მეტოქე: რა შანსები გვაქვს რუსებთან ევროპის ჩემპიონატზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: გენო პეტრიაშვილი
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლახან დაბრუნებულმა ჯამბულათ თედეევმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 8-13 მარტს რიგაში ევროპის ჩემპიონატში გამოვა: ჰაჯიმურატ რაშიდოვი (57), ნურგუნ სკრიაბინი (61), ისრაილ კასუმოვი (65), ზაურბეკ სიდაკოვი (70), ზაურ მაკიევი (74), შამილ კუდიამაგომედოვი (86), ანზორ ბოლტუკაევი (97), ვლადისლავ ბაიცაევი (125).

ჯერ ჩვენი ნაკრების თავკაც რევაზ მინდორაშვილს საევროპო შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა ზუსტად იმ საკვანძო წონებში ლიდერთა გამოცნობა დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ვფიქრობთ, მინსკში კარგი გამოსვლისა და დოპინგ-სკანდალის შემდეგ 61-ში მსოფლიოსა და
ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დადგება, ვისთვისაც სკრიაბინი ნამდვილად კარგი ვარიანტია.

ასევე გაუმართლა იმას, ვისაც 86-ში დააყენებენ, რადგან მეტოქედ არ ეყოლება ლამის დაუმარცხებელი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, რომელმაც ზედ იარიგინის ტურნირზე გაფრენის წინა დღეს იტკინა მუხლი.

არადა, ვგონებთ, ამ წონაში ჩვენს გუნდში საბოლოოდ გაინაღდა ადგილი დიდ სპორტში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა დავით მარსაგიშვილმა, როგორც მძიმე წონაში ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა.

მისთვისაც ბევრად იოლი ლუკმა გვგონია ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ბაიცაევი, ვიდრე - სხვა კონკურენტები. მით უფრო, ოსი ბაიცაევი მხოლოდ შარშან გადმოვიდა ამ წონაში 97-დან. ბუნებრივია, მარსაგიშვილისთვის არც ევროპის მესამეპრიზიორი კუდიამაგომედოვი იქნება იოლი ლუკმა, მაგრამ 2014 წლიდან დაუმარცხებელ სადულაევთან მისი შედარებაც არ შეიძლება.

ვფიქრობ, ჩვენი ლიდერებიდან ყველაზე მძიმე გამოცდა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ელიზბარ ოდიკაძეს ელის - ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის სპეცრაზმში გამობრძმედილი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ბოლტუკაევი ფიზიკურად ახლა გაცილებით უფრო ძლიერადაა მომზადებული, ვიდრე 2013 წელს იყო, როცა მსოფლიოზე მედალი მოიპოვა.

კრასნოიარსკში მან დამაჯერებლად დაამარცხა ორი ძლიერი ამერიკელი: მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კაილ სნაიდერსი და ასევე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჯეიკობ უორნერი. სნაიდერსმა იქ ერთხელ ფეხიდანაც აიყვანა, მაგრამ ცალ ფეხზე დამდგარმა ამხელა დაკუნთულმა გოლიათმა ისეთი სალტო გააკეთა, ბარე ორ ტანმოვარჯიშეს შეშურდებოდა, უორნერი კი ერთხელ პატარა კენჭივით დაატრიალა ჩოქბჯენში. ბოლოს ის 4-ქულიანზეც გადააგდო, თუმცა ჟღალწვერა ჩეჩენმა იქვე თავისი ბუნებაც გამოავლინა მეტოქისადმი უდიერი მოპყრობით.

ბუნებრივია, მედლის მოპოვებას არც ჩვენი სხვა ფალავნებისგან გამოვრიცხავთ, თუმცა სადღეისოდ ისინი გამოკვეთილი ლიდერები არ არიან. მით უფრო, ჯერ არც მათი ვინაობა დასახელებულა, თუმცა, ვფიქრობთ, 57-სა და 65-ში ძნელი გამოსაცნობი არაა.

განსაკუთრებით - 65-ში, სადაც ზურაბ იაკობაშვილმა საქართველოს პირველობაც დამაჯერებლად მოიგო და ახლა მინსკში 70-შიც მშვენივრად იასპარეზა, მაგრამ დებიუტანტია და გვიჭირს პროგნოზების გაკეთება.

პეტრიაშვილს გაცალოვი ჩამოშორდა?
როგორც ეტყობა, საოლიმპიადოდ მძიმე წონაში პეტრიაშვილს (ჯერ ოლიმპიურ შემადგენლობაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ გორელი აქ ლამის უკონკურენტოდ დარჩა) საბოლოოდ ჩამოსცილდა მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი, ვინც მინსკში ისევ თავის ჩვეულ წონაში - 97-ში ვიხილეთ. მან კიდეც განაცხადა, რომ არ აპირებს მძიმე წონაში დაბრუნებას.

ძნელი სათქმელია, რატომ გადაწყვიტა ისევ უკან დაწევა, რადგან ახალ წონაშიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ერთხელ კი ბრინჯაოც მოიპოვა...

ასეა თუ ისე, 34 წლის ფალავანი დღეისათვის 97-შია, სადაც რუსეთის ნაკრებში ისეთი კონკურენცია იქმნება, მტრისას - აქეთ ოსი გაცალოვი, იქით ჩეჩენი ბოლტუკაევი და დაღესტნელი ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი...

თუმცა გაცალოვის ჩამოშორებით (ვიმეორებთ - ეს ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გარკვეული) საქმე გაიუოლდება გენო პეტრიაშვილს - ოსმა ერთხელ უკვე მოუგო ჩვენებურს, როცა სწორედ გამოცდილებით და ეშმაკობით აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სანდრო ამინაშვილს რატომ არ ახსენებთ, სადაც დააყენეს შედეგი აჩვენა, საქართველოს პირველობაზე ცუდად რომ გამოვიდა, მწვრთნელებმა ხომ იციან რომ პაპა გარდაეცვალა და არ იყო მზად საჭიდაოდ
ნიკოლოზ
26 თებერვალი 2016 15:34
0
ავტორს დიდი მადლობა ყოცელთვის კარგ სტატიებს წერს ჭიდაობაზე და ძიუდოზე. ეხლაც მშვენიერი ანალიზი შემოგვთავაზა თავისუფალ ჭიდაობაზე , ჩემი აზრით, 3-4 მედლის შანსი გვაქ.მაგრამ ბერძნულ-რომაულში რა გვეშველება ?
irakli arqania
24 თებერვალი 2016 19:13
0
კადიროვმა თუ არ შეცვალა, 8-13 მარტს(ო, წერია) ზემოთ! ))))))))))
111-ს
24 თებერვალი 2016 16:39
0
როდის არის ევროპაა???
111
24 თებერვალი 2016 15:39
0
და ეს რაიმე განსაკუთრებულს ნიშნავს? რა საჭიროა ყველა წერილში ამის შესახებ განსაკუთრებით ხაზგასმულად შიშგარეული ზედმეტად აღმატებული ტონით წერა. "კადიროვის სპეცრაზმი" - ანუ ვინც იქაა "გამობრძმედილი" ყველა მაგარი მოჭიდავეა, ყველაზე ძლიერია და ა.შ.?! კომპლექსები!!!
"კადიროვის სპეცრაზმში გამობრძმედილი" -?!
24 თებერვალი 2016 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული