საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. I დღე: ახალი სასახლის ახალი ლიდერები [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ და გიორგი დათუნაშვილები
გუშინ, 10 იანვარს, სპორტის ახალ სასახლეში მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობებში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. პირველ დღეს ხალიჩაზე "ბერძენ-რომაელთაგან" 66-ის, 71-ის, 75-ის, "თავისუფალთაგან" კი 65-ისა და 70-ის ფალავნები გავიდნენ.

ჩემპიონატის პირველმა დღემ დადებითი ემოციებით და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა - ჭიდაობის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო (იმის მიუხედავად, რომ ჯერ სეზონის დასაწყისია), შედეგად კი არაერთი სანახაობრივი ორთაბრძოლა ვიხილეთ; გამოჩნდნენ ახალი კადრებიც და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბევრ შემთხვევაში ახალგაზრდებმა წარმატებით ჩაანაცვლეს ძველი ლიდერები, ანუ თაობათა
ცვლის პროცესი კანონზომიერად მიმდინარეობს, იყო სიმშვიდე და ნამდვილად საშეჯიბრებო ატმოსფერო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამას დიდწილად შეუწყო ხელი თავად სპორტის სასახლემ, სადაც 4 ლეიბი იყო გაშლილი, უშუალოდ არენებთან ადრინდელივით ზედახორა აღარ იმართებოდა, რამაც მსაჯები დიდი სტრესისგან გაათავისუფლა.დაცვის სამსახურიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, არც აყალმაყალი ყოფილა, ხოლო დარბაზში ცხელოდა კიდეც. ერთი სიტყვით, ორგანიზება კარგი იყო და რაც მთავარია, მოწვეულები არიან არბიტრები უკრაინიდან და სომხეთიდან, რაც ნამდვილად დაეტყო მსაჯობის დონეს და მათი შეცდომებიც ნაკლები იყო.

ზედიზედ მესამედ ვიხილეთ ძმური ფინალი "ბერძენ-რომაელთა" 75 კილოგრამში, თუმცა, წინა ორისგან განსხვავებით, ამჯერად გიორგი დათუნაშვილმა მოუგო ზურაბ დათუნაშვილს.

საქართველოს ეს ჩემპიონატი მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა სალიცენზიო ტურნირებისა თუ ოლიმპიური გუნდისთვის. ამიტომ მასში ქვეყნის ყველა წამყვანი ფალავანი გამოდის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) გარდა - მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს შარშანდელი სეზონის საუკეთესო სპორტსმენი მწვრთნელებმა გაათავისუფლეს.

ჩემპიონატში ქვეყნის 21 რაიონის წარმომადგენლები ჩაებნენ, რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს. თავად ტურნირმა კი დაადასტურა, რომ მომავალ ოლიმპიურ ციკლში გუნდებში სერიოზული ცვლილებები მოხდება, თუმცა არაა გამორიცხული, ზოგიერთი ლიდერი წლეულსვე ჩაანაცვლონ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
66 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. გიორგი დავითაია (სენაკი)
3. ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი), გიორგი კურტანიძე (გარდაბანი).

"ბერძენ-რომაელთა"  ეს წონა წლეულს დატოვა მისმა უცვლელმა ლიდერმა, ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ფინალისტმა რევაზ ლაშხმა, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად, არა ზევით აინაცვლა, არამედ... დაბლა ჩაინაცვლა, 59-ში. მის არყოფნაში ლიდერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად სენაკელი საჩინო დავითაია მოიაზრებოდა, მაგრამ ის პირველივე წრეში სამტრედიელ გოგა გოგიბერაშვილთან დამარცხდა, ტურნირში კი ბათუმელმა შმაგი ბოლქვაძემ გაიმარჯვა.

ფინალში მან მაინც დავითაია დაამარცხა, ოღონდ არა საჩინო, არამედ - გიორგი. ბოლქვაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონია და მისი გამარჯვება ახალი თაობის რეალური ამბიციების კიდევ ერთი დასტურია; თან კანონზომიერიც, რადგან წინასწარ შეხვედრებში ძველი თაობის ლიდერებს - ლაშა გოგიტაძეს და ანტონ მამაგეიშვილს აჯობა, მანამდე კი ბათუმელი ედნარ შავაძეც დაამარცხა.

გიორგი დავითაიამ ფინალამდე გიზო მელაძეს, ამირან შავაძეს და გიორგი კურტანიძეს აჯობა.

ფინალი არ გამოდგა მაინცდამაინც სანახაობრივი, ბერძნულ-რომაულისთვის ტრადიციულად ქცეულ ჯიკაობაში წარიმართა, თუმცა ბოლქვაძემ გასაქანი არ მისცა მეტოქეს, რომელიც პასიურობისთვის ორჯერ გააფრთხილეს. შეხვედრაც 2:0 მორჩა.

ამაზე გაცილებით ლამაზი ჭიდაობა მესამე ადგილებისთვის შეხვედრებში გაიმართა, სადაც ახალგაზრდა კურტანიძემ ამირან შავაძეს 1:3 ამოუქაჩა და 7:3 მოუგო, მამაგეიშვილი კი ფრიად ლამაზი 4-ქულიანით დაწინაურდა ედნარ შავაძესთან, რომელმაც 3 ქულის გაქვითვა კი მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც ქუთაისელს დარჩა.

71 კგ
1. მინდია წულუკიძე (აჭარა)
2. გიორგი ჯავახია (თბილისი)
3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი), გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი).

ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულები - ნიკოლოზ ჭიკაიძე და აივენგო რიკაძე გამოუცდელობამ დააღალატა და პირველივე წრიდან გამოვარდნენ. მათი ბედი კიდევ ერთმა პერსპექტიულმა ახალგაზრდამ - ბაკურ გოგოლმაც გაიზიარა, ვისაც გამოუცდელი აღარ ეთქმის.

სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქუთაისელმა თორნიკე ჯანგავაძემ ისეთი ჭიდაობა გააჩაღა ოზურგეთელ გიორგი ხუჭუასთან, ჩემპიონატის მშვენებად იქცა (ფინალურ ბლოკში ამ ორთაბრძოლას კონკურენციას "თავისუფალთა" 70-ში გამართული ბრინჯაოსთვის შეხვედრა თუ გაუწევდა). ჯანგავაძემ რამდენიმე ულამაზესი ილეთი შეასრულა დგომში და ჩოქბჯენშიც და 10:4 მოიგო.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში გოგა აფრიამაშვილმა 10:0 იმარჯვა ლადო შავაძესთან. ისიც კარგი პაექრობა გამოდგა, მაგრამ ჯანგავაძემ უფრო უკეთესი ილეთები გააკეთა.

ამ წონის ლიდერობა, მინიმუმ, ამ სეზონში ხულოელმა მინდია წულუკიძემ გადაიბარა, რომელმაც ფინალში მოგვერდით 2-ქულიანზე გადმოიღო გიორგი ჯავახია და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა. წულუკიძემ წალენჯიხელ გოგა შანავას, ლადო შავაძეს და აფრიამაშვილს მოუგო, ჯავახიამ კი ჭიკაიძე, ხუჭუა და ჯანგავაძე ჩამოიშორა.

75 კგ
1. გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)
2. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
3. ილია გულბათაშვილი (თბილისი), გელა ბოლქვაძე (აჭარა).

როგორც გითხარით, ეს წონა ძმური ფინალით დასრულდა, რომელიც მეტად დაძაბული გამოდგა. ძმებმა ერთმანეთი უხეშობისთვის დაინდეს, თორემ წმინდა სპორტულ პაექრობაში არაფერი დაუთმიათ, რაც მისასალმებელი მიდგომაა.

შეხვედრა ზურას შეტევებით დაიწყო და გიორგი მალევე ჩოქბჯენში დააყენეს, თუმცა ზურამ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და ვერ დაატრიალა. საერთოდ, ჩოქბჯენში ორივე ძმა თავს კარგად იცავდა, იქ კი ორივემ თითოჯერ ჩაიყვანა ერთმანეთი. პირველად ეს ზურამ გააკეთა და 2:0 დაწინაურდა, გიორგიმ კი მეორეში გაქვითა ანგარიში. გადამწყვეტი მომენტიც ამის შემდეგ დადგა, როცა ზურა ილეთზე შესვლისას შეცდა, რაც ძმამ არ აპატია და 4:2 დაწინაურდა, შეხვედრა კი 4:3 მორჩა გიორგის სასარგებლოდ.

არადა, ფინალამდე უფრო ძნელი გზა ზურამ გაიარა, ვინც მანუჩარ ცხადაიასაც მოუგო, როგორც - გიორგი კეთილაძეს და გელა ბოლქვაძეს, გიორგიმ კი მინდია ბოლქვაძეს, სულხან ნიკოლიშვილს და ილია გულბათაშვილს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ცხადაია უმედლოდ დარჩა, მეხუთეზე გავიდა, გელა ბოლქვაძესთან დამარცხდა.

თავისუფალი ჭიდაობა
65 კგ
1. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური), გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი).

