დოპინგ-სკანდალი: ექვსი ბრალდებული ქართველი მოჭიდავის სავარაუდო ვინაობა

AutoSharing Option
გუშინ, 18 თებერვალს, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობა თავის ოფისში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს, დოპინგის მიღებაში ბრალდებულ სპორტსმენებს შეხვდა და მათ ვენის ლაბორატორიიდან მოსული დასკვნა გადასცა.

ეს ოფიციალური ფორმალობაა, რასაც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (ვადა) წესები ითვალისწინებს - ბრალდებულს უნდა გააცნო დოკუმენტი, რომელმაც ამის შესახებ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. ამასთან, ვენიდან ის დარჩენილი ოთხი სინჯიც ჩამოვიდა, თუმცა ყველა სუფთაა, ანუ აკრძალული პრეპარატი არც ერთის ნიმუშში არ აღმოჩნდა.

სხვა მხრივ, ამ უსიამოვნო სკანდალზე ახალი არაფერია - განმეორებითი სინჯის მოთხოვნა
კვლავაც არ გაგზავნილა ვადა-ში, რისი სურვილიც თავდაპირველად ოთხმა მათგანმა გამოთქვა. თავის მხრივ, მათ ვინაობას არც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ასახელებს, თუმცა სხვები საჭიდაო კულუარებში კი ასახელებენ ამ ექვსეულს.

ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, მხოლოდ ეს ხმები გამოგვაქვს სააშკარაოზე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დაასახელეს ქვეყნის ვერცხლისმედალოსანი ბექა ბუჯიაშვილი (57), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61), ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორი ავთანდილ კენჭაძე (74), ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (125) და ამავე წონაში საქართველოს ფინალისტი გიორგი მეშვილდიშვილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი - მათე სოფაძე (85).

ვიმეორებთ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მხოლოდ გავრცელებული ხმები აღვნიშნეთ, თუმცა არის ერთი საეჭვო გარემოებაც - ბუჯიაშვილს, ლომთაძეს, კენჭაძეს და მეშვილდიშვილს გუშინ და დღეს მინსკში, ალექსანდრ მედვედის თასზე უნდა ეჭიდავათ, თუმცა ნაადრევად დაბრუნდნენ თბილისში. თუმცა ლომთაძემ ეს მხრის ტრავმით ახსნა.

როგორც ადრე გაცნობეთ, ასევე გავრცელდა მოძმანაშვილის განცხადება ფედერაციისადმი, რომელშიც აღიარებს ექიმთა დაუკითხავად წამლების მიღებას, თუმცა ესეც არაოფიციალური დოკუმენტია. არადა, თუ მართალია, მაშინ ეს მისთვის დოპინგის მეორე შემთხვევა იქნება, რაც სამუდამო დისკვალიფიკაციას უქადის არათუ ნაკრებიდან, საერთოდ - ჭიდაობიდან, რომელთანაც სამომავლოდ ეკრძალება ყოველგვარი შეხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ის ბიჭები ვინც მაგატ გაწირეს რა მოუვათ? მაგალითად დარჩიძეს ფინალში გადასასვლელი ხომ ბუჯიაშვილმა მოუგო? 2-3 წელია დასდევს და არაა გამორიცხული სულ დოპინგის ქვეშ ყოფილიყო
inkognito
16:42 19-02-2016
0
და რა იცით, რომ თავად ეს ბიჭები არ არიან გაწირულები და ბინძური თამაშის მსხვერპლი?სხვისი განსჯა ადვილია ხომ? ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს.
თეიმურაზი
19:38 19-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული