და მსოფლიოზეც მესამე იყო.
"ბერძენ-რომაელებში" აჭარა ლიდერობს
"ბერძენ-რომაელებში" მსოფლიოს წლევანდელი თუ შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატების თითქმის ყველა გამარჯვებულმა მოიგო - შმაგი ბოლქვაძემ (66), რამაზ ზოიძემ (71) და გელა ბოლქვაძემ (75). ოღონდ ახალი თაობის უნიჭიერესმა ფალავანმა ზოიძემ ამჯერადაც ზედა წონაში იჭიდავა. ასაკთან ერთად ის ხშირად იცვლის წონას, თუმცა 71 კილოგრამი არაოლიმპიური კატეგორიაა და არა გვგონია, აქ დამკვიდრება განიზრახოს. წონის შეცვლის მიუხედავად, მას ჩემპიონობა არ გასჭირვებია - ფინალამდე ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, ფინალში კი საკმაოდ ძლიერ ბაკურ გოგოლს 6:1; 4:3 სძლია.
ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონთაგან არ უჭიდავია მძიმეწონოსან ზვიად პატარიძეს და იაკობ ქაჯაიას ასპარეზი მოუსუფთავდა.
დამარცხდა ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წლევანდელი ტრიუმფატორი ნიკოლოზ კახელაშვილი - ფინალში კუკური კირცხალიასთან 1:2 წააგო. მართალია, ურიგო ფალავანი არც კირცხალიაა - ამ ასაკში ევროპის მედალოსანია, თუმცა კახელაშვილმა მსოფლიოზე იმდენად კარგად იჭიდავა, მისი მარცხი მაინც ყველაზე დიდი მოულოდნელობაა.
ბოლქვაძეების ფინალი და გობაძე
აღსანიშნავია 75-ში ოჯახური ფინალი - გელა და მინდია ბოლქვაძეები ბიძაშვილები არიან, 59 კილოგრამში კი, მასპინძელთა გასახარად, მთელი კვარცხლბეკი აჭარელმა ფალავნებმა შეავსეს. ჩემპიონი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი გიზო მელაძე გახდა, ვინც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად იგებს შიდა ჩემპიონატებს. ვინძლო, ამ წონაში არსებული საკადრო კრიზისიც დავძლიოთ.
ზოგადად, აღსანიშნავია მასპინძელთა კარგი გამოსვლა - 8-დან 5 ოქრო მოიპოვეს და ხუთივე მიყოლებით, ქვედა წონიდან დაწყებული, 80-ის ჩათვლით დამთავრებული. ადგილობრივებს იმედები ლაშა გობაძემაც (80) გაუმართლა, ვინც ორივე სტილის მოჭიდავეთა შორის ყველაზე ტიტულოვანი იყო - მსოფლიოს მესამე პრიზიორია უფროსებში; აგრეთვე - "ოქროს დიდი პრიზის" გამარჯვებული და ზეპრესტიჟული "ტახტის თასის" ერთადერთი ქართველი მფლობელი. მან ნუკრი შავაძეს 3:0; 0:2 მოუგო, მურთაზ ჩაბრავას 1:0; 7:1 სძლია, ფინალში კი ნიკა გავაშელი 6:0 დაამარცხა.
კვარცხლბეკი
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი), 2. ლევან მურცხვალაძე (რუსთავი), 3. რამაზ დარჩიძე (აჭარა), თეიმურაზ ვანიშვილი (გორი).
61 კგ
1. შოთა ფარტენაძე (აჭარა), 2. გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა), 3. შალვა ხუციშვილი (გორი), გაიოზ გონგაძე (ხაშური).
65 კგ
1. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 2. კახა ელბაქიძე (გორი), 3. შმაგი თოდუა (სამტრედია), გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი).
70 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური), 2. დავით ბუზიაშვილი (ხაშური), 3. იმედა ფანცულაია (სამტრედია), მირზა სხულუხია (ქუთაისი).
74 კგ
1. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), 2. ლაშა გიგაშვილი (ხარაგაული), 3. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური), ოლეგ ფუტკარაძე (აჭარა).
86 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი), 2. ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი), 3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული), მექი სიმონია (ქუთაისი).
97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), 2. როლანდ ანდრიაძე (ხონი), 3. ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო), რამაზ ხარებაშვილი (ყვარელი).
125 კგ
1. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა), 2. ვაჟა ომარაშვილი (მცხეთა), 3. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური), ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
59 კგ
1. გიზო მელაძე (აჭარა), 2. რამაზ სურმანიძე (აჭარა), 3. ბაჩანა ფუტკარაძე, დავით მარკოიძე (ორივე - აჭარა).
66 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა), 2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი), 3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი), ამირან შავაძე (აჭარა).
71 კგ
1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 3. ვლადიმერ შავაძე (აჭარა), გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი).
75 კგ
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. მინდია ბოლქვაძე (აჭარა), 3. დემურ ქავთარაძე (გარდაბანი), გულივერ კვერღელიძე (ოზურგეთი).
80 კგ
1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. ნიკა გავაშელი (თბილისი), 3. ალექსანდრე გუმბერიძე (ქუთაისი), ნუკრი შავაძე (აჭარა).
85 კგ
1. რობერტ ქობლიაშვილი (ნორიო), 2. შალვა ხაჩიძე (თბილისი), 3. ზეზვა აბრამაშვილი (გარდაბანი), გურამ ხეცურიანი (ქუთაისი).
98 კგ
1. კუკური კირცხალია (თბილისი), 2. ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი), 3. ნუკრი ფერსელიძე, გიგა ქოქოლაძე (ორივე - აჭარა).
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო), 2. ბექა კანდელაკი (თბილისი), 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი), სამუკა დარჩია (ოზურგეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"