ამ წონის ფინალში ზურაბ იაკობაშვილმა ულაპარაკოდ დაჩაგრა ევროპის მესამეპრიზიორი კონსტანტინე ხაბალაშვილი. ყვარელელი ფალავანი გორელს სჯობდა სისწრაფეში, მოძრაობაში, კოორდინაციაში და ფეხში შესვლებით, გადაგდებებით, წრიდან გაყვანით თუ დაბლა ჩაყვანით და დატრიალებებით საქმე წმინდა მოგებამდე მიიყვანა - 11:0.

ხაბალაშვილი ბევრს იკლებს და ეტყობა, ახლაც ამან დააღალატა, თუმცა იაკობაშვილმაც მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა. იგრძნობოდა, რომ მას რეზერვი ჰქონდა, შეეძლო მომატებაც, ტემპის შეცვლაც და სტრატეგიული მანევრიც. მას თავისუფლად შეუძლია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება.

მესამეპრიზიორებიდან გამოვარჩევთ ქუთაისელ გიორგი ბრეგაძეს, როგორც ახალგაზრდას, თუმცა ასაკოვანი არც ლევან ქელეხსაშვილია და ურიგოდ არც მას უჭიდავია.

70 კგ
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. დიმიტრი ბასილაშვილი (ბოლნისი)
3. გიორგი სანოძე (ხონი; ო.მ.ე.ც.), თორნიკე კვინიკაძე (ხაშური).

ეს წონა არაოლიმპიურია და აქ ფინალში ისინი გავიდნენ, რომლებიც ბოლო ორ სეზონში მონაცვლეობით ფლობდნენ ლიდერობას - გორელი დავით ტლაშაძე და ბოლნისელი დიმიტრი ბასილაშვილი.

ტლაშაძემ მეტოქეს კონტრილეთზე აართვა ორი ქულა და შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებდა ამ ანგარიშს. ბასილაშვილს პასიურობას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ვერც ვერაფერი მოუხერხა მეტოქეს, სიახლე ვერ შესთავაზა. ოღონდ ამ აქტიურობას არც უშედეგოდ ჩაუვლია და დასრულებამდე ერთი ქუთით ადრე ტლაშაძე პასიურობისთვის ქულით დასაჯეს - 2:1 მის სასარგებლოდ. ამან ბასილაშვილს სტიმული მისცა და ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ საქმე რეალურ ხიფათამდე, ილეთის რეალურ ვარიანტამდე მაინც ვერ მიიყვანა, ისე მოუსწრო სასტვენმა შეტევაში.

ულამაზო არც ეს შეხვედრა იყო, მაგრამ გაცილებით სანახაობრივი გამოდგა ბრინჯაოსთვის გამართული ორთაბრძოლები - აქეთ გიორგი სანოძემ დგომიდან წელგამართულმა ლამის თავს უკან გადაისროლა ალექსანდრე ჯაჭვაძე, იქით კი ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში ახალგადმოსულმა თორნიკე კვინიკაძემ დაჩაგრა მირზა სხულუხია - 9:3.

პირველ წყვილში მოგვიანებით ჯაჭვაძემაც არანაკლებ ეფექტური ილეთით გადმოიღო სანოძე და ერთხანს 2:8 ჩამორჩენაც ამოუქაჩა, 10:9 დაწინაურდა, მაგრამ სანოძემ ბოლო ძალები მოიკრიბა და 13:11 მოუგო. თუმცა ამაში ხელი მეტოქემაც დიდად შეუწყო, როცა ბოლო წამებზე ანგარიშში დაწინაურებული შესვლაზე შეცდა და მეტოქემ დაბლა ჩაყვანით 2 ქულა მოიპოვა.

* * *
ჩემპიონატი დღესაც გაგრძელდება ხალიჩაზე კი ორივე სტილით ჭიდაობაში მძიმეწონოსნებიც გავლენ. სხვა წონებში იჭიდავებენ ევროპის ორგზის ჩემპიონი "თავისუფალში", მსოფლიოსა და ევროპისმედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86), ბერძნულ-რომაულში ზემოხსენებული ლაშხი და სხვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ეს წონა არაოლიმპიურია და აქ ფინალში ისინი გავიდნენ, რომლებიც ბოლო ორ სეზონში მონაცვლეობით ფლობდნენ ლიდერობას - გორელი დავით ტლაშაძე და ბოლნისელი დიმიტრი ბასილაშვილი."
ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ტლაშაძემ ჩემპიონის ტიტული და მონაცველობით ლიდერობაზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. სტატიაში არ გითქვამთ და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები ჩამოიცილა ფინალამდე.

გიორგი
15:12 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული