ჯამბულათ თედეევის მეორედ მოსვლა - რუსეთის ნაკრებს მწვრთნელი შეუცვალეს

AutoSharing Option
ფოტოზე: თედეევი (მარჯვნივ) ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება
ამ დღეებში ცოტა მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა მოსკოვიდან - რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაღესტნელი მაგომედ ჰუსეინოვი ძველმა თავკაცმა ჯამბულათ თედეევმა შეცვალა.

ამ გადანაცვლებით ერთგვარი პინგ-პონგი გაჩაღდა, რადგან თავის დროზე ჰუსეინოვი თედეევის ადგილას დანიშნეს.

შეგახსენებთ, რომ თედეევი ცხინვალელი ოსია და აკი მაშინ მისი კარიერა სწორედ იქ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შეეწირა - მოსკოვმა 2011 წელს გამართულ თვითმარქვია რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მოწინააღმდეგე ალა ჯიოევას მხარდაჭერა არ აპატია.

ეს გადაადგილება (თუმცა ჯერჯერობით თედეევი მოვალეობის შემსრულებლად
დაინიშნა) მოულოდნელი რამდენიმე მიზეზითაა. მაგალითად, არ ყოფილა თითქმის არავითარი, ყოველ შემთხვევაში - აქტიური მითქმა-მოთქმა ამ ცვლილებისთვის;

თავად რუსეთის ნაკრები საკმაო წარმატებით გამოვიდა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, უმედლოდ კი მხოლოდ ერთ წონაში, 61-ში დარჩა, რომელიც არაოლიმპიური კატეგორიაა. ჯერჯერობით ესაა ერთადერთი ნაკრები, რომელსაც 6-ვე ოლიმპიური ლიცენზია აქვს. გუნდმა ევროპულ თამაშებზე კიდევ უფრო მეტად ისახელა თავი - 5 ოქრო და 2 ბრინჯაო;

ოლიმპიადა კარსაა მომდგარი, ამ დროს კი მსგავს მკვეთრ ნაბიჯებს ყველა ერიდება (გუნდის შენება ხომ ხანგრძლივი პროცესია), ხოლო ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარ შესარჩევ ტურნირამდე - ივან იარიგინის მემორიალამდე რამდენიმე საათი დარჩა (ხვალ იწყება კრასნოიარსკში), თუმცა თედეევის ასე მალე დაბრუნებას ყველაზე სათუოს ზემოხსენებული პოლიტიკური "შტრიხი" აჩენდა, რომელმაც თავის დროზე კრემლის ავანტიურაში თავიდან ბოლომდე გახვია - კვანძის გახსნის ბოლო ეტაპზე, როცა ის "სადაც ჯერ არს", დაიბარეს. მოლაპარაკების მაგიდასთან უშიშროების ოთხი გენერალი დახვდა... მათგან გამოსულს დიდი წინააღმდეგობა არც გაუწევია რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილისთვის, რომელმაც სულ რამდენიმე საათში ხელი მოაწერა მისი გათავისუფლების და ნაკრების კონსულტანტად დანიშვნის ბრძანებას... ამით "გორდიას კვანძიც" გაიხსნა.

მანამდე კი თედეევი 10 წელიწადი ხელმძღვანელობდა რუსეთის ნაკრებს და არნახულ წარმატებებსაც მიაღწია - ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე გუნდს 6 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოაპოვებინა.

ცხადია, ბევრად უფრო შთამბეჭდავია ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული მდიდარი ნადავლი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ამ 10-წლიან მონაკვეთში რუსებმა მხოლოდ ერთხელ წააგეს გუნდური პირველობა...

ბუნებრივია, გასათვალისწინებელია რუსთა ამოუწურავი ქისა და შეუზღუდავი გავლენა საჭიდაო სამყაროზე, რის გამოც ნებისმიერი შეხვედრის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ ისიც ჯიუტი ფაქტია, რომ თედეევმა რეალურად მართლაც ძლიერი ნაკრები შექმნა, მართლაც ძლიერი ფალავნები აღზარდა და გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მის კარიერას არაფერი ემუქრებოდა, რომ არა ზემოხსენებული პოლიტიკური ავანტიურა.

თედეევი, ჯიოევა, კოკოითი
არადა, არაღიარებული რესპუბლიკის იმ არჩევნებში კენჭს მისი ოდინდელი მეგობარი და კრემლის ფავორიტი ედუარდ კოკოითი იყრიდა. ისიც ცხინვალელია, ახალგაზრდობაში ორივე ჭიდაობდა ლამის ერთსა და იმავე პერიოდში და ორივე შედიოდა საქართველოს ნაკრებში (თუმცა თედეევისგან განსხვავებით, კოკოითი უფრო მოყვარულის დონეზე დარჩა); ვინ იცის, ორივე რამდენჯერაა ნამყოფი ჩვენს გუნდთან ერთად შეკრებებზე ბაკურიანში, ზღვისპირეთსა თუ ქვეყნის სხვა რეგიონებში...

თედეევი არასოდეს ყოფილა პოლიტიკისგან შორს - თავის ძმასთან ერთად ცნობილ "ძმები დიკების" კლანში შედიოდა და მთელ რიგ ჩრდილოვან ბიზნესებში მონაწილეობით პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის იყო დაკავშირებული პოლიტიკურ წრეებთან, დიდი როლი ეკისრებოდათ გავლენის სფეროებისთვის გამართულ ბრძოლაში.

უფრო მეტიც - გავრცელებული ხმებით, თავის დროზე სწორედ ამ დაჯგუფებამ დასვა კოკოითი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტად, როცა მას შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ მისი წინამორბედის შვილი და მომხრეები.

მაშინ ისინი ფრიად ჰარმონიულად მოქმედებდნენ, თითქოს ამ მეგობრობას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა ამის შემდეგ მათ შორის შავმა კატამ კი არა, მგონი, მთელი მსოფლიოს ბნელმა ძალებმა ერთად გაირბინეს - მოკლეს ჯამბულათის ძმა, რაც თედეევმა კოკოითს დააბრალა და დაიფიცა, რომ ძმის სისხლს არ შეარჩენდა (ამბობენ, რომ მათი უთანხმოება ერგნეთის ბაზრის წილების გაყოფიდან დაიწყო).

სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თედეევი ჯიოევას მიემხრო და არა კრემლის ფავორიტ კოკოითს, რომელსაც იმდენად ეშინოდა მისი, ყველანაირად ცდილობდა, ცხინვალში არ შეეშვა. თედეევს იქ სახლიც კი დაუცხრილეს (ამ დროს მამამისი შინ იყო და ძლივს გადარჩა), ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩასულს ამომრჩევლებთან შეხვედრებზე რამდენჯერმე სროლებიც კი გაუმართეს.

გემახსოვრებათ - ჯიოევამ, ფაქტობრივად, მოიგო ის ორტურიანი მარათონი, რამაც კრემლი გააცოფა, ცსკ კი ჯიუტად ამტკიცებდა კოკოითის გამარჯვებას. ჯიოევამ სამთვიანი ლოდინის შემდეგ, 10 თებერვალს თავად დანიშნა საკუთარი ინაუგურაცია, მაგრამ ვინ აცალა - იმავე დღეს მის საარჩევნო შტაბში პოლიცია შეიჭრა, ჯიოევა კი გულის შეტევით კარგა ხნით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

თედეევი თავადაც ხედავდა, რომ წააგო, მაგრამ დანებებას არ აპირებდა, ვიდრე უშიშროების გენერლებმა პირდაპირ არ დაუსვეს საკითხი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული