ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
10-12 მაისს, უკრაინის დედაქალაქში დასრულდა "სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის" რიგით XXIII საერთაშორისო ტურნირი, სადაც 22 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

ქართველთა მონაგარი 5 ოქროს, 5 ვერცხლის, 7 ბრინჯაოს მედალია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გამოვიდა. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან ორში ქართული ფინალები შედგა.

ჩემპიონები გახდნენ ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). იაკობიშვილმა ფინალში თანაგუნდელ რამაზან მალაკოევს მოუგო, კენჭაძემ -
ზურაბ ერბოწონაშვილს. ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე 61 კგ) - ბრინჯაოებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა: დავით ბაკურიძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ბექა მამუკაშვილი, დემურ ქავთარაძე (ორივე 77 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მეორე ადგილები დაიკავეს. გუნდები კიევიდან თბილისის აეროპორტში დღეს (13 მაისს), თბილისის დროით 21:00 საათზე ჩამოფრინდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული