ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: იაკობაშვილი და ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 65 და 97 კატეგორიის ფალავნები ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრების წევრები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

იაკობიშვილი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც რუმინელი გეორგ ბუკური 4-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ თურქ მუსტაფა კაიასთან 1-7 დათმო შეხვედრა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, სადაც სლოვენიელ დავიდ ჰაბატს 6-0 სძლია. ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ის რუს ისრაელ კასუმოვს შეხვდება.

ოდიკაძემ პირველ ორ შეხვედრაში შვეიცარიელი ფილიპ ჰატერი 10-0 და სლოვაკი იოზეფ იალოვიარი 11-0
ქულების აშკარა უპირატესობით იოლად დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან 0-12 დამარცხა და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც პოლონელ რადოსლავ ბარანს 5-1 მოუგო. ბრინჯაოსთვის ქართველის მეტოქე უკრაინელი ოლიმპიური პრიზიორი ვალერი ანდრეიცევი იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება და მისთვის LIVE-ში თვალის მიდევნება შესაძლებელია ამ ბმულზე.

65 კგ
ფინალი: ფრანკ ჩამიზო (იტალია) - მუსტაფა კაია (თურქეთი)
ბრინჯაოსთვის: სემიონ რადულოვი (უკრაინა) - აგაგუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)
ბრინჯაოსთვის: ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო) - ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

97 კგ
ფინალი: ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი) - ივან იანკოვსკი (ბელორუსი)
ბრინჯაოსთვის: ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) - ვალერი ანდრეიცევი (უკრაინა)
ბრინჯაოსთვის: მიხეილ ჩიქოვანი (საბერძნეთი) - ერიკ ტიელე (გერმანია)

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაო დავით მარსაგიშვილმა (86) მოიპოვა.

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული