პარიზის ტურნირში "თავისუფალთა" ახალგაზრდული გუნდით გამოვალთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ემზარ ბედინეიშვილი (მარცხნივ) სეზონს იმედიანად იწყებს
უახლოესი უქმეები - 30-31 იანვარი ძალიან დაძაბული ექნებათ ჭიდაობის ქართველ მოყვარულებს: იქით ძიუდოისტთა "ევროპის თასი" სოფიაში, აქეთ "ბერძენ-რომაელთა" ვები ემრეს პრესტიჟული მემორიალი სტამბოლში, იქით კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი პარიზში...

ამჯერად სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ, რომელიც უფროსებში ტარდება. თანაც, სამივე სეგმენტში - ქალებშიც, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ვაჟებშიც, თუმცა ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ და ისიც არა ძირითადი ნაკრები, არამედ - 23-წლამდელთა ახალგაზრდული გუნდი.

ოღონდ მათგან ბევრი უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატია. მაგალითად,
ირაკლი მწითური
85 კილოგრამში საქართველოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია, დანარჩენებიდან კი უმეტესობა მედალოსანია.

იქ წასვლას ჩვენი ეროვნული ნაკრები ვერ ახერხებდა, რადგან სწორედ ახლა გადის ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ბაკურიანში. ამიტომ ახალგაზრდების გამოცდა გადაწყვიტეს, რომელთათვისაც ეს შეჯიბრება მართლაც კარგი გაკვეთილი იქნება. მით უფრო, რომ 23-წლამდელები ეროვნული ნაკრების გარდა, საკუთარი,  ანუ თავისი ასაკის შეჯიბრებებისთვისაც ემზადებიან.

მათთან წლეულსაც მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი ტარდება, თუმცა ესეც შარშან დაიწყეს. კონტინენტის ამ პირველობას, 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქი რუსე უმასპინძლებს, ოღონდ, სავარაუდოდ, ჩვენები იქ მანამდე წავლენ. საქმე ისაა, რომ ერთი თვით ადრე - 26-28 თებერვალს ბულგარეთშივე, ოღონდ სოფიაში პეტკო სირაკოვისა და ივან პეტროვის მემორიალი ტარდება. ეს ტრადიციული და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე შეჯიბრებაა, თუმცა შარშანდელიდან მოყოლებული, 23-წლიანთა ტურნირად აქციეს. ალბათ, ჩვენები იქაც იჭიდავებენ, რაც მათთვის ბოლო სასტარტო შეჯიბრება იქნება.

23-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილს პარიზში არასრული გუნდი მიჰყავს, რადგან მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 74 და 97 კილოგრამებში. თუმცა ასევე ორ წონაში ორ-ორ ფალავანს გამოსცდის.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირი ძლიერი უნდა გამოდგეს, რადგან განაცხადები წარდგენილი აქვს 30-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის, ისეთ ძლიერ გუნდებსაც, როგორებიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ირანი, მონღოლეთი, იაპონია და სხვები. მონაწილეთა სიაში არიან შორეული და ჭიდაობისთვის ისეთი ეგზოტიკური აფრიკულ-ამერიკული ქვეყნებიც, როგორებიცაა, მაგალითად, სენეგალი და ბრაზილია.

როგორც გითხარით, ჩვენს ნაკრებს პარიზში ბედინეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე დაეხმარებიან. ტურნირზე მსაჯიც გვეყოლება - მალხაზ ჯორბენაძე. ტურნირის პირველ დღეს - 30 იანვარს 57, 65, 71 და 97 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 31-ში, ტურნირის ბოლო დღეს გავლენ საასპარეზოდ.

საქართველოს 23-წლიანთა ნაკრები
57 კგ. ლევან მურცხვალაძე
61 კგ. შოთა ფარტენაძე, გიორგი რევაზიშვილი
65 კგ. კახა ელბაქიძე, გიორგი ბრეგაძე
70 კგ. ავთანდილ კენჭაძე
86 კგ. ირაკლი მწითური
125 კგ. ზურაბ ურთაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